Accessibility links

პროფესიონალიზმი და ფავორიტიზმი - რეგიონალური მედიის მთავარი გამოწვევები


არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა“ წარმოადგინა შედეგები მედიის ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში რეგიონებში ჩატარებული შეხვედრებისა, სახელწოდებით - ”დიალოგი მედიას, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის”. ბათუმში, ოზურგეთში, ფოთში, ქუთაისში, სიღნაღსა და გორში გამართულ ამ შეხვედრებზე მედიის პრობლემებზე, მედიისა და საზოგადოების, ასევე მედიისა და ხელისუფლების ურთიერთობებზე ყველა ამ ჯგუფის წარმომადგენელი საუბრობდა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გვენახა საერთო სურათი ექვსი ქალაქის მაგალითზე, თუ როგორ შეიძლება მედიაპროდუქტი გახდეს უფრო მეტად ხარისხიანი...

ხელისუფლება, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, საზოგადოების აქტიური წევრები და მედია - ასეთი იყო საქართველოს ექვს ქალაქში „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებული შეხვედრების მონაწილეთა შემადგენლობა. დახურულ შეხვედრებზე ღიად ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ რა პრობლემები აქვს მედიას ხელისუფლებასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში. ამ დიალოგის ინიციატორ ორგანიზაციას კონკრეტული მოტივაცია ჰქონდა:

”ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გვენახა საერთო სურათი ექვსი ქალაქის მაგალითზე, თუ როგორ შეიძლება მედიაპროდუქტი გახდეს უფრო მეტად ხარისხიანი, რა გვაკლია ჩვენ იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო მეტი სანდოობის ნიშნით აღბეჭდილი და რა გვაკლია იმისთვის, რომ ჩვენი გაშუქებული ამბები იყოს უფრო მეტად მისაღები საზოგადოებისთვის, უფრო მეტად გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება და მედიამ ამ საქმეში თავისი კონსტრუქციული როლი შეასრულოს”, - ამბობს „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორი, ჟურნალისტი ია ანთაძე. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები დედაქალაქში რომ ჩატარებულიყო, შედეგი სრულიად განსხვავებული იქნებოდა.
დისკუსიები ჩავატარეთ რეგიონებში და ის ადამიანები, ვინც პოზიტიურად აფასებენ ბოლო სამი წლის განმავლობაში მედიაში მიმდინარე პროცესს, არიან რეგიონების მცხოვრებლები...

”სრულიად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ამ შეხვედრებს ესწრებოდნენ, ამბობენ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში გაიზარდა, მედიის მხრიდან მათი პრობლემების მიმართ ინტერესი გაიზარდა და მათი სექტორის მიმართ ნდობაც საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად გაიზარდა. ეს იყო შედეგი, რომელმაც ჩვენ თავიდან საკმაოდ გაგვაოცა, რადგან ვიცით, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში მედიაში, მაგრამ მაშინვე მივხვდით, თუ რა იყო ამ შედეგის მიზეზი - მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ დისკუსიები ჩავატარეთ რეგიონებში და ის ადამიანები, ვინც პოზიტიურად აფასებენ ბოლო სამი წლის განმავლობაში მედიაში მიმდინარე პროცესს, არიან რეგიონების მცხოვრებლები.”

და ეს შეფასებები არ არის უსაფუძვლო. კიდევ ერთხელ ადასტურებს რეგიონალური მედიის უპირატესობას, გამჭვირვალობას, გნებავთ, შემართებას და გაბედულებას, - აცხადებენ პროექტის ხელმძღვანელები. მედიაში არსებული პრობლემების კვლევისას რამდენიმე პრობლემაც გამოიკვეთა.

”გამოიკვეთა პროფესიონალიზმის პრობლემა, საზოგადოების სისუსტე, პოლიტიკური ნება, ამას ემატება ფავორიტიზმისა და კომუნიკაციის პრობლემა”, - ამბობს „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ პროექტების მენეჯერი ია გეგეშიძე.
რეგიონებში ჩატარებული შეხვედრების შედეგების წარდგენა

თითქმის ყველა ქალაქში მედიის ყველაზე მთავარ პრობლემად, უმაღლესი პროცენტული მაჩვენებლით, ჟურნალისტების პროფესიონალიზმი სახელდება, შემდეგ კი სად - როგორ. ბათუმში ფიქრობენ, რომ პროფესიონალიზმის მომდევნო პრობლემა საზოგადოების სისუსტეა, ოზურგეთის საზოგადოება ამბობს, რომ კომუნიკაციის პრობლემა და შიში, ქუთაისში ნომერ მეორე პრობლემად პოლიტიკურ ნებას ასახელებენ, გორში - საზოგადოების სისუსტესა და ფავორიტიზმს. პროფესიონალიზმთან დაკავშირებით შენიშვნები მედიის წარმომადგენლებმა გორშიც მიიღეს, თუმცა იქ გამართული შეხვედრის მონაწილემ, ჟურნალისტმა საბა წიწიკაშვილმა საპასუხოდ ე.წ. ფავორიტიზმის პრობლემა დაასახელა:
ვისთანაც აწყობთ ურთიერთობა, მათთან თანამშრომლობაზე უარს არ ამბობენ და თუ არ აწყობთ, უარს ეუბნებიან...

”ვგულისხმობ იმას, რომ თუ რომელიმე ადგილობრივი მედიის მფლობელი ამავე დროს ხელისუფლებაში მუშაობს, მისი ჟურნალისტები უპირატეს მდგომარეობაში არიან, ისინი ხდებიან ხელისუფლების ფავორიტი ჟურნალისტები... ანუ ვისთანაც აწყობთ ურთიერთობა, მათთან თანამშრომლობაზე, კომენტარზე უარს არ ამბობენ და თუ არ აწყობთ, უარს ეუბნებიან. და ეს არ არის მხოლოდ გორის პრობლემა, ბევრ რეგიონშია ასე.”

ამ პრობლემების დასაძლევი ოთხი რეკომენდაცია კი ასეთია: დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება, საზოგადოების გააქტიურება, განათლება და დიალოგი მედიას, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG