Accessibility links

თბილისში ტინა კეიდანაუს ვიზიტი დაიწყო


აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ტინა კეიდანაუ

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ტინა კეიდანაუ

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ტინა კეიდანაუ დღეს თბილისში შეხვდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. საუბრის თემები იყო საქართველოში მედიისა და მართლმსაჯულების მდგომარეობა და საარჩევნო და შრომის კოდექსების ხარვეზები. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობა განიხილეს დღეს ამერიკელმა დიპლომატმა და ოპოზიციის ლიდერებმა. ტინა კეიდანაუსთან ახალი მემარჯვენეების, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის, რესპუბლიკური პარტიის, ეროვნული ფორუმისა და თავისუფალი დემოკრატების ლიდერთა შეხვედრის შემდეგ ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ აშშ-ის პოზიციით, საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად შეთანხმებები სწრაფად უნდა მოხდეს. ალასანიას თქმით, საუბარი იყო ამ პროცესში არასამთავრობო სექტორის მეტად მონაწილეობისა და საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობაზეც. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ამერიკულმა მხარემ დაადასტურა შეერთებული შტატების მთავრობის პოზიცია, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს სამართლიანი და ობიექტური არჩევნები, რასაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის სწრაფად შეთანხმება სჭირდება.

საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობაზეა საუბარი პეტიციაში, რომელიც 9 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გაუგზავნეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას. პეტიციის ხელმომწერები აცხადებენ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ საზოგადოების მოთხოვნაცაა და იმედს გამოთქვამენ, რომ აშშ-ის მთავრობა გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რათა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების აუცილებლობაში დაარწმუნოს.
XS
SM
MD
LG