Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ იქნება ნაზარბაევის შემდეგ?


ასტანა, 2011 წლის 8 აპრილი: ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი პრეზიდენტად მეოთხე ვადით ინაუგურაციის ცერემონიაზე
ასტანა, 2011 წლის 8 აპრილი: ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი პრეზიდენტად მეოთხე ვადით ინაუგურაციის ცერემონიაზე
ყაზახეთი ყველაზე მდიდარი და სტაბილური ქვეყანაა შუა აზიაში. ხელისუფლება ამ წარმატებას, უწინარეს ყოვლისა, პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის დამსახურებად წარმოსახავს. მაგრამ დრო გადის და თავს ვეღარავინ არიდებს შეკითხვას - ვინ შეცვლის ქვეყნის ლიდერს, რომელიც 70 წლის ასაკში მეოთხე ვადით აირჩიეს პრეზიდენტის პოსტზე?

ვინ იქნება ნაზარბაევის შემდეგ? ეს შეკითხვა უკვე რამდენიმე წელია გაისმის დამოუკიდებელ მედიასა და ექსპერტებში. მაგრამ მიმდინარე თვეში პირველად გავრცელდა ინფორმაცია ნაზარბაევთან დაახლოებული წრიდან, რომ თვით პრეზიდენტი ფიქრობს მისი მმართველობის შემდგომ პერიოდზე.
ჩვენ იქითკენ ვაპირებთ სვლას, რათა მომდევნო ხუთ წელიწადში შევქმნათ სისტემა, რომელიც ერთი ადამიანის ნებაზე კი არ იქნება დამოკიდებული, არამედ შეძლებს მის გარეშე მუშაობასაც...

პოლიტიკის საკითხებში ნაზარბაევის მრჩევლის, ერმუხამედ ერტისბაევის განმარტებით, ნაზარბაევი განიხილავს პოლიტიკური სისტემის შეცვლის: „სუპერ-საპრეზიდენტოს“ ნაცვლად „საპრეზიდენტო-საპარლამენტოზე“ გადასვლის შესაძლებლობას.

„ჩვენ იქითკენ ვაპირებთ სვლას, რათა მომდევნო ხუთ წელიწადში შევქმნათ სისტემა, რომელიც ერთი ადამიანის ნებაზე კი არ იქნება დამოკიდებული, არამედ შეძლებს მის გარეშე მუშაობასაც“, - განაცხადა ერტისბაევმა ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც ნაზარბაევი მეოთხე ვადით შეუდგა პრეზიდენტობას, 3 აპრილის არჩევნებში იოლად გამარჯვების შემდეგ. მაინც რას ნიშნავს ზემოხსენებული „საპრეზიდენტო-საპარლამენტო“ სისტემა?

ერტისბაევი შემდეგ განმარტებას იძლევა: პრეზიდენტის პარტია „ნურ ოტანის“ წევრები იქნებიან მომავალ პარლამენტში, მთავრობაში, პოლიტიკურ ელიტაში, სამეცნიერო და აკადემიურ წრეებში. მაშინ, როცა ორგანიზაცია „ატამაკენის“ ბაზაზე შეიქმნება ბიზნესზე ორიენტირებული პარტია. „ატამაკენს“ რაც შეეხება, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ათობით წამყვანი კორპორაციის ხელმძღვანელებს აერთიანებს და რომელსაც სათავეში უდგას ნაზარბაევის სიძე - 44 წლის მულტიმილიონერი თიმურ კულიბაევი. დინარა ნაზარბაევას მეუღლე ამჟამად ხელმძღვანელობს კერძო ასოციაცია „კაზენერჯის“, რომელიც ნავთობის, გაზის და ურანის მწარმოებელ 50-ზე მეტ კომპანიას აკონტროლებს...
მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ნაზარბაევი გულწრფელი იყო, როცა განაცხადა ’მანამდე ვმართავ ქვეყანას, სანამ ჯანმრთელობა მომცემს ამის შესაძლებლობასო’...

რა როლს შეასრულებს ის მომავალში, ჯერ ნათელი არ არის. მოსკოველი ექსპერტის, პოსტსაბჭოთა კვლევათა ანალიტიკური ცენტრის დირექტორ ალექსეი ვლასოვის აზრით, ნაზარბაევი თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას შემცვლელის კანდიდატურაზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნაზარბაევმა ზუსტად განსაზღვრა, რამდენ ხანში მოხდება შეარჩევს მემკვიდრესო, განმარტავს ვლასოვი და განაგრძობს: „მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ნაზარბაევი გულწრფელი იყო, როცა განაცხადა „მანამდე ვმართავ ქვეყანას, სანამ ჯანმრთელობა მომცემს ამის შესაძლებლობასო“. ის მხოლოდ ამ შემთხვევაში მოამზადებს მოედანს ძალაუფლების გადასაბარებლად. ისევ ხაზგასმით ვამბობ: რაღაც გაურკვეველ მომავალში ძალაუფლებას და მმართველობის სხვა მექანიზმებს გადასცემს იმ ადამიანს, რომელსაც ის აარჩევს და რომლის შესახებაც მარტო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას“.

ნაზარბაევსა და, ზოგადად, ყაზახეთის ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებენ - მიუთითებენ კორუფციაზე და იმაზეც, რომ ქვეყანაში არ ხორციელდება დემოკრატიული რეფორმები. ეუთომ გააკრიტიკა წლევანდელი აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებიც. მათ შედეგად ნაზარბაევს ხმების 90 პროცენტზე მეტი ერგო...

მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ნაზარბაევი მართლაც სარგებლობს პოპულარობით ყაზახების დიდ ნაწილში. პრეზიდენტს, რომელიც 1989 წლიდან რჩება ხელისუფლების სათავეში, ბევრი მიიჩნევს სტაბილურობისა და ეკონომიკური აღმასვლის გარანტად. 2000-დან 2007 წლამდე ყაზახეთის ეკონომიკა წელიწადში, საშუალოდ, 9 პროცენტით იზრდებოდა. გლობალური საფინანსო კრიზისის შემდეგ ქვეყანა მალევე დადგა ფეხზე და 2010 წელს ეკონომიკის 7-პროცენტიან ზრდას მიაღწია. ეს სტაბილურობა კი ინვესტიციებს იზიდავს: უცხოურ კომპანიებს 150 მილიარდამდე დოლარი აქვთ ჩადებული ენერგოსექტორში.

ყაზახეთი, რომელიც მსოფლიოს სიდიდით მეცხრე ქვეყანაა, ნავთობისა და გაზის მდიდარი რესურსებით გამოირჩევა. ექსპერტებს იქ 40 მილიარდამდე ბარელი ნავთობი და 1,8 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ეგულებათ.
ეს საკითხი დგას - სამართლიანი განაწილება. სწორედ ის იწვევს ხალხის ყველაზე მკვეთრ უკმაყოფილებას. ხალხი ხედავს, რომ მდიდარ ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ თვითონ ღარიბია...

ნაზარბაევის ოპონენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ყაზახეთის კეთილდღეობა ემყარება სწორედ ბუნებრივ რესურსებს და არა მართვის რაიმე განსაკუთრებულ უნარს, რომელსაც პრეზიდენტი ფლობს. ბიზნსემენი და პოლიტიკოსი ბულატ აბილოვი კიდევ ერთ პრობლემაზე მიუთითებს - იმ გარემოებაზე, რომ ენერგორესურსების გაყიდვით მიღებული შემოსავლის უდიდესი ნაწილი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების მცირერიცხოვანი ელიტის ჯიბეებში მიდის.

„ეს საკითხი დგას - სამართლიანი განაწილება. სწორედ ის იწვევს ხალხის ყველაზე მკვეთრ უკმაყოფილებას. ხალხი ხედავს, რომ მდიდარ ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ თვითონ ღარიბია“, - ამბობს ყაზახეთის ხელისუფლების ეს ოპონენტი.

აბილოვის მიერ ნახსენები შეუსაბამობის მიუხედავად, უმრავლესობისთვის, როგორც ჩანს, მაინც სასურველია მდიდარ ქვეყანაში ცხოვრება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ, რომელიც ყაზახეთში წელს, თებერვალში ჩაატარა შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო რესპუბლიკულმა ინსტიტუტმა, დაადგინა, რომ რესპონდენტთა 90 პროცენტი დადებითად აფასებს ნაზარბაევის მმართველობას. ბუნებრივია, ამ ხალხს სურს, რომ დესტაბილიზაცია არ მოჰყვეს იმას, რაც ადრე თუ გვიან მოხდება - ხელისუფლებიდან ნაზარბაევის ჩამოშორებას.

ერთი რამ წინასწარვე ნათელი ჩანს: დემოკრატიზაციის პროცესი ყაზახეთს ახლო მომავალში არ მოელის.
XS
SM
MD
LG