Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 8 მაისი 2009


”აქედანაც აგრესია და იქიდანაც. არც ერთი მხარე არ არის ორიენტირებული პოზიტივზე... ერთადერთი ორიენტირი - ძალადობაა”, – ”24 საათში” წერს ლაშა ბუღაძე და განაგრძობს, - ”სიმშვიდე და რაციონალიზმი არააქტუალურია, კომპრომისისკენ მოწოდება - ღალატი და სისუსტის მაჩვენებელი. ერთმანეთისკენ ისე იშვერენ ხელებს, გეგონება, სხვადასხვა ხალხი იყვნენ... ჩვენ ხომ ავადმყოფური ამბიციებით დაავადებული ერი ვართ. სინამდვილეში გვეზიზღება ეს ქვეყანა... გვძულს ეს გაუგებარი საქართველო... იმდენად აქტუალურად გვეჩვენება ჩვენი ამწუთიერი სიბრაზე, რომ შეგვიძლია ქვეყანაც გადავაყოლოთ ამას... განა ყოველთვის ასე არ იყო? ოღონდ კი სრულად შევინარჩუნოთ ძალაუფლება, ყველაფერზე წამსვლელები ვართ!” - წერს ლაშა ბუღაძე საავტორი სვეტში, სათაურით ”უბედნიერესი ერი”, რომელიც ”24 საათში” გამოქვეყნდა.

თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მომხდარს დღეს არაერთი გაზეთი იხსენებს. ამ ამბის შემდეგ პირველად გამოვიდა გაზეთი ”ვერსია”, რომლის ფოტოკორესპონდენტ ანი ხავთასს ორი დღის წინ, დაპირისპირების კადრების გადაღებისას, ტყვიამ ლოყა გაუგლიჯა. ”ვერსია” მკითხველს დღეს სთავაზობს რეპორტაჟს, მრავალი ფოტოს თანხლებით. სათაურია ”დემოკრატიის დღესასწაული”: ”გალიიდან ნაშიმშილარი მხეცივით გამოვარდა, ტრიბუნაზე აიჭრა, ”წავედით, ის ბავშვები დავიხსნათ” - იღრიალა და ქალაქის ქუჩებში რამდენიმე ასეულ მხარდამჭერთან ერთად გაიშლიგინა”, - ასე იწყება რეპორტაჟი, რომელშიც ვკითხულობთ: ”ლიდერებთან ბოდიში მომითხოვია, მაგრამ იმ ”სამართლიან” შეჩვენებულებს რა ღმერთი გაუწყრათ, პირველი არხის ჟურნალისტ გოგონას თვალი რომ გამოსთხარეს, ”კავკასიის” ოპერატორს - ყური და ”ვერსიის” ფოტოკორესპონდენტს, ანი ხავთასს, ტყვიით ლოყა გაუგლიჯეს. ანი სასწრაფო დახმარების მანქანამდე ფეხნაღრძობმა სანდრო ბრეგაძემ სულ ქშენა-ქშენით მიიყვანა და დიდი პატივით ჩასვა იმ მანქანაში, სადაც ასევე დიდი პატივით გაგვამგზავრეს შუბლზე სიმპათიურნახვრეტიან გია მაისაშვილთან ერთად”, - წერს ”ვერსიის” კორესპონდენტი, რომლის რეპორტაჟიც ასე მთავრდება: ”დასასრულს, დემოკრატიამ მესამედ პარლამენტის წინ იზეიმა, როცა ხუთნაკერდადებული ანი ხავთასი, როგორც იქნა, რესპუბლიკური საავადმყოფოდან გამოვიხსენით, ტრიბუნაზე მდგომი ახალგაღვიძებული ზოგიერთი ლიდერი კი მთელი ღამე სინდის-ნამუსს გვირცხვენდა, იმ ”სისხლიან გიორგობაზე” გვიამბობდა, თვითონ რომ ეძინათ, პირველმა ტალღამ ჩვენს ზურგზე გადაიარა და პარლამენტის წინ გამოცხადებას გვთხოვდნენ”, – წერს ”ვერსიის” კორესპონდენტი 6 მაისის ღამის მოვლენებზე.

