Accessibility links

logo-print

ტინა კეიდანაუ: ”აშშ კონკრეტული რეფორმების ადვოკატირებას არ აპირებს, ის დიალოგის მომხრეა”


ტინა კეიდანაუ

ტინა კეიდანაუ

ევროპისა და აზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ტინა კეიდანაუმ
აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში არაერთი შეხვედრა გამართა. უფრო კონკრეტულად, 27 აპრილს დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მეოთხე რაუნდი გაიმართა. ტინა კეიდანაუ დილიდან მართავდა შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, საუბრის თემა კი იყო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები და მედიის თავისუფლების ხარისხი. მოგვიანებით მთავრობის კანცელარიაში აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავრობის კანცელარიაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.
მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა საარჩევნო სეზონის დაწყებამდე დასრულდეს. შეერთებული შტატები არ აპირებს ადვოკატირება გაუწიოს რომელიმე კონკრეტულ რეფორმას, ჩვენ დიალოგის მომხრეები ვართ...

მართალია, 2003 წლიდან საქართველოში დიდი სამუშაოა შესრულებული, მაგრამ მეტის გაკეთება შეიძლება, - განაცხადა ტინა კეიდანაუმ, ევროპისა და აზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე. გასაკეთებელ საქმეთა ჩამონათვალში კი მოხვდა სასამართლო რეფორმის გაუმჯობესება, საარჩევნო გარემოს შეცვლა, კანონის უზენაესობის განმტკიცება. მან იმედისმომცემი უწოდა ოპოზიციური „რვიანისა“ და ხელისუფლების მიერ წარმოებულ მოლაპარაკებებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

”ვინაიდან საქართველო შედის ე.წ. საარჩევნო სეზონში, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა საარჩევნო სეზონის დაწყებამდე დასრულდეს. შეერთებული შტატები არ აპირებს ადვოკატირება გაუწიოს რომელიმე კონკრეტულ რეფორმას, ჩვენ დიალოგის მომხრეები ვართ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დროულად იქნება მიღწეული შეთანხმება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რათა ეს პროცესი არჩევნებამდე განხორციელდეს”, - ამბობს ტინა კეიდანაუ.

მან პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატა პარლამენტის მიერ მედიაგამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონისადმი. მისი თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

მართლმსაჯულების სისტემა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრობლემა, შეკრებებისა და მანიფესტაციის კუთხით არსებული პრობლემები, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, მედიის თავისუფლების დაბალი ხარისხი, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ტინა კეიდანაუსთან შეხვედრისას დააყენეს. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, ამერიკულმა დელეგაციამ ყურადღებით მოუსმინა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს:
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი

”მათ აღნიშნეს, რომ ყველა ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ამისათვის მხოლოდ ერთი საათი საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ ისინი ამ საკითხებს მთავრობის წარმომადგენლებთანაც განიხილავენ. მათ ასევე აღნიშნეს, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად.”

შეიძლება ითქვას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ტინა კეიდანაუს ვიზიტს სხვადასხვანაირად მომზადებული დახვდნენ. თუკი ერთი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა მას მაგიდის გარშემო ესაუბრა, მეორე ნაწილი მთავრობის კანცელარიაში დღის პირველი საათისათვის მისულ ტინა კეიდანაუს ტრანსპარანტებით შეხვდა. გზავნილები კი ასეთი იყო: თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. ტინა კეიდანაუს ესკორტს სვლა არ შეუნელებია, ისე შევიდა მთავრობის კანცელარიის მძიმე რკინისკარიან ეზოში. ტრანსპარანტებიანი ახალგაზრდები ცდილობდნენ მისთვის მთავარი გზავნილები რკინის გალავნის მიღმა მაინც დაენახვებინათ.
პეტიციაში არის თხოვნა იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა პრაქტიკული ზემოქმედება მოახდინოს ხელისუფლებაზე...

აღსანიშნავია, რომ ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა პეტიციას, რომლითაც ისინი ტინა კეიდანაუს მიმართავენ. პეტიციაში არასამთავრობოები ითხოვენ, რომ ამერიკამ გააძლიეროს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მოლაპარაკებები დაჩქარდეს. როგორც ”ქართული აკადემიის” წევრი თემურ ნანეიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ახირება არ არის, ამ მოთხოვნის უკან საზოგადოება დგას.

”პეტიციაში არის თხოვნა იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა პრაქტიკული ზემოქმედება მოახდინოს ხელისუფლებაზე, რათა ხელისუფლებამ იზრუნოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე”, - ამბობს თემურ ნანეიშვილი.
ამერიკულმა მხარემ დაგვიდასტურა ამერიკის პოზიცია, რომ შეთანხმებები საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დროულად უნდა მოხდეს...

აზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ამერიკული მხარე დაინტერესებულია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შეთანხმება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის:

”ამერიკულმა მხარემ დაგვიდასტურა ამერიკის პოზიცია, რომ შეთანხმებები საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დროულად უნდა მოხდეს. ამ შეთანხმებებს ელოდება როგორც ქართული საზოგადოება, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ პროცესში ფართო საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს და საზოგადოებას უნდა გაუჩნდეს ამ პროცესში თანამონაწილეობის განცდა.”

შეგახსენებთ, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია 2009 წლის იანვარში ვაშინგტონში გაფორმდა. დემოკრატიის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ხალხთა შორის ურთიერთობის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფები რეგულარულად იკრიბებიან, იხილავენ მიმდინარე პროცესებს და სამომავლო გეგმებს ადგენენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG