Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თათრული ენის დღე


თათარი პოეტის, გ.ტუკაის ლექსების გამოცემა
თათარი პოეტის, გ.ტუკაის ლექსების გამოცემა
26 აპრილი თათრული ენის დღეა რუსეთში მდებარე თათრეთის რესპუბლიკაში. მის მკვიდრთა ენა და კულტურა ძლიერ გავლენას განიცდის გარედან - იქნება ეს რუსეთი, აზიის ქვეყნები, თუ დასავლეთი. მაგრამ ბევრი თათარი მაინც ცდილობს და ახერხებს კიდეც, არ დაკარგოს ის, რაც ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად არის აღიარებული.

ალია საბიროვა შინ თათრულად საუბრობს, სამი წლის შვილსაც, სუფიას, თათრულად უკითხავს წიგნებს. 35 წლის საბიროვა რამდენიმე ფუნქციას უთავსებს ერთმანეთს - ის ჟურნალისტიცაა და მხატვარიც, დედაც და აქტივისტიც, რომელიც ძალას არ იშურებს, როცა საქმე თათრული კულტურის დაცვას ეხება. საბიროვა, მეუღლესთან ერთად, აქტიურად მონაწილეობს არასამთავრობო ორგანიზაცია „იზებეზის“ (ქართულად ნიშნავს „ჩვენთვის“) მუშაობაში, როგორც ორგანიზაციის წესდებაში ვკითხულობთ, „ახალგაზრდებში თათრული კულტურის ახალი ფორმების პოპულარიზაციის“ ხელშესაწყობად. პოლიტიკური მიზნები ამ ორგანიზაციას არ გააჩნია. ის ახალგაზრდებს პოეზიის საღამოებზე იწვევს ხოლმე, საპროტესტო აქციებს არ მართავს.

26 აპრილისათვის გალა-კონცერტი და ფესტივალი მომზადდა. 26 აპრილი გაბდულა ტუკაის დაბადების დღეა. ეს, 1886 წელს დაბადებული პოეტი, კრიტიკოსი და გამომცემელი, რომელმაც სულ 27 წელი იცოცხლა, თანამედროვე თათრული ენის ფუძებდელად ითვლება. ამიტომ აირჩიეს 26 აპრილი თათრული ენის დღედ, ხოლო გაბდულა ტუკაის ლექსი „ო, ჩემო დედა ენავ“, რესპუბლიკის არაოფიციალური ჰიმნის ტექსტად.

ალია საბიროვა თავს „რეალისტს“ უწოდებს. ის მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ვინმეს თავს მოახვიოს კულტურა ან ენა: უბრალოდ, ცდილობს სხვებს მისცეს მაგალითი და შესაძლებლობები. მისი აზრით, ერთადერთი გზა, რომ თათრებმა თავიანთი იდენტობა არ დაკარგონ, კულტურაზე გადის: „აზრი არა აქვს ახლა პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკს. კულტურული დამოუკიდებლობის მიღწევა კი შეგვიძლია. თათრული კულტურა დიდად განსხვავდება რუსული კულტურისაგან. ამიტომ მასზე ვზრუნავთ და ახალგაზრდებსაც ვრთავთ იმაში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, აბობს საბიროვა.

თათრულ ენაზე ლაპარაკობს 7 მილიონზე მეტი ადამიანი რუსეთში, უკრაინაში, ცენტრალურ აზიაში, პოლონეთში, ჩინეთში, ფინეთსა და თურქეთში. თათრული მიეკუთვნება თურქულ ენათა ჩრდილოაღმოსავლურ ჯგუფს, საუკუნეების მანძილზე მას არაბულის, სპარსულის, რუსულის გავლენა აქვს მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდში თათრულით სულ უფრო ნაკლებად სარგებლობდნენ და მასზე განათლების მიღებაც იზღუდებოდა, ფაქტია: 2002 წელს რუსეთში მოსახლეობის აღწერისას ეთნიკურ თათრებად იდენტიფიცირებულთა 94-მა პროცენტმა მიუთითა, რომ თათრულს ფლობდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თათრულ ენაზე განათლების მიღება შესაძლებელია თათრეთის რესპულიკის სკოლებში. თუმცა, ბოლო გამოცდები, რუსული სისტემით, მხოლოდ რუსულ ენაზე ბარდება და საუნივერსიტეტო განათლებას თათრულად ვერ მიიღებ. ამიტომაც თათრულის ისეთ პატრიოტსაც კი, როგორიც ალია საბიროვაა, შვილები რუსულ სკოლაში ჰყავს შეყვანილი. როგორც ის ამბობს, „მშობლებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება თავიანთი შვილებისათვის - ისინი ან თათრულ სკოლაში უნდა გააგზავნონ შეზღუდული სამომავლო პერსპექტივის მიუხედავად, ან კიდევ რუსულ სკოლაში, რომელიც მათ მეტ შანსს მისცემს სკოლის დამთავრების შემდეგ“. პირადად მე სხვა გზა ავირჩიე შვილებისათვის მშობლიური ენის შესაყვარებლადო, დასძენს თათარი აქტივისტი...

ეს გზა მხატვრობაზე, პოეზიასა და მუსიკაზე გადის. მათი მეშვეობით ცდილობენ ალია საბიროვა და ორგანიზაცია „იეზბეზის“ სხვა აქტივისტები ახლგაზრდების დაინტერესებას. პროგრამაში, რომელიც თათრულის პოპულარიზაციას ემსახურება, რეპიც კია ჩართული: ახალგაზრდა მუსიკოსის, შაკურის სიმღერები. კარგი სიმღერა და კარგი რიტმი უნდა იყოს, თუ გინდა რომ ახალგაზრდებს მოეწონოთო, იციან თათარმა აქტივისტებმა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG