Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელორ ვაჩნაძე კვლავ აღმოჩნდა პოლიციის ყურადღების ცენტრში


მელორ ვაჩნაძე
მელორ ვაჩნაძე
”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტის ნიკა ავალიანის ცემის ფაქტზე დაკავებული სამი ახალგაზრდიდან ერთ-ერთი, მელორ ვაჩნაძე, გათავისუფლებიდან ათიოდე საათში კვლავ პოლიციის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. საქმე ეხება ინციდენტს, რომელიც 8 მაისის ღამით მოხდა. საქმეზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს.
ისევე როგორც ბოლო დროს მომხდარ თითქმის ყველა ინციდენტზე, ამ საქმის დეტალების შესახებაც ორი, ურთიერთგამომრიცხავი, ვერსია ვრცელდება.

პოლიციის ვერსიის თანახმად, მელორ ვაჩნაძემ პოლიციის ყურადღება მიიპყრო იმით, რომ ავტომანქანა გზის საპირისპირო მიმართულებით მიჰყავდა გადაჭარბებული სიჩქარით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის თანახმად, საპატრულო პოლიცია ავტომანქანას დაედევნა და მძღოლს ავტომანქანის გაჩერება მოსთხოვა. მძღოლი პატრულს არ დაემორჩილა, სვლა ტელევიზიის მიმართულებით განაგრძო და საკნებთან გაჩერდა. ადგილზე დადგინდა სწორედ, რომ მანქანას მელორ ვაჩნაძე მართავდა. აქციის მონაწილეები, შოთა უტიაშვილის თქმით, პოლიციას აგრესიით შეხვდნენ და ერთ-ერთი თანამშრომლისთვის იარაღის წართმევასაც შეეცადნენ. ”ამ დროს მოხდა შემთხვევითი გასროლა, რის შედეგადაც, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა”, -ამბობს შოთა უტიაშვილი და განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმე დაუმორჩილებლობის ფაქტზეა აღძრული.

თავად მელორ ვაჩნაძე კი, რომელიც, რევაზ რევაზიშვილსა და გიორგი ონიანთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ჟურნალისტ ნიკა ავალიანის ცემის გამო დააკავეს, ხოლო 6 მაისს ოპოზიცია და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა, ამ დროისათვის თავს უსაფრთხო ადგილს აფარებს. მისი მეგობრები, კერძოდ, ”9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის” ერთ–ერთი ლიდერი დაჩი ცაგურია მიიჩნევს, რომ მელორ ვაჩნაძის სიცოცხლეს 8 მაისს მომხდარი ინციდენტის შემდეგ საფრთხე ემუქრება. ამ ინციდენტს კი ცაგურია შემდეგნაირად აღწერს:

” მელორს აედევნა BMW-ს ტიპის მანქანა და იარაღის ჟესტით აჩვენა, რომ გაეჩერებინა. მელორი გაიქცა, მას ეს მანქანა გამოედევნა პატრულთან ერთად. გზაში რამდენიმე გასროლა იყო და მანქანიდან მის გადმოთრევას ცდილობდნენ. ბოლოს ტელევიზიასთან მივარდა.”

დაჩი ცაგურიას განმარტებით, საქმეში ჩაერივნენ აქციის მონაწილეები, რის გამოც პატრული იძულებული გახდა ტერიტორიას გარიდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად კი, პატრული ვითარების დაძაბვას მოერიდა და შეგნებულად აარიდა თავი ტელევიზიის წინ შეკრებილი მოქალაქეების აგრესიას, თუმცა შეძლო იმ კუთვნილი ტაბელური იარაღის შენარჩუნება, რომლის წართმევასაც აქციის მონაწილეები ცდილობდნენ.

დაჩი ცაგურია ამბობს, რომ მელორ ვაჩნაძე იდევნება იმის გამო, რომ დაკავების დროს დუმილის უფლება შეინარჩუნა, გათავისუფლების შემდეგ კი კვლავ ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებში ჩადგა. თუმცა, როგორც ჩანს, 8 მაისის ინციდენტის შემდეგ, მას ჩვენების მიცემა ამჯერად კიდევ ერთხელ, უკვე პატრულისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე მოუწევს. საქმეს, თავის მხრივ, სწავლობს სახალხო დამცველის აპარატიც. სახალხო დამცველის მონიტორები ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდნენ.
XS
SM
MD
LG