Accessibility links

logo-print
გასული კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენა - მუხროვანის სამხედრო ამბოხი, მისი მოთავეებისა და, ასევე, არშემდგარი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ეჭვმიტანილების ბრალეულობა - კიდევ დიდხანს იქნება ქართული მედიის ყურადღების ცენტრში. თუმცა ამჯერად ჩვენ გავიხსენებთ საქართველოში მომხდარ წინა სამხედრო ამბოხებათა გამომწვევ მიზეზებს, პოლიტიკურ კონტექსტსა და ორგანიზატორთა ვინაობას.

ამას წინათ ერთმა ჩემმა მეგობარმა მწარედ იხუმრა, მუხროვანის ბაზას პროფილი უნდა შევუცვალოთ და იქ ან ქართული სამხედრო ამბოხის მუზეუმი, ანდა ამბოხების მოსამზადებელი სასწავლო ცენტრი დავაარსოთო. ამ მწარე ხუმრობაში უდავოდ არის სიმართლის მარცვალი და ლოგიკაც. სიმართლე ისაა, რომ თბილისიდან აღმოსავლეთით, 30 კილომეტრით დაშორებული ლამაზი სოფელი მუხროვანი და იქ განთავსებული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილი უკვე სამჯერ იქცა სხვადასხვა სამხედრო მღელვარების ადგილად.
2001 წლის მაისში მუხროვანში ეროვნული გვარდიის სატანკო პოლკმა გამოაცხადა დაუმორჩილებლობა. სამხედრო ამბოხს ხელმძღვანელობდნენ პოლკოვნიკები გია კრიალაშვილი და კობა ოთანაძე, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათ ასეთ რადიკალურ ნაბიჯზე წასვლა აიძულა მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ, რაც სასოწარკვეთაში აგდებდა როგორც ოფიცრებს, ისე რიგით ჯარისკაცებს. სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც საქართველოს იმჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ კოჯრის სპეცდანიშნულების სამხედრო ნაწილი გამოიძახა, პოლკოვნიკ ნიკა ჯანჯღავას ხელმძღვანელობით, და ამბოხებულ ნაწილებს დანებების ულტიმატუმი წაუყენა. თუმცა დაპირისპირებამდე საქმე არ მისულა. მეამბოხე ოფიცრები დანებდნენ და მოლაპარაკებაზე მისულ იმჟამინდელ სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესა და პარლამენტარებს შეხვდნენ. სამაგიეროდ, მიიღეს თავისუფლება და ერთწლიანი სასწავლო მივლინება კიევში, სადაც პოლკოვნიკი გია კრიალაშვილი საქართველოს სამხედრო ატაშედ დატოვეს, პოლკოვნიკი კობა ოთანაძე კი დაზვერვის დეპარტამენტში დააწინაურეს.
საზოგადოება კი დღემდე დარწმუნებულია, რომ 8 წლის წინანდელი მუხროვანის სამხედრო ამბოხის უკან იდგა რომელიღაც სახელმწიფო სტრუქტურა - ან თავად თავდაცვის სამინისტრო, რომელსაც უნდოდა ეჩვენებინა ხელისუფლებისათვის, თუ რა საშიშია მშიერი ჯარი და ამით მაინც მიეღწია დაფინანსების გაუმჯობესებისათვის, ანდა სპეცსამსახურები, რომლებსაც სურდათ დისკრედიტაცია მოეხდინათ თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძისა, რომელიც პროდასავლური იმიჯით აშკარად ჩრდილავდა ხელისუფლების სხვა წევრებს.

და იყო კიდევ ერთი ვერსია, რომელიც, ალბათ, უსათუოდ გეცნობათ: 8 წლის წინანდელ ამბოხს იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები მაშინაც ნატოს ”მშვიდობისათვის პარტნიორობის პროგრამით” დაგეგმილი პირველი სამხედრო მანევრების ჩაშლის მცდელობად აფასებდნენ.
ასეა თუ ისე, მუხროვანის ამბოხმა სათავე დაუდო ძალიან საეჭვო წარმოშობისა და განვითარების ერთდღიანი სამხედრო მღელვარების სერიას, რომელიც იმითაც არის ნიშნეული, რომ სწორედ მაშინ ხდება, როდესაც საქართველოში შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ფონი ძალიან საშიშ ზღვარს უახლოვდება.
ნიშანდობლივია, რომ 2001 წლის მაისის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ სოციალური მოთხოვნით სამხედროების პროტესტს ადგილი ჰქონდა კოჯრის იმ სამხედრო ნაწილში, რომელიც ერთი წლის წინ მუხროვანში გადაისროლეს სამხედრო ამბოხის ჩასახშობად. თუმცა პოლკოვნიკ ნიკა ჯანჯღავას და მის თანამზრახველ ოფიცრებს არც ტანკები გამოუყვანიათ პროტესტის ნიშნად და არც საბრძოლო მდგომარეობა მიუღიათ. მათ იხმეს ჟურნალისტები, გააცნეს მოთხოვნები, გაიხადეს სამხედრო ფორმები და, პროტესტის ნიშნად, დატოვეს სამხედრო ნაწილი. თავდაცვის მაშინდელი მინისტრი დავით თევზაძე სიბრაზისგან ცოფებს ყრიდა და ყველაზე უკეთ უზრუნველყოფილ სამხედრო ნაწილში მომხდარ ოფიცერთა ამბოხს გარედან ინსპირირებულს უწოდებდა. პოლკოვნიკ ჯანჯღავას ბრალი დასდეს იმჟამინდელ ”რეფორმატორთა” გუნდთან კავშირში,გუნდთან, რომელსაც ძალიან გაუფუჭდა ურთიერთობა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან. თუმცა გარედან ინსპირირების ვერსია კიდევ უფრო დამაჯერებელი რომ გამხდარიყო, ჯანჯღავასა და მისი თანამებრძოლების სიტყვიერი პროტესტი პირველი ქართულ- ამერიკული ”წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ჩაშლის მცდელობასაც დაუკავშირეს.
თუმცა, თუ როგორ უნდა ჩაეშალა რამდენიმე დუჟინი ოფიცრის პროტესტს 64 მილიონ დოლარად შეფასებული ქართულ-ამერიკული ”წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა, ანდა რატომ მიმართა ასეთ უჩვეულო პროტესტის ფორმას ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა ოფიცერმა, ამის ახსნა საზოგადოებისათვის, რომელსაც საქართველოში ყოველთვის ახსოვს თენგიზ კიტოვანის გვარდიისა და ჯაბა იოსელიანის ”მხედრიონის” პარპაშის დრო და შიშით აკანკალებს ნებისმიერი ბუნტის გაგონებაზე, არავის უცდია.

