Accessibility links

ბელორუსიაში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის სასამართლო დაიწყო


ანდრეი სანიკოვი სასამართლო პროცესზე

ანდრეი სანიკოვი სასამართლო პროცესზე

ბელორუსიაში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ოპოზიციონერ ანდრეი სანიკოვის სასამართლო პროცესი დაიწყო. განსასჯელს ბრალად ედება „მასობრივი არეულობის ორგანიზება“ დეკემბრის საკამათო არჩევნების შემდეგ. სანიკოვი მინსკში არჩევნების შემდგომ აქციაზე დააკავეს და მას შემდეგ ციხეშია. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ანდრეი სანიკოვის სასამართლო პროცესის პირველი დღე ბრალდების მხრიდან დასმული შეკითხვებით დაიხურა. პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს ბრალად ედება „მასობრივი არეულობის“ მოწყობა 19 დეკემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში.
აშკარაა, რომ საქმე ძლიერ არაპროფესიონალიზმთან გვაქვს. შესაძლოა ისეთი ფაქტების შეთითხნას ცდილობდნენ, რომელიც მათივე მოგონილ თეორიას გაამყარებდა, ვინაიდან საქმეს არანაირი რეალური მტკიცებულება არ ამყარებს...

სანიკოვი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და უფლებადამცველი ორგანიზაცია „ქარტია 97-ის“ თანადამფუძნებელია, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სასამართლო დარბაზი ხალხით იყო სავსე. პროცესს დაესწრნენ შვედეთისა და უნგრეთის ელჩები და აშშ-ისა და რუსეთის დიპლომატები.

სანიკოვმა ხმისამოუღებლად მოუსმინა სასამართლოს წარმომადგენელს, რომელმაც მისთვის წაყენებული ბრალდებების ნუსხა წაიკითხა: მასობრივი არეულობის გამოწვევა უნებართვო აქციების გამართვისკენ მოწოდებებითა და 19 დეკემბრის დემონსტრაციის უშუალო წინამძღოლობით.

პროცესზე მყოფმა რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურის კორესპონდენტმა გვაცნობა, რომ შეკითხვებზე პასუხის გაცემისას სანიკოვმა განაცხადა, საპროტესტო აქციები „აბსოლუტურად მშვიდობიანი იყოო“ და დასძინა, რომ სამთავრობო შენობების დაზიანება პროვოკატორების ბრალი იყო და არა დემონსტრანტების.

სანიკოვის გარდა, ბელორუსიაში სხვა გავლენიან ოპოზიციონერებსაც ასამართლებენ - მათ, ვისაც მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის დეკემბრის არჩევნების შემდგომ გამართულ საპროტესტო აქციებში. ამ აქციების მონაწილეები აცხადებდნენ, რომ კენჭისყრა, რომელმაც ავტოკრატ ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოს პრეზდენტობის მეოთხე ვადა მოუტანა, გაყალბებული იყო. შვიდ განსასჯელს უკვე გამოუტანეს განაჩენი - მათ ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. ამ შვიდიდან ერთ-ერთი დმიტრი ბანდარენკოა, რომელიც სანიკოვის წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. ბანდარენკოს ოთხშაბათს ორი წლით მიუსაჯეს ციხე, „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ ბრალდებით.

ოთხშაბათს კიდევ 11 აქტივისტის სასამართლო პროცესებიც დაიწყო.
ყველაფერი ბუნდოვანია. საქმეს ფართო მასშტაბი აქვს და გარკვეული ელემენტები ნაჩქარევად არის გამქრალი. ერთი რამ ცხადია: არ არსებობს სასამართლო, რომელიც ნორმალური პროცესის ჩატარებას და ამ საქმის რეალურ შეფასებას შეძლებდა...

აქტივისტები და უფლებადამცველები მწვავედ აკრიტიკებენ ბელორუსიაში მიმდინარე სასამართლო პროცესებს - აცხადებენ, რომ პროკურორებს განსასჯელთა წინააღმდეგ არანაირი დამაჯერებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ადამიანის უფლებების ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენელი ბელორუსიაში ალეჰ ჰულაკი შიშობს, რომ სამართლიანი არც სანიკოვის სასამართლო იქნება:

„აშკარაა, რომ საქმე ძალიან ძლიერ არაპროფესიონალიზმთან გვაქვს. შესაძლოა ისეთი ფაქტების შეთითხნას ცდილობდნენ, რომელიც მათივე მოგონილ თეორიას გაამყარებდა, ვინაიდან საქმეს არანაირი რეალური მტკიცებულება არ ამყარებს. ყველაფერი ბუნდოვანია. საქმეს ფართო მასშტაბი აქვს და გარკვეული ელემენტები ნაჩქარევად არის გამქრალი. ერთი რამ ცხადია: არ არსებობს სასამართლო, რომელიც ნორმალური პროცესის ჩატარებას და ამ საქმის რეალურ შეფასებას შეძლებდა.“

