Accessibility links

logo-print

პრაღის სამიტზე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე იმსჯელეს


პრაღის სამიტის მონაწილეები

პრაღის სამიტის მონაწილეები

8 მაისს პრაღაში გაიმართა სამიტი სახელწოდებით ”სამხრეთის დერეფანი - ახალი აბრეშუმის გზა”. სამიტის მთავარი თემა ენერგეტიკა - ბუნებრივი აირი იყო. მიზანი კი ევროკავშირსა და მის რვა სამხრეთელ მეზობელ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობაზე გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევა იყო. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც.

ევროკავშირსა და მის რვა სამხრეთელ მეზობელს შორის ამ ახალმა პარტნიორობამ ევროკავშირს რუსეთის გვერდის ავლით გაზის მიღების წყარო უნდა შეუქმნას. რვა ქვეყანას კი - იქნება ეს გაზის მწარმოებელი თუ ტრანზიტული ქვეყნები, მაგალითად, საქართველო - მნიშვნელოვანი ფინანსური მოგება უნდა მოუტანოს. გაზით მომარაგების უზრუნველყოფის სანაცვლოდ ევროკავშირი ამ ქვეყნებს ვაჭრობის ინტენსიფიკაციას და უფრო მჭიდრო სატრანსპორტო კავშირებს ჰპირდება.

საქართველოს გარდა, სამხრეთელი მეზობლების სიაში არიან
აზერბაიჯანი, თურქეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ეგვიპტე და ერაყი. შეხვედრას ასევე დამკვირვებლის ფუნქციით ესწრებოდნენ შეერთებული შტატები, რუსეთი და უკრაინა.

საყურადღებოა, რომ მიღწეულ შეთანხმებას ხელი ყველა ქვეყანამ არ მოაწერა. ევროპის გარდა, ხელმომწერთა შორის არიან მხოლოდ საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ეგვიპტე. მაგრამ როგორც ევროკომისიის თავმჯდომარემ, ჟოზე მანუელ ბაროზუმ განაცხადა პრესკონფერენციაზე, ამ ეტაპზე შუა აზიის ქვეყნებისგან შეთანხმებაზე ხელის მოწერას არც არავინ ელოდა. მთავარი ის არის, რომ ამ ქვეყნების როლი და ფუნქციები მკაფიოდ არის განსაზღვრული შეთანხმების ტექსტში: “მწარმოებელმა ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ დერეფანს, და ევროკავშირს გაზის განსაზღვრულ რაოდენობას გამოუყოფენ, რაც დროში ზუსტად იქნება გაწერილი; ტრანზიტულმა ქვეყნებმა გაზის გატარების გრძელვადიანი, გამჭვირვალე და წინასწარ განსაზღვრული რეგულაციების შემოღების პირობა დადეს, რაც, თავის მხრივ, დასაბამს მისცემს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას; მიმღებმა ქვეყნებმა კი განაცხადეს, რომ მოთხოვნილება ერთიანი და სტაბილური იქნება,” განაცხადა ბაროზუმ.

ევროკავშირი უკვე წლებია, რაც გაზის მიღების გზების დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა ჯერჯერობით ამ დისკუსიას კონკრეტული შედეგი არ მოუტანია. ეს აუცილებლობა კიდევ უფრო აშკარა გახდა გასული ზამთრის მერე - მას შემდეგ, რაც რუსეთსა და ტრანზიტულ უკრაინას შორის გაზის ფასზე უთანხმოებამ ევროპაში ბევრი სახლი გათბობის გარეშე დატოვა. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი კიდევ ერთი ფაქტორი იყო, რომელმაც ევროკავშირს რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხის შემცირებისკენ უბიძგა.

პრაღის სამიტში მონაწილე ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ კასპიის აუზის რეგიონის გაზის ევროპაში ჩასატანად დაგეგმილ გაზსადენებს და სატრანსპორტო მარშრუტებს აღმოუჩენენ ”აუცილებელ პოლიტიკურ მხარდაჭერას” და, რამდენადაც საჭირო იქნება, მშენებლობის პროცესს ტექნიკურად და ფინანსურადაც დაეხმარებიან.

მთლიანობაში, რუსეთის გვერდის ავლით ევროკავშირის გაზით მომარაგების პერსპექტივა სამ პროექტს ითვალისწინებს. პირველია 10 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი “ნაბუკო”, რომელმაც 2013 წლისთვის კასპიის ზღვის რეგიონი, ახლო აღმოსავლეთი და ეგვიპტე თურქეთის გავლით ევროკავშირთან უნდა დააკავშიროს. მეორე პროექტია საბერძნეთის გავლით თურქეთისა და იტალიის დამაკავშირებელი სადენი. მესამე კი - ”თეთრ ნაკადად” წოდებული სადენი, რომელიც საქართველოს და რუმინეთს შავი ზღვით დააკავშირებს ერთმანეთთან.

თუმცა, როგორც პარასკევს გამართული პრესკონფერენციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ევროკავშირის ამჟამინდელი პრეზიდენტი ქვეყნის, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, მირეკ ტოპოლანეკმა განაცხადა, იმისათვის, რომ პროექტი ეფექტიანად განხორციელდეს, კარგი იქნება თუკი ევროკავშირი თავდაპირველად ერთ პროექტზე, მაგალითად, “ნაბუკოს” გაზსადენზე მოახდენს კონცენტრაციას.

დღესდღეისობით ევროკავშირში გაზის იმპორტის 40 პროცენტი რუსეთიდან ხორციელდება. ექსპერტებიც და პოლიტიკოსებიც თანხმდებიან, რომ რუსეთი მომავალშიც მთავარ მიმწოდებლად დარჩება. თუმცა გაზის წყაროთა დივერსიფიკაცია და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება ევროპისთვის მაინც მნიშვნელოვან ამოცანად რჩება.

ამ პროქეტებს, ცხადია, რუსეთი ენთუზიაზმით არ ეკიდება - როგორც პრაღაში პრესკონფერენციაზეც აღინიშნა, რუსეთს სურს, ყველა გაზსადენმა მის ტერიტორიაზე გაიაროს. თუმცა ჟოზე მანუელ ბაროზუმ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის მხრიდან თანამშრომლობის მიღწევა მოხერხდება. მისი თქმით, შემდეგი სამიტი სწორედ რუსეთში გაიმართება და ის იმედოვნებს, რომ უკვე ამ შეხვედრაზე გამოიკვეთება პოზიტიური ნიშნები.
XS
SM
MD
LG