Accessibility links

logo-print

ინციდენტების პრევენციის მექანიზმთან დაკავშირებული შეხვედრა გადაიდო


ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია გამოხატავს სინანულს იმის გამო, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში შეთანხმებული მეორე შეხვედრა გადაიდო ერთი მხარის მიერ პოზიციის შეცვლის გამო. მოგვიანებით დაზუსტდა, რომ ეს ”ერთი მხარე” ოსური მხარეა, რომელმაც უარი შეხვედრის ადგილის გამო თქვა. გადადებული შეხვედრა კი რიგით მეორე უნდა ყოფილიყო ინციდენტების აღკვეთის მექანიზმის შემუშავების ფარგლებში და ის 7 მაისს გორის რაიონის სოფელ ტირძნისში უნდა გამართულიყო, ცხინვალიდან სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლება ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად ცდილობს სამშვიდობო პროცესი ჩაშალოს და რუსეთის ინტერესების მიხედვით იმოქმედოს - 5 მაისს ცხინვალში არ შეუშვეს ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეები. რას ნიშნავს ამგვარი აქტიურობა და ემუქრება თუ არა ჩაშლის საფრთხე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესს?

ჩაშლილი შეხვედრა 7 მაისს, დილის 11 საათზე, გორის რაიონის სოფელ ტირძნისის მუნიციპალურ შენობაში უნდა გამართულიყო, მაგრამ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ შეხვედრის ადგილი დაიწუნა. სეპარატისტული რეგიონის საინფორმაციო წყაროები ავრცელებენ დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის პოსტკონფლიქტურ საკითხებში ბორის ჩოჩიევის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ოსური მხარე შეხვედრის ჩატარებას ითხოვდა სოფელ ერგნეთში, როგორც ადმინისტრაციული საზღვრის უშუალოდ მოსაზღვრე ტერიტორიაზე. იმავე განცხადების მიხედვით, შეხვედრის ჩაშლაში ჩოჩიევი ადანაშაულებს ქართულ მხარეს და ევროკავშირის მისიას საქართველოში. იქვე ნათქვამია, რომ 23 აპრილს ჩატარებულ პირველ შეხვედრაზე მომდევნო შეხვედრის ადგილად სწორედ სოფელი ერგნეთი დასახელდა, ხოლო შემდეგ ეს გადაწყვეტილება ვიღაცებმა თვითნებურად შეცვალეს. ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის მიერ 7 მაისს გავრცელებული განცხადების მიხედვით კი, 23 აპრილს გამოთქმული პოზიციები ”შეხვედრის შესაფერისი ადგილის თაობაზე” თავად ოსურმა მხარემ შეცვალა. ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია დიდ იმედს გამოთქვამს, რომ შეხვედრა, რომელსაც, დაძაბულობის შემცირების თვალსაზრისით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, უახლოეს მომავალში შედგება.

უფრო მეტი ოპტიმიზმი იყო გამოხატული 23 აპრილს, როცა ინციდენტების აღკვეთის მექანიზმის ფარგლებში დაპირისპირებული მხარეები სოფელ ერგნეთში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელი ჰანს-იორგ ჰაბერი 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ინტერესებზე საუბრობდა:

”განვიხილეთ პროცედურული საკითხები. ვერ შევძელით ყველა მათგანზე შეთანხმების მიღწევა, მაგრამ შევთანხმდით, რომ ამ მექანიზმის ამოქმედების მიმართ ერთობლივი ინტერესი არსებობს, აგრეთვე, რომ შემდეგი შეხვედრა მაისის დასაწყისში გაიმართება. ვფიქრობ, სირთულეების მიუხედავად, შეხვედრაზე იგრძნობოდა ერთობლივი სულისკვეთება, რომ უნდა მივაღწიოთ პროგრესს ამ მექანიზმის შექმნაში, რადგანაც ეს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესებშია. მე ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ, მიუხედავად იმისა, რომ პროცედურულ საკითხებზე მსჯელობისას გარკვეული სირთულეები წარმოიშვა.”

მაისში დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა ჰანს იორგ-ჰაბერმა ასეთი ოპტიმიზმით ახსენა, სწორედ ის ჩაშლილი შეხვედრაა, რომელიც 7 მაისს უნდა გამართულიყო. მომდევნო შეხვედრის ბედი გაურკვეველია, მით უმეტეს, იმ მწვავე განცხადებების ფონზე, რომლებიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან გამუდმებით ისმის საერთაშორისო თანამეგობრობის მისამართით. მაგალითად, 7 მაისის განცხადებაში ევროკავშირის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს ბორის ჩოჩიევი საქართველოს იარაღით აღმჭურველ და აგვისტოს აგრესიის მხარდამჭერ ძალებად მოიხსენიებს. 5 მაისს კი ცხინვალში არ შეუშვეს ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს საგანგებო წარმომადგენლები. საუბარია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა პროცესის თანათავმჯდომარეებზე: გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენლზე - იოჰან ვერბეკეზე, ეუთოს საგანგებო წარმომადგენელზე - ხარლამპოს ხრისტოპულოსსა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელზე პიერ მორელზე. კოლეგების სახელით, 5 მაისს საგანგებო განცხადება რადიო თავისუფლებასთან სწორედ პიერ მორელმა გააკეთა:

”ჩვენ, როგორც თანათავმჯდომარეები, გამოვხატავთ სინანულს იმ ფაქტის გამო, რომ ცხინვალში დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა იმგვარი წინაღობების გამო, რასაც ზეგავლენა არ მოუხდენია ჩვენს ადრინდელ ოთხ ვიზიტზე ცხინვალში. ჩვენ, როგორც თანათავმჯდომარეები, კვლავაც მოველით, რომ მონაწილეებს სამხრეთ ოსეთიდან შევხვდებით ჟენევაში, საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე, რომელიც ჟენევაში 18-19 მაისს უნდა გაიმართოს.”

ცხინვალის წინააღმდეგობათა ფორმები ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელს პიერ მორელს არ დაუკონკრეტებია, თუმცა მიზეზებს ხსნის განცხადება, რომელიც ბორის ჩოჩიევმა ერთი დღით ადრე, 4 მაისს, გააკეთა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელმა ოსურ საინფორმაციო სააგენტო ”რეს”-ს განუცხადა, რომ ცხინვალის ხელისუფლება ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეებს მიიღებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კოკოითის ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ტრანსპორტით შევიდოდნენ და არა ეუთოს ავტომანქანებით. ხოლო თუკი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, ცხინვალის ხელისუფლება ამას ”დიდ ტრაგედიად არ ჩათვლიდა.”

არის თუ არა ეს წასვლა ჟენევის მოლაპარაკებათა საერთაშორისო პროცესის წინააღმდეგ? კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ სეპარატისტული ხელისუფლება მოსკოვის მითითებებით მოქმედებს და პროცესის ჩაშლას ცდილობს:

”არასასიამოვნო პროცესებისკენ მიდის ყველაფერი, ანუ რუსეთი, როგორც ჩანს, დაინტერესებულია, რომ ეს ფორმატი, საბოლოო ჯამში, ან დაიხუროს, ან ამოწუროს თავისი რესურსები. მე მგონია, ეს შეგნებულად გადადგმული ნაბიჯებია. არა მარტო ოსური მხარე, არამედ აფხაზურმა მხარემაც შეიძლება უარი თქვას... ”

ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომლის მე-5 რაუნდიც 18-19 მაისს უნდა გაიმართოს, სკეპტიკურ დამოკიდებულებას ავლენს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაც. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების მიხედვით, სოხუმი უშედეგო მოლაპარაკებების აზრს ვერ ხედავს.

თბილისი კი იმედოვნებს, რომ ჩავლენ თუ არ ჩავლენ სეპარატისტები ჟენევაში, მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება და თანდათან კონკრეტული შედეგებიც გამოიკვეთება.
XS
SM
MD
LG