Accessibility links

logo-print

ევროკავშირი სირიაზე იმსჯელებს


ევროკავშირი აპირებს სირიის წინააღმდეგ მიმართული სანქციების შესახებ მოლაპარაკებას საგანგებო შეხვედრაზე, რომელიც პარასკევს გაიმართება. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის პრესმდივან მაიკლ მენის განმარტებით, განიხილავენ ყველა სახის სანქციის მიღების შესაძლებლობას. გერმანიამ უკვე მიანიშნა, რომ მიემხრობა ზომებს სირიის წინააღმდეგ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდო ვესტერველეს განცხადებით, „სირია სახიფათო გზაჯვარედინზე დგას. თუ სირიის ხელისუფლება დაუყოვნებლივ არ შეცვლის თავის კურსს, მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწევს ამოქმედება და სირიის წინააღმდეგ სანქციები გარდაუვალი იქნება“. ბრიტანეთის განცხადებით, ის ვაშინგტონთან და ევროკავშირთან ერთად მუშაობს სირიისთვის „ძლიერი სიგნალის“ გასაგზავნად, რაც სანქციების დაწესებასაც გულისხმობს. სირიაზე იმსჯელებენ გაეროს უშიშროების საბჭოშიც. სხდომა დღეისთვის დაინიშნა მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დაგმო ტანკების გამოყენება და ცეცხლის გახსნა სირიაში საპროტესტო აქციების დასაშლელად. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ექვსი კვირის მანძილზე სირიაში 400-მდე ადამიანია მოკლული.
XS
SM
MD
LG