სამხედრო ამბოხის ჩაძინებულმა ვულკანმა მუხროვანში 2004 წლის დეკემბერში, ”ვარდების რევოლუციის” გზით მოსული ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, ამოხეთქა. მაშინ ყაზარმები რამდენიმე ათეულმა სამხედრო მოსამსახურემ მიატოვა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გამო და ფეხით ჩავიდა სახალხო დამცველის ოფისში. სამხედროები ამბობდნენ, რომ ახლად გარემონტებულ ყაზარმებში დაავიწყდათ გათბობის დამონტაჟება, რის გამოც საძინებელ ოთახებში ყინავდა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამხედროები შეიწყალა, რამდენიმე ოფიცერს დანაშაულებრივი გულგრილობის გამო სამსახური დაატოვებინა, ხოლო სამხედრო ნაწილი, მთელ შინაგან ჯარებთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს გადასცა. მაშინ ამბობდნენ, რომ ეს ”გათოშილთა ამბოხი” თავდაცვის ახალი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ იყო ინსპირირებული, რათა გზიდან ჩამოეშორებინა შინაგანი ჯარების სარდალი გენერალი თათუხაშვილი. თუმცა სიმართლე ისევ ვერავინ გაიგო, რადგან ხელისუფლებამ ინციდენტი ამოწურულად გამოაცხადა და ტაბუ დაადო მორიგი სამხედრო ამბოხის ისტორიას.

2009 წლის მაისის ამბოხი არანაკლებ ბურუსით მოცულია მთელ ”მუხროვანიადაში”. პოლკოვნიკ მამუკა გიორგაშვილის მოქმედება თითქმის ზუსტად იმეორებს 8 წლის წინანდელ ამბოხს: მუხროვანში განლაგებული ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ხელმძღვანელობა, მეტად ბუნდოვანი მოტივით, - ფიგურირებს ”ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც”, - დაუმორჩილებლობას უცხადებს თავდაცვის მინისტრს და საბრძოლო მდგომარეობაში გადადის.
ხელისუფლება ამას უწოდებს ამბოხს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, ისევ ფიგურირებს გვარები სტაჟიანი მეამბოხეების, ზემოხსენებული პოლკოვნიკ კობა ოთანაძის და გია კრიალაშვილისა, რომლებიც, კაცმა არ იცის, როგორ აღმოჩნდნენ დახურული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე. ცხადდება საგანგებო მდგომარეობა მთელ თბილისის გარნიზონში. მუხროვანის ირგვლივ მობილიზებულია მთელი მე-4 ქვეითი ბრიგადა და პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილები. 5 საათიანი მოლაპარაკებისა და საქართველოს პრეზიდენტის ულტიმატუმის შემდეგ, მეამბოხეები ბარდებიან. პოლიციას პატიმრობაში აჰყავს ნაწილის მეთაური მამუკა გიორგაშვილი და 13 სამხედრო და სამოქალაქო პირი. ამბოხების სხვა ორგანიზატორები, კობა ოთანაძე და გია კრიალაშვილი, მიმალვით შველიან თავს და დღემდე ძებნაში არიან.

მუხროვანის მესამე ამბოხი გაცილებით უფრო რთულია და შეკითხვებიც უფრო მეტია: რატომ მაინცდამაინც მუხროვანის ნაწილი და რატომ სწორედ ნატოს სწავლების წინ და რატომ მაინცდამაინც ოთანაძე და კრიალაშვილი და რატომ სწორედ მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია?
მე ამაზე პასუხები, ცხადია, არა მაქვს. თუმცა ტვინს მიბურღავს ჩემი კოლეგის მწარე, ირონიანარევი ხუმრობა: მართლა ხომ არ დადგა დრო, რომ მუხროვანის ბაზას პროფილი შევუცვალოთ და იქ ან ქართული სამხედრო ამბოხის მუზეუმი, ანდა ამბოხების მოსამზადებელი სასწავლო ცენტრი დავაარსოთ?
XS
SM
MD
LG