”რეზონანსი” საპარლამენტო უმრავლესობის წევრ შოთა მალაშხიას გაესაუბრა. დეპუტატი ამბობს: ”რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ვფლობ. თუ ეს მოხდა, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნებოდა. სახელმწიფო დაწესებულებებს სრული უფლება აქვთ არა მხოლოდ შიდა პერიმეტრი დაიცვან, არამედ ამ სტრუქტურებზე თავდასხმა არ მოხდეს. ჩვენ ყველა სახელმწიფო დაწესებულებას მხოლოდ შიგნიდან ვიცავთ.” ”რეზონანსშივე” წაიკითხავთ ინტერვიუს ადვოკატ ბესო ბოჭორიშვილთან, რომელიც გაზეთის კორესპონდენტს უყვება, თუ როგორ სცემეს 6 მაისს პოლიციელებმა. ადვოკატმა ხალხისგან შეიტყო, რომ 15 წლის ბიჭი პოლიციელებმა ცემით შეათრიეს ეზოში და არავინ არაფერი იცოდა. ადვოკატმა სამართალდამცავებს სავარაუდო დაკავებულის სანახავად შეშვება სთხოვა. მონათხრობის მიხედვით, პოლიციელებმა ჯერ უარყვეს ბიჭის შენობაში ყოფნა, შემდეგ კი გადაწყვიტეს ადვოკატი შენობაში შეეშვათ. ”როცა შევედი კორიდორში შიგნით, მაშინ ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა, შემოსვლა ხომ გინდოდაო, ადვოკატი ხომ ხარო და ამ დროს დამიწყეს ცემა. ხელკეტებით მცემეს. თავის არეში მირტყამდნენ, ორი ნაკერი მაქვს,” - უყვება ადვოკატი ბესო ბოჭორიშვილი ”რეზონანსის” კორესპონდენტს.

”ახალი თაობის” ავტორი წერს: ”როგორც არ უნდა დატრიალდეს რეალობა, ფაქტი ერთია - ხალხმა მოითხოვა, ხელისუფლებამ არ დათმო, მოითხოვა ეკლესიამ და დათმო. ამის რეციდივი კი სერიოზული საფრთხეა სააკაშვილის გუნდისთვის.” ავტორი სტატიას ასე ასრულებს: ”შესაძლოა, საუკეთესო ვარიანტია, თუ პატრიარქის ინიციატივით შეიქმნება საგანგებო კომისია ოპოზიციის, ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, საპატრიარქოსა და ევროკავშირის წარმომადგენელთა პარიტეტით, რომელიც შეიმუშავებს კრიზისიდან თავის დაღწევის ოპტიმალურ გეგმას, რომელზე შეთანხმების შემდეგაც ეკლესია, ევროკავშირი და არასამთავრობო სექტორები გამოვლენ მიღწეული შეთანხმების გარანტთა როლში. ამ შემთხვევაში საქართველოს აქვს ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა, ხოლო ქართულ ეკლესიას - დიდი შანსი, გაამართლოს თავისი უალტერნატივო ავტორიტეტი.”

სამხედრო ამბოხის ამბავს უბრუნდება ”საქართველოს რესპუბლიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ირაკლი სესიაშვილი: ”სახეზეა აჯანყება, მაგრამ მოტივი არა გვაქვს. მეორე მხრივ, შსს გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერების საფუძველზე გვეუბნება, რომ მოტივი იყო სახელმწიფო გადატრიალება რუსებთან ერთად. რუსები თუ აპირებდნენ შემოსვლას, მერწმუნეთ, რომ შემოვიდოდნენ. სცენარის მიხედვით, თუ აჯანყებულები ტანკებს დაძრავენ, მაშინ ახალგორიდან შემოდიან რუსები, კოდიდან ბატალიონი მოდის და სამი მიმართულებით უტევს თბილისს. ეს რომ მოუყვეთ ნებისმიერ ჯარისკაცს შეიარაღებულ ძალებში, ჩინიანს ან უჩინოს, დაგცინებენ”, - ამბობს სესიაშვილი ”საქართველოს რესპუბლიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG