Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს ”კონკრეტული” დისკუსია ჟენევაში


29 აპრილს ჟენევაში გაიმართა მოლაპარაკებათა მე-2 რაუნდი მოსკოვსა და თბილისს შორის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. კვლავაც გასაიდუმლოებულია შვეიცარიის შუამავლობით გამართული შეხვედრის დეტალები, თუმცა რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ მე-2 რაუნდი, პირველთან შედარებით, მეტი ”კონკრეტულობით” გამოირჩეოდა და რომ კვლავაც გაგრძელდება განხილვები საქართველოს მიერ წამოყენებული უცვლელი მოთხოვნის გარშემო.
საქართველოს მოთხოვნა არის უცვლელი და ეხება საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ერთობლივად შეთანხმებული სქემის ჩამოყალიბებას...

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ 29 აპრილის შეხვედრაზე, როგორც ეს, ალბათ, ბევრისთვის იყო მოსალოდნელი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა. მართალია, წინასწარ შეთანხმებული დახურული ფორმატის გამო, მხარეებს დეტალების გამჟღავნების უფლება არც მე-2 რაუნდის შემდეგ აქვთ, მაგრამ ზოგიერთ რამეზე მაინც შეიძლება ლაპარაკი - მაგალითად, იმაზე, რომ საქართველოს პოზიციას ცვლილებები არ განუცდია და ეს ჩვენთან საუბარში დაადასტურა საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა, პრემიერ-მინისტრის მთავარმა მრჩეველმა თამარ კოვზირიძემ:

”საქართველოს მოთხოვნა არის უცვლელი და ეხება საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ერთობლივად შეთანხმებული სქემის ჩამოყალიბებას, რომ ერთობლივად შემუშავებული მონიტორინგის მექანიზმი გვქონდეს სავაჭრო მიმოქცევაზე და ამ პროცესის განმავლობაში განვიხილავთ საქართველოს მოთხოვნის დარეგულირების სხვადასხვა მექანიზმს... ეს შეხვედრა იყო უფრო კონკრეტული, ვიდრე ის პირველი შეხვედრა, რომელიც ზოგად სახეს ატარებდა.”

29 აპრილის შეხვედრაზე კონკრეტული იდეები რომ განიხილებოდა, თამარ კოვზირიძის გარდა, რადიო თავისუფლებას დაუდასტურა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ, თუმცა განხილულ იდეათა დეტალები არც მას დაუზუსტებია.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შეიცვალა რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს უცვლელი მოთხოვნის მისამართით, რაც ”განთიადი-ადლერისა” და ”როკი-ქვემო ზარამაგის” საბაჟო-საკონტროლო პუნქტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას გულისხმობს. უნდა ითქვას, რომ ანალიტიკოსების