Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონმა და ლავროვმა საქართველოზე ისაუბრეს


ხუთშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ვაშინგტონში შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა. ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ჰილარი კლინტონმა განაცხადა: ”ერთმანეთს მოსაზრებები გავუზიარეთ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე - დაწყებული ავღანეთიდან, ჩრდილოეთი კორეის, ახლო აღმოსავლეთის, ირანისა და ბევრი სხვა სფეროს ჩათვლით, სადაც ჩვენ საერთო ინტერესები და საერთო შეშფოთება გვაქვს, იმ სფეროებშიც კი, რომლებზეც ჩვენი აზრი შეიძლება განსხვავდებოდეს. ორივეს გვსურს სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევა საქართველოში. ორივეს გვსურს ნატო-რუსეთის საბჭოს გზით გაიხსნას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არხი დიალოგისთვის” - განაცხადა კლინტონმა.

ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს შესახებაც დაისვა შეკითხვა - ”ხართ, თუ არა შეშფოთებული საქართველოში რუსეთის როლის გამო, მისი გავლენის სფეროს არსებობის გამო?” - ეს იყო ”როიტერის” კორესპონდენტი შეკითხვა ჰილარი კლინტონისადმი. მანვე ლავროვს ჰკითხა: ”საქართველოში ნატოს ეგიდით მიმდინარე სწავლება და შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ ხომ არ დააზარალებს იარაღის კონტროლზე (როგორიც არის ”სტარტი”) მიმდინარე მოლაპარაკებებს?”.

ნაწყვეტი ჰილარი კლინტონის პასუხიდან: ”ჩვენ რამდენჯერმე გამოვხატეთ შეშფოთება საქართველოს გამო. გვქონდა საშუალება განგვეხილა ადგილზე არსებული ვითარება და გვემსჯელა სტაბილურობის საჭიროებაზე. და მჯერა, რომ მინისტრი ლავროვი, ისევე როგორც რუსეთის მთავრობა აღიარებს, რომ სტაბილურობა საქართველოში და იქ არსებული დაძაბულობის მშვიდობიანი გზით გადაჭრა ყველას ინტერესშია. თუმცა, ვფიქრობ, მოძველებულია მიდგომა - თუკი ერთ სფეროში უთანხმოება გვაქვს, არ უნდა ვიმუშაოთ ისეთ სფეროებზე, რომლებიც საყოველთაო მნიშვნელობის არის. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ”.

სერგეი ლავროვის პასუხი ”როიტერის” ჟურნალისტის შეკითხვაზე ასეთი გახლდათ: ”მხოლოდ იმის დამატება შემიძლია, რომ სტრატეგიული თავდასხმის იარაღის შემდგომი შემცირების ამოცანა ერთობ მნიშვნელოვანია როგორც რუსეთისთვის, ისე აშშ-სთვის და მთელი მსოფლიოსთვის იმისთვის, რომ ეს საკითხი დედამიწაზე არსებული ცალკეული რეჟიმის მძევლად ვაქციოთ. რაც ეხება ვითარებას კავკასიაში, განსაკუთრებით - სამხრეთ კავკასიაში, დღეს ამაზე ვიმსჯელეთ. მართლაც, ჩვენ გვაქვს აშკარად განსხვავებული მიდგომები. ამას არ ვმალავთ. მაგრამ, ვთანხმდებით ერთ რამეზე: ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ იქ სტაბილურობას მივაღწიოთ. სწორედ ეს განაცხადა ახლა სახელმწიფო მდივანმა. ჩვენ ასევე ვთანხმდებით, რომ ყველა შესაძლო გზით ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რომ თავიდან ავიცილოთ ეთნიკური დაძაბულობის ნებისმიერი სახის ახალი აფეთქება. რასაკვირველია, საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაეროს ჩათვლით, შეუძლიათ თავიანთი როლის შესრულება. გაერო კარგა ხანია მუშაობს საქართველოსა და აფხაზეთში. რასაკვირველია, ეუთომაც უნდა შეასრულოს თავისი როლი. ის არ უნდა იყოს უგულებელყოფილი. ვენაში დაგეგმილი მოლაპარაკებები, რომლის მიზანიც ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებების მიღწევაა, შესაძელებელს გახდის ეუთოს ყოფნის განახლებას. სამხრეთ ოსეთში, რასაკვირველია, გვჭირდება იმ პარამეტრების გამონახვა, რომლებიც მისაღები იქნება ყველასთვის, ვინც იქ თავის მისიას შეასრულებს და მათთვის, ვინც მიიღებს შესაბამის მისიებს შესაბამის ტერიტორიებზე” - განაცხადა ლავროვმა.
XS
SM
MD
LG