Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციამ სააკაშვილთან შეხვედრა მოითხოვა


ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია
6 მაისის დაძაბული ღამის შემდეგ პოლიტიკური ლიდერების ნაწილი ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის აუცილებლობაზე საუბრობს. ეს განცხადება 7 მაისს ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა. პრეზიდენტთან შეხვედრა მოითხოვა ”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმაც. 7 მაისსვე სამოქალაქო საზოგადოების ნდობის ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა შეწყვიტოს ვიზიტი ჩეხეთში, დაბრუნდეს საქართველოში და მოუსმინოს საზოგადოებას.

6 მაისის ღამე პოლიციის სამმართველოსთან, რომელიც ოპოზიციის ლიდერებს და მათთან მყოფ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებით დასრულდა, უკვე შეფასდა როგორც პოლიტიკური კრიზისის ერთგვარი პიკი. 7 მაისს “9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის” წევრები მელორ ვაჩნაძე, გიორგი ონიანი და რევაზ რევაზიშვილი, რომლებიც ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტ ნიკა ავალიანზე თავდასხმისათვის დააკავეს, საპატრიარქოს ჩარევის შემდეგ, პოლიციამ გაათავისუფლა. შსს-მ დღის განმავლობაში გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ მათ დაზიანებები აღენიშნებოდათ, თუმცა სამინისტრომ მომხდარი policiis mTavar samმarTveloze Tavdasxmad შეაfasა.

დაშავებულია რამდენიმე პოლიტიკური ლიდერიც. ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 6 მაისის ღამეს უმძიმესი უწოდა და თქვა, რომ ქვეყანაში უნდა შეწყდეს ძალადობა, რაც ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრის გზით უნდა განხორციელდეს:

” ქვეყანა მართლაც დგას კატასტროფის წინაშე. ამიტომ ერთადერთ გამოსავლად ამ შექმნილი ვითარებიდან მივიჩნევ, რომ ძალადობა უნდა შეწყდეს და ეს განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის გზით. უახლოეს პერიოდში მზად ვართ ასეთი შეხვედრა შედგეს და განვიხილოთ ქვეყნის ამ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის გზები.”

ანალოგიური ინიციატივით გამოვიდა ”საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილიც:

”ბოლო დროს მომხდარი ყველა ინციდენტი გვარწმუნებს იმაში, რომ ვითარება არის უმძიმესი და აუცილებელია გაიღვიძოს სააკაშვილმა, გაიგოს რა ხდება, თავისი შეფასება გააკეთოს, შეგვხვდეს, როგორც ამას ამდენი ხანია ვითხოვთ და გვითხრას, როგორ ხედავს ამ კრიზისიდან გამოსავლის გზებს.”

პრეზიდენტთან დაუყოვნებლივ შეხვედრა მოითხოვა ”თავისუფალი აზრის სახლში” შეკრებილმა სამოქალაქო საზოგადოების ნდობის ჯგუფმა, რომლის ერთ-ერთმა წევრმა, თენგიზ ფხალაძემ, საგანგებო განცხადება წაიკითხა, სადაც პრეზიდენტს ვიზიტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, საქართველოში დაბრუნება და საზოგადოებასთან შეხვედრა მოსთხოვა.

ნდობის ჯგუფის წევრები პოლიციის სამმართველოსთან მომხდარსაც გამოეხმაურნენ. სამართლებრივი შეფასება ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ პოლიციამ გამოიყენა რეზინის ტყვიები, რისი გამოყენების უფლებაც მათ კანონით არ ჰქონდათ:

”თუ მომხდარ ფაქტს კონტექსტიდან ამოგლეჯილად შევაფასებთ და წარმოვიდგენთ, რომ აბსოლუტურად გამართულ, დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც დროშებიანი ადამიანები მიდიან და ბრალდებულის გათავისუფლებას ცდილობენ პოლიციის განყოფილებიდან, მე ვიტყოდი, რომ ეს სცილდება კანონის ფარგლებს. მაგრამ თუ ჩვენ ამას შევაფასებთ კონტექსტში, როდესაც, 9 აპრილიდან მოყოლებული, უამრავ ადამიანს სცემეს და არავინ დაისაჯა... ჩვენც დავგმეთ ჟურნალისტზე თავდასხმა, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ ისინი უნდა დაეკავებინათ როგორც ტერორისტები. და კიდევ, მთელმა საზოგადოებამ ნახა, ეს ადამიანები იყვნენ ნაცემები. ამ ფონზე მე უკვე მესმის საზოგადოების გულისწყრომის. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ყოველგვარი ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი.”

პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ კი პოლიციის სამმართველოსთან განვითარებული მოვლენების შეფასებისას ეჭვი გამოთქვა, რომ პოლიციის ასეთი მზადყოფნა და ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დილით მომხდარი ინციდენტი შემთხვევითობა არ იყო:

”ყველა ოპოზიციური ლიდერი ამ რეზინის ტყვიებით იყო დაზიანებული. ეს ნიშნავს, რომ ტყვიებით მოგერიება შეტევისა არ ყოფილა, იმიტომ რომ ეს ოპოზიციური ლიდერები ღობეზე არ გადამძვრალან, გადაძვრა მხოლოდ ”უცნობი”, ისიც ქაღალდით, რომელსაც სურდა მიეტანა პროტესტი პოლიციასთან. ესე იგი ეს იყო თავიდანვე ჩაფიქრებული სადამსჯელო ოპერაცია, ისე აწყობილი, რომ ოპოზიცია მისულიყო ღობესთან და არა პოლიცია საკნებთან. პოლიციის ასეთი მომზადება საეჭვოს ხდის, რომ ჟურნალისტის ცემა - დილის ინციდენტს ვგულისხმობ - იყო შემთხვევითი.”

დღის მანძილზე კომენტარები კეთდებოდა ხელისუფლების მხრიდანაც. უმრავლესობის ლიდერები გმობდნენ სახელმწიფო დაწესებულების აღების მცდელობას. ერთ-ერთმა მათგანმა, პეტრე ცისკარიშვილმა, ისიც თქვა, რომ თუ მსგავსი რამ კვლავ განმეორდება, სახელმწიფო ადეკვატურ ძალას გამოიყენებს:

”მათ გადაწყვიტეს შევარდნილიყვნენ და დაერბიათ პოლიციის შენობა, რასაც, რა თქმა უნდა, სახელმწიფო არ მოითმენდა.”
მთავარი მოლოდინი კი, რაც ახლა პოლიტიკოსებსა და საზოგადოებაში არსებობს, ოპოზიციისა და მიხეილ სააკაშვილის რაც შეიძლება მოკლე ვადაში შეხვედრა და დიალოგის გამართვაა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG