Accessibility links

logo-print
17 აპრილი, კვირა
„თავისუფლების დღიური“ უნდა დავწერო.

ჩავფიქრდი. გამახსენდა, ერთი-ორჯერ შევუდექი გულმოდგინედ მე-7-მე-8 კლასში დღიურის წერას: დილით ავდექი, ვისაუზმე, სკოლაში წვედი... სულ არ იყო საინტერესო. ჩემთვისაც კი.

შაბათი და კვირა შვილიშვილის, სოფოს, დღეები მაქვს. შემართებით შევუდექი დღიურის წერას და მალევე მივხვდი, რომ კვირადღე ამ საქმისთვის მაინცდამაინც არ გამოდგება (სხვებისთვისაც რომ საინტერესო გამოვიდეს ნაწერი, თორემ სოფოსთან ურთიერთობა ჩემთვის ზეიმია (ზეიმზე მომაგონდა: ამიერიდან საბავშვო ბაღებში ზეიმები აღარ იქნება. მათ შეცვლის პრე-ზენ-ტა-ცი-ებ-ი). დილიდან ვიკითხეთ ლექსები, ვითამაშეთ წითელქუდობანა ( მე წითელქუდა ვიყავი, ის - მგელი), საბავშვობაღობანა (თვითონ, რა თქმა უნდა, მასწავლებელი იყო, მე - „დასჯილებული“ მოსწავლე, ანუ არ მამღერებდა), ერთად გამოვაცხვეთ ნამცხვარი: მე ცალი ხელით ვთქვეფდი მიქსერით, ცალით კი სოფოს ვიგერიებდი, რომელიც, პატარა სკამზე შემდგარი, შიგ თითებს ყოფდა, „მოსახმარებლად“. მერე, როცა, როგორც იქნა, შევდგით ღუმელში, გავიქეცი კომპიუტერისკენ, რომ ემანდ ფეისბუკზე და Forum.ge-ზე არაფერი გამომრჩენოდა. მოკლედ, „შემჯდარი“ ვარ ეს დარბაისელი ქალი.

დღეს ბზობაა. ფანჯრიდან ვხედავ ხალხს ხელში ბზის ტოტებით. რად ასახიჩრებენ ამ ძვირფას მცენარეს, საახალწლო ნაძვისა არ იყოს! ეჰ, არა გვაქვს ქართველებს არანაირი შეგნება, არც თვით-, არც სამოქალაქო, არც ეროვნული და არც არანაირი (არა, ისე, ცოტათი ალბათ მაინც გვაქვს, თორემ აბა დღემდე თავს როგორ მოვიტანდით?).



18 აპრილი, ორშაბათი
„დიოგენეები“ ახალ ოფისში გადავედით უკვე მეორე კვირაა. მგონი, როგორც იქნა, დავლაგდით, მარტო ინტერნეტის ჩართვაღა აკლია. ტელეფონის და ინტერნეტის ქსელი გაჰყავს ძალიან სიმპათიურ კაცს, რომელსაც შვილი ეხმარება, 17-18 წლის ბიჭი. სიამოვნებით ვადევნებ თვალს, როგორ მუშაობენ, როგორ ასწავლის მამა და შვილიც როგორ სწავლობს. ტყუილად მოთქვამენ, მთელი საქართველო მარტო უსაქმური ახალგაზრდებით არის სავსეო (თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრნი არიან).

ჰო, არც „დიოგენეს“ მაღაზიის რემონტია დასრულებული და იქიდან საღებავების სუნი და ხერხის ღრჭიალის ხმა ამოდის. დირექტორმა, თამრიკო ლებანიძემ, შეგვყარა რედაქტორები და განვიხილეთ მიმდინარე პროექტები. ძალიან კარგი წიგნები გვექნება, მაგრამ, როგორც ყოველთვის, მოსწრებაზეა საქმე. გვინდა, რამდენიმე წიგნი, მაისის ბოლოს წიგნის ფესტივალი რომ იქნება, იმისთვის მოვასწროთ. ყველა გამომცემლობა გამოიტანს ახალ წიგნებს. ჩვენი „ჯილა“ იქნება სელინჯერის მოთხრობების სამი კრებული. აქედან ყველას გვახსოვს ვახტანგ ჭელიძის თარგმნილი რამდენიმე მოთხრობა. დანარჩენები ახლა ითარგმნა. ეს ის კრებულებია, რომლების გამოქვეყნების უფლებასაც იძლეოდნენ თვით აწ გარდაცვლილი ჯერომ სელინჯერი და ამჟამად - საავტორო უფლების მფლობელი გამომცემლობა. ის ნაწერები კი, რომლებიც მწერალს გარდაცვალების შემდეგ დარჩა, მისი ანდერძით,მხოლოდ 50 წლის შემდეგ შეიძლება გამოქვეყნდეს. ასე რომ, სამწუხაროდ, მე იმათ ნამდვილად ვეღარ მოვესწრები.

სხვა საინტერესო წიგნებიც გვექნება, ზოგი სადიდო, ზოგი საბავშვო. ეტყობა, ღამეების თენება მოგვიწევს, რომ ყველაფერი მოვასწროთ. მიყვარს „წიგნების ფესტივალი“ (ადრე „წიგნის ბაზრობა“ ერქვა, მაგრამ ქართულად ეს „ბაზრობა“ წიგნებთან კავშირში ლამაზად არ ჟღერს და გადააკეთეს. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში - სამართლიანად, თორემ ბოლო წლებში რომ სახელები გადაარქვ-გადმოარქვეს ყველაფერს: უნივერსიტეტებს, სამეცნიერო ინსტიტუტებს, ქუჩებს, და რა ვიცი, რას აღარ, ვფიქრობ - სრულიად უაზროდ (ზოგ საბჭოთა იდეოლოგიურ მომენტს თუ არ ჩავთვლით).

ოთხ დღეს გრძელდება ხოლმე ფესტივალი და ყოველწლიურად მღელვარებით მოველი. ახლა საღელვი რა არის, უბრალოდ, მიხარია: კარგ წიგნებს დავათვალიერებ (ჰო, ძირითადად დავათვალიერებ, თორემ ყიდვისა რა გითხრათ... არადა იმდენია!), აუარებელ ნაცნობს შევხვდები ლიტერატურული და ლიტერატურასთან ახლო მყოფი წრეებიდან, კოლეგებს, ძველ ნაცნობ-მეგობრებს, მწერლებს, სასიამოვნო ადამიანებს. ჰოდა, არ მინდა „დიოგენემ“ და პირადად მე, თავი შევირცხვინოთ. წიგნებს რომ ვასწორებ, სულ თავში მიტრიალებს, ამას ჩემი კოლეგები ნახავენ და აბა, რას იტყვიან-მეთქი. მე თვითონაც რომ ვკითხულობ სხვა გამომცემლობების წიგნებს ან ჟურნალ-გაზეთებს, ვცნობ ჩემი კოლეგების ნამუშევარს.

არა, სოფოს, რა თქმა უნდა, ვუყიდი წიგნებს.

19 აპრილი, სამშაბათი
დღეს ორჰან ფამუქის დღე მქონდა. მაისის ბოლოსთვის მზად უნდა იყოს „უმანკოების მუზეუმი“. საბოლოოდ ვკითხულობ და ხვალიდან დასაკაბადონებლად უნდა გადავცე. უშველებელი რომანია, სასიყვარულო. რა უცნაურია, ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მქონია ჩვენს უახლოეს მეზობელ თურქებზე, თუ ბავშვობაში წაკითხულ რეშად ნური გიუნთექინის „ნარჩიტას“ არ ჩავთვლით. იქაც თურქეთის ცხოვრებაა აღწერილი, ოღონდ მეოცე საუკუნის დასაწყისისა. „უმანკოების მუზეუმში“ აღწერილი სიყვარულის ამბავი 70-იან-80-იან წლებში ვითარდება. ავტორი ჩემი ტოლია და თავისი თვალით ნანახს აღწერს და მეც სულ ცოცხლად წარმოვიდგენ იმ დროს. სასიყვარულო ამბებზე მეტად სტამბოლისა და იქაური ყოფის ძალიან დაწვრილებითი აღწერა მაინტერესებს - სახლები, უბნები, ქუჩები, მეჩეთები, ნიშნობა, დასაფლავება, კინო, სამსახურებრივი ურთიერთობები, კორუფცია სახელმწიფო დაწესებულებებში - ბევრ რამეს ვხედავ „მშობლიურს“. რა თქმა უნდა, იქ ისლამური სამყაროა, თორემ სხვა ყველაფერი, როგორც ერთ ანეგდოტშია - „მთლად ჩვენი ამბავი!“.

ახლა ვწერ და „ძვირფასი“ ნეოლოგიზმ-ბარბარიზმები რომ ვიხმარო, „ვგუგლავ“ და „ვსერჩავ“ (რა უბედურებაა - ვერსად გავურბივარ!). ინტერნეტში ამ მუზეუმის სურათებს ვათვალიერებ: ორჰან ფამუქს მართლაც გაუკეთებია მუზეუმი, რომელიც ამ რომანში აქვს აღწერილი. ვერ მოვწყდი „თვალსაჩინოებას“.

20 აპრილი, ოთხშაბათი
დღეს მორიგ წიგნს ვკითხულობდი (როგორც რედაქტორი, რა თქმა უნდა, თორემ ჩემი სიამოვნებისთვის თითქმის ვეღარაფერს ვკითხულობ - მუდმივად რაღაც გასასწორებელს ვეძებ ნებისმიერ წიგნში, არაქართულშიც კი. თუ შიგ ხარვეზები არ არის, მაშინ იმას ვფიქრობ, აი, ავტორს და რედაქტორს რა კარგად უმუშავიათ-მეთქი და მთავარს, რისთვისაც ადამიანი წიგნს კითხულობს, ვეღარ ვხედავ. ეს რა უბედურება დამემართა!). ჰოდა, ეს მორიგი წიგნი გახლავთ პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელების კონკურსზე შემოსული მასალებისგან შერჩეული ლექსების კრებული. „დიოგენე“ წელს მეორედ აწყობს ამ კონკურსს და კრებულიც მეორე იქნება. ჯერ არც ვიცი, ვისი თარგმანებია, გამარჯვებულების სახელებს დაჯილდოების დღეს გავიგებ. ეს ახალგაზრდები ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიით დაჯილდოვდებიან. მიხარია, რომ ამით რაღაცნაირად უკვდავდება ვახუშტის სახელი და თარგმანის ტრადიცია (თანაც პოეზიის თარგმანისა) გრძელდება. ბედნიერი ვარ, რომ ბოლო წლებში საქმიანი ურთიერთობა მქონდა ბ-ნ ვახუშტისთან. საოცარი სიამოვნება იყოამ კაცის გვერდით ყოფნა, თუნდაც სულ ცოტა ხნით. რა უჩუმრად დავასაფლავეთ! ქართველი ხალხისაგან უფრო სხვაგვარი გაცილება ეკუთვნოდა. ეჰ!

მოკლედ, წიგნების თემას მივუბრუნდები. არის დღეს გაუთავებელი მსჯელობა საზოგადოებაში, წაიკითხავენ კიდევ წიგნებს ახალგაზრდები თუ აღარ წაიკითხავენ და სხვ. ჩემი აზრით, - კი, ოღონდ ცოტანი, გარკვეული წრე. მთელ მსოფლიოში ასე იქნება. ალბათ კანონზომიერი პროცესია, დრომ მოიტანა ასე. ისე, დღეს ვიმხიარულე: თბილისის ინტერნეტ-ფორუმზე არის განყოფილება „ვიყიდი-გავყიდი“. ვიღაც ბიჭს (მგონია, რომ ბიჭია) გაუხსნია თემა ასეთი სათაურით: „გავყიდი რუსულ წიგნებს, ოჯახის როა“. გამოჩნდნენ დაინტერესებულები და ეკითხებიან, რა წიგნები გაქვსო (ავტორი, სათაური). ეს პასუხად სწერს: წიგნებია, რა, კარგ მდგომარეობაში. ისინი კიდევ ცდილობენ დააზუსტონ, ეს მაინც არ ეუბნება, სათაურების წაკითხვაც კი ესიკვდილება... მის ცნობიერებაში ეს არის „წიგნები“ და მორჩა! წარმოვიდგინე სურათი: ბებია-ბაბუა ყიდულობდა ამ წიგნებს, აგროვებდა (მშობლები - უკვე ნაკლებად), მაგრამ შვილიშვილს აღარაფერში არგია და ჯერ რუსულს არის მიმდგარი. მოგვიანებით ქართულზეც გადავა და ა.შ. მაგრამ, რას ვერჩი, იქნებ სხვაფრივ არის კარგი ბიჭი და რამე სხვა დარგში ივარგოს. ვინ იცის...

21 აპრილი, ხუთშაბათი
დღევანდელი დღე მთავრობამ უქმედ გამოაცხადა, მაგრამ ჩვენ მაინც ვმუშაობდით - ყოველი დღე ძვირფასია, ძალიან ცოტა გვაქვს დრო. ისევ თურქულ რომანს ვუკირკიტებ. მართალია, მთავარი გმირის სასიყვარულო ტანჯვის აღწერამ ცოტა არ იყოს თავი მომაბეზრა (ეჭვი მაქვს, რომ ორჰან ფამუქს იქაურ გამომცემლობასთან ხელშეკრულებით რაღაც ვალდებულებები ჰქონდა დაკისრებული -ამდენი და ამდენი გვერდი უნდა დაეწერა და ბევრი რამ გაწელილია), მაგრამ თვითონ სტამბოლია ისე აღწერილი, დეტალების აღწერის ისეთი დიდოსტატია, რომ იქ წასვლა მომინდა. მეც მინდა ქვეყნიერების ნახვა, ვაჰ!

22 აპრილი, პარასკევი
დღეს არ ვმუშაობ, გვიან ავდექი და ვეძგერე ფეისბუკს. შეიქმნა ჯგუფი „ქვიშხეთიForever“. ვისაც კი ოდესმე დაუსვენია ქვიშხეთის მწერალთა სახლში, მიმიხვდება, რა სიყვარული და მოგონებები მაკავშირებს იქაურობასთან, ჯერ ჩემი ბავშვობის დროინდელი, მერე უკვე ჩემი შვილებისა. აუარებელი ფოტო დევს და და ნელ-ნელა კიდევ შემოაქვთ. ყოველ საათში ერთხელ ვიხედები ამ თემაში, ხომ არაფერი დაუმატებიათ-მეთქი. ამეშალა ტკბილი მოგონებები. მეც გადმოვაქოთე ძველი ფოტოები, ჩემი წვლილი უნდა შევიტანო. 30-იანი წლებიდან მოყოლებული 90-იანებამდე ვინ აღარ ისვენებდა იქ: ქართველი მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, მხატვრები, მათი ოჯახის წევრები - რამდენიმე თაობა. თითქმის არანაირი პირობები და კომფორტი არ იყო დიმიტრი ყიფიანის ყოფილ მამულში, მაგრამ სული იყო ისეთი, რაღაცნაირი, აუხსნელი. ვერ ვწყდები ფოტოებს, ზოგს ვცნობ, ზოგს - ვერა. ვცდილობ ამოვიცნო. რა თქმა უნდა, ყველას რას გავწვდები. ოჰ, წავიდე ერთი, დავიძინო. ხვალ კვერცხები უნდა შევღებო და სოფო გავახარო.

23 აპრილი, შაბათი
სოფო და მისი დიდი ბებია (ჩემი 88 წლის დედამთილი) კვერცხებს ღებავენ და ერთად ხალისობენ. მე კომპიუტერს ვუზივარ და სამზარეულოდან იმათი ჭუკჭუკი და სიმღერის ხმა მესმის. მაგონდება ჩემი მშობლები, სხვადასხვა დღესასწაულები სახლში და უზრუნველი ბავშვობა და სტუდენტობა - დრო, როდესაც არაფერი მაწუხებდა, ხვალინდელი გამოცდების და სასიყვარულო განცდების გარდა. ენდროს სუნი ტრიალებს. პასკა არ გამომიცხვია, მარტივად გადავწყვიტე - ვიყიდე, მაგრამ სურნელოვანი გამოდგა და იმისი სურნელიც ერევა. სასიამოვნო განწყობა დამეუფლა. ხვალ, იმედი მაქვს, მთელი ოჯახი შევიკრიბებით სადილად. სასაფლაოზე ორშაბათს წავალ და დავხედავ მშობლებს, ძალიან მომენატრნენ.
ყველას წინასწარ გეტყვით:
ქრისტე აღდგა!

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG