Accessibility links

ევროკავშირის დელეგაცია თურქმენეთში


თურქმეეთის და ევროკავშირის დროშები

თურქმეეთის და ევროკავშირის დროშები

ევროკავშირის დელეგაციის თურქმენეთში ვიზიტი ხვალ - ოთხშაბათს - დაიწყება. ამ ვიზიტით გამოჩნდება, აპირებს თუ არა ბლოკი სამომავლოდ შუა აზიის ამ ქვეყანასთან დაახლოებას.

27-დან 30 აპრილამდე ევროპარლამენტის წევრებისგან შემდგარი დელეგაცია თურქმენეთში იმოგზაურებს ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესაფასებლად.

ეს ვიზიტი შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს იმის განსასაზღვრად, გააღრმავებს თუ არა ბლოკი ურთიერთობას შუა აზიის ამ ქვეყანასთან.

იანვარში ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა წინასწარი თანხმობა მისცა თურქმენეთთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებას. ახლა შეთანხმებას მთელმა პალატამ უნდა უყაროს კენჭი. შუა აზიის დანარჩენ ოთხ ქვეყანას ევროკავშირთან პარტნიორობის შეთანხმება უკვე გაფორმებული აქვს.

მაგრამ თურქმენეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულმა მძიმე სიტუაციამ და პროგრესის არარსებობამ შესაძლოა ევროპის პარლამენტს შეთანხმების გაფორმების პროცესის გადავადებისკენ უბიძგოს.
არავინ მიიჩნევს, რომ კავშირების გაწყვეტა და იზოლაცია სწორი მიდგომა იქნება ნებისმიერ ქვეყანასთან მიმართებით...

პოლიტიკურ ლიდერებთან - მათ შორის, პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვთან - შეხვედრის გარდა, დელეგაცია პოლიტიკური პატიმრების მონახულებასაც გეგმავს, თუმცა დელეგაციის წევრებს დიდი იმედი არა აქვთ, რომ მათ გაძლიერებული უსაფრთხოების ციხეებშიც შეუშვებენ.

ვიზიტის შემდეგ დელეგაცია ანგარიშს დაწერს და საგარეო საქმეთა კომიტეტი სწორედ ამ ანგარიშით იხელმძღვანელებს თურქმენეთთან შეთანხმების გაფორმების თაობაზე მსჯელობისას.

დელეგაციის წევრი, პორტუგალიელი პარლამენტარი ანა გომესი აცხადებს, რომ მაშინაც კი, თუკი შეთანხმება გადაიდება, თურქმენეთი მთლიანად იზოლირებული მაინც არ იქნება: „არავინ მიიჩნევს, რომ კავშირების გაწყვეტა და იზოლაცია სწორი მიდგომა იქნება ნებისმიერ ქვეყანასთან მიმართებით - მათ შორის, ისეთ ქვეყნებთან, რომელთა მმართველი რეჟიმები არანაირ ნებას არ ავლენენ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად. ვნახოთ, რას მოიტანს თურქმენეთში ეს ვიზიტი, რომელიც აშკარად და ძლიერად კონცენტრირებულია ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის ასპექტებზე.“

ევროპის პარლამენტში ევროკავშირის თურქმენეთთან თანამშრომლობის შესახებ მოსაზრებები იყოფა. როგორც პარლამენტთან დაახლოებული ერთი წყარო აცხადებს, ეს დაყოფა დაახლოებით ასე შეგვიძლია დავახასიათოთ: „ბიზნესი ადამიანის უფლებების წინააღმდეგ“.

ერთი ჯგუფი დიდ აქცენტს სვამს თურქმენეთის გაზის რეზერვების პოტენციალსა და ევროკავშირის მომარაგებისთვის მის მნიშვნელობაზე. ამასთან, არსებობს შიში, რომ თუ ევროკავშირი თურქმენეთთან კავშირებს არ გააღრმავებს, ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება რუსეთს და ჩინეთს.

მეორე ჯგუფი კი შესაძლოა შეთანხმების გაფორმების წინააღმდეგ წავიდეს, ვინაიდან შეთანხმებაში არ არის გათვალისწინებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ სადამკვირვებლო მექანიზმის ამუშავება. ამასთან, ეს პარლამენტარები აცხადებენ, რომ თურქმენეთს ევროკავშირთან დასაახლოებელი არც ერთი პირობა არ შეუსრულებია.
ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა და ენერგეტიკული თუ სხვა სტრატეგიული ინტერესების გატარება ურთიერთგამომრიცხავი მიზნები არ არის...

ამ პირობებს შორის არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, დისიდენტებისა და აქტივისტებისთვის მოგზაურობაზე აკრძალვის მოხსნა და ქვეყანაში ადამიანის უფლებების საერთაშორისო დამცველების შეშვება.

ნიუ-იორკში განთავსებული ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი“ იმედოვნებს, რომ ევროკავშირი თურქმენეთთან შეთანხმების გაფორმებას მართლაც გადადებს. ორგანიზაციის წარმომადგენელი ვერონიკა სცენტე გოლდსტონი აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან თურქმენეთთან ამ შეთანხმების დადება ადამიანის უფლებების პრინციპების მნიშვნელოვანი უგულებელყოფა იქნება.

გოლდსტონი გამოთქვამს გაკვირვებას, რომ ევროკავშირმა აქამდე არ გამოიყენა შესაძლებლობა და თურქმენეთს ადამიანის უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არ მოსთხოვა - მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ თურქმენეთი თავადაც გამოთქვამს ევროკავშირთან დაახლოების სურვილს: „ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა და ენერგეტიკული თუ სხვა სტრატეგიული ინტერესების გატარება ურთიერთგამომრიცხავი მიზნები არ არის. ევროკავშირს უნდა შეეძლოს ერთდროულად ორივე გააკეთოს.“

მოსაზრებას, რომ ევროკავშირმა ეს შეთანხმება უფრო ეფექტიანად უნდა გამოიყენოს თურქმენეთში ცვლილებების მოსახდენად, უცხოეთში მცხოვრები თურქმენი უფლებადამცველებიც იზიარებენ.

გასულ კვირაში ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტმა ფარიდ ტუღბატულინმა ევროკავშირს მოუწოდა შეცვალოს თურქმენეთთან მიმართებით გატარებული სტრატეგია და განაცხადა, ბრიუსელმა კარგად იცის რაოდენ მძიმე პოლიტიკური ვითარებაა თურქმენეთში შექმნილიო: „არ მესმის, რატომ ხდება, რომ ევროკავშირმა ამის შესახებ იცის, მაგრამ თურქმენეთის ან შუა აზიის სხვა ქვეყნების მიმართ გატარებული სტრატეგია არ იცვლება. ისევ მხოლოდ პოლიტიკური დიალოგი, დიალოგი, დიალოგი. ეს დიალოგი უკვე ოცი წელია გრძელდება. შეიძლება მომავალში რამე შეიცვალოს, მაგრამ ხალხი ცხოვრობს და იხოცება. ხალხისთვის 20 წელი ძალიან დიდი დროა.“

ტუღბატულინის მიერ გამოთქმული ეს მოწოდება თურქმენეთის სამოქალაქო დემოკრატიული გაერთიანების ლიდერმა ვიაჩესლავ მამედოვმაც გაიზიარა. მან ევროკავშირს მოუწოდა აშხაბადს უფრო მკაფიო მესიჯი გაუგზავნოს: „ყველა უფლებადამცველის სურვილია, რომ ევროკავშირმა ხელი შეუწყოს თურქმენეთის საზოგადოების დემოკრატიზაციას და თურქმენეთის სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტას.“

ევროპის პარლამენტის დელეგატთა თურქმენეთში ვიზიტი, როგორც ითქვა, ოთხშაბათს იწყება და 30 აპრილამდე გასტანს.
XS
SM
MD
LG