Accessibility links

ნატო-საქართველოს ”გაფერმკრთალებული” კვირეულის ზოგიერთი ასპექტი


საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურმა დაპირისპირებამ ერთგვარად გააფერმკრთალა საქართველო-ნატოს კვირეული, რომელსაც წინა წლებში მთავარი საინფორმაციო დატვირთვა ჰქონდა. თითქმის შეუმჩნეველი დარჩა ბრიუსელში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის მორიგი სხდომის შედეგები და ასევე საქართველოში სტუმრად მყოფი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შეხვედრები როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

საქართველო-ნატოს კომისიის მორიგი სხდომა ბრიუსელში ალიანსთან ურთიერთობის ახალი პროგრამის საბოლოო ვარიანტის შემუშავებას მიეძღვნა. 2008 წლის დეკემბერში ნატოს მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო და უკრაინა ჩრდილოატლანტიკურ კავშირთან ყოველწლიური ეროვნული პროგრამით გააგრძელებენ თანამშრომლობას იმ დრომდე, ვიდრე არ მიაღწევენ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღების სტანდარტებს. თუმცა არც ყოველწლიური ეროვნული პროგრამის მიღება ყოფილა იოლი. მის შემუშავებას თითქმის 6 თვიანი მუშაობა დასჭირდა და, როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი მუჩაიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მალე ხელიც მოეწერება:
”ნატოში განხილული ყოველწლიური ეროვნული პროგრამა საკმაოდ პოზიტიურად მიიღეს ჩვენმა ნატოელმა პარტნიორებმა. გამოითქვა გარკვეული რეკომენდაციები. მიმდინარეობს მუშაობა. ეს რეკომენდაციები მისაღებია და, რა თქმა უნდა, შევა [პროგრამაში] და საბოლოოდ წარდგენილი იქნება [მაისში]. რაც შეეხება დოკუმენტის იმპლემენტაციას, თავდაცვის სამინისტროს ზოგიერთი საკითხის მიმართულებებში იმპლემენტაცია უკვე დაწყებული აქვს.”

სამხედრო უწყებაში მიმდინარე რეფორმები მხოლოდ ერთი ნაწილია იმ ვალდებულებისა, რომელიც, სავარაუდოდ, ასახვას პოვებს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში. ალიანსი საქართველოსგან ასევე მოელის პროგრესის მიღწევას მართლმსაჯულების, სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების საქმიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ამ მხრივ ალიანსის ხელმძღვანელობას რეკომენდაციებს მიაწვდიან ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები, რომლებიც მეოთხე დღეა იმყოფებიან საქართველოში და აქტიურ შეხვედრებს მართავენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. 7 მაისს ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველო ნატოში” დირექტორი, პოლიტოლოგი შალვა ფიჩხაძე. ის ჰყვება იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წინა ანგარიშებში აისახა:

”რეკომენდაციების მიხედვით, ნატომ სასამართლო ხელისუფლების რეფორმაზე უნდა გააკეთოს აქცენტი, იმიტომ რომ ეს არის ხარვეზი საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში. იყო ხოლმე სიტყვის თავისუფლებაზე რეკომენდაცია, რომ ნატომ ამას მიაქციოს ყურადღება. ნატომ ხელი არ უნდა შეუწყოს საქართველოში გაზრდილ მოლოდინს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხელისუფლება კულტივირებს გაზრდილ მოლოდინებს და ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს იმედგაცრუება მოსახლეობაში.”

თუმცა საქართველოში აღარც ხელისუფლებას და აღარც მოსახლეობას აღარა აქვს დიდი მოლოდინი ნატოში გაწევრიანებისა. მას შემდეგ, რაც გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებაზე უარი ეთქვა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთხანს საერთოდ მოუკლო ნატოში გაწევრიანებაზე ლაპარაკს. ხოლო პერმანენტული დაძაბულობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომლის რიგებში მრავლად არიან პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსები,მოსახლეობაში დაბნეულობას იწვევს. ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგად, ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის 66 პროცენტი ემხრობა, რაც 10 პროცენტით ნაკლებია იმ მაჩვენებელზე, რომელიც 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარებულმა პლებისციტმა აჩვენა.
XS
SM
MD
LG