დემონსტრაციებში შეტანილი წვლილისთვის, მთლიანობაში, პრეზიდენტობის შვიდი ყოფილი კანდიდატი დააპატიმრეს ან მათზე სხვა ფორმით განახორციელეს ზეწოლა. სანიკოვი, რომელსაც დაპატიმრებისას სასტიკად სცემეს, ყველაზე ხანდაზმული პირია განსასჯელებს შორის. სანიკოვს არჩევნებზე ოპოზიციის მთავარ კანდიდატად მიიჩნევდნენ, იმის მიუხედავად, რომ, ოფიციალური მონაცემებით, მას ხმათა მხოლოდ 2.5 პროცენტი ერგო, ლუკაშენკოს 80 პროცენტის ფონზე.

სანიკოვის ცოლი, ჟურნალისტი ირინა ხალიპიც დაპატიმრებულია აქციებში მონაწილეობისათვის. მას ახლა შინაპატიმრობა აქვს მისჯილი და ქმართან დაკავშირება ეკრძალება. წყვილის საქმე განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა მთავრობის მუქარის გამო, რომ მათ 3 წლის შვილის - დანილის - მეურვეობას ჩამოართმევდა. მშობლების ციხეში მოხვედრის გამო დანილს ბებია და პაპა უვლიდნენ.

უფლებადამცველი ჯგუფის, „ვესნა 96-ის“ წარმომადგენელმა ალეს ბელიატსკიმ სააგენტო „როიტერსს“ უთხრა, მთავრობა სანიკოვის საქმეს განსაკუთრებული სიმკაცრით მოეკიდებაო:

„გაუგონარი ამბავია - ამ საქმეში ბრალი ედება ან ეჭვმიტანილია პრეზიდენტობის შვიდი კანდიდატი. იმ უკომპრომისო პოზიციას თუ გავითვალისწინებთ, რომელსაც ანდრეი სანიკოვი ამჟამინდელ რეჟიმთან მიმართებით იკავებდა, ვფიქრობ, მის წინააღმდეგ, უბრალოდ, პოლიტიკური შურისძიება განხორციელდება.“

სანიკოვის სასამართლო პროცესს ყურადღებით ადევნებს თვალს დასავლეთი, რომელმაც ლუკაშენკოს და მისი გარემოცვის 100-ზე მეტ წევრს სანქციები და მოგზაურობაზე აკრძალვები დაუწესა, ოპოზიციაზე არჩევნების შემდგომი ზეწოლის გამო.
ადვოკატები ამბობენ, რომ ვერ ხედავენ მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ ჩანს, რომ საჩვენებელი სასამართლო იწყება...

ოთხშაბათ დილით სასამართლო დარბაზში ერთ-ერთი პირველი სანიკოვის დედა, ალა სანიკოვა, შევიდა. უფრო ადრე, რადიო თავისუფლების ბელორუსულ სამსახურთან საუბრისას, მან ცრემლები ვერ შეიკავა, როცა თავისი შვილის სასამართლო პროცესზე ცდილობდა ლაპარაკს:

„ადვოკატები ამბობენ, რომ ვერ ხედავენ მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ ჩანს, რომ საჩვენებელი სასამართლო იწყება. ეს საზარელი რამაა... არ არსებობს უფლებები, კანონები, სამართლიანი სასამართლო. კანონი უნდა მუშაობდეს, მაგრამ აქ ეს მხოლოდ ამორჩევით ხდება. ღმერთს ვთხოვ დახმარებას.“

სასამართლო პროცესების ფონია ბელორუსიაში მზარდი ეკონომიკური პრობლემები. ბევრი თვლის, რომ ავტოკრატი ლიდერი ოპოზიციაზე ზეწოლას და მიმდინარე თვეში მინსკის მეტროში მომხდარ სისხლიან აფეთქებას იყენებს უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად და ხალხის ყურადღების ეკონომიკური პრობლებემიდან სხვა საკითხებზე გადასატანად.

განსაკუთრებულად მკაცრი აკრძალვებისა და შეზღუდვების მსხვერპლია მედია. სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ბელორუსიის მთავრობამ წამოიწყო სასამართლო პროცესები, რაც მიზნად ისახავს ორი ოპოზიციური გამოცემის - „ნაროდნაია ვოლიასა“ და „ნაშა ნივას“ - დახურვას.
XS
SM
MD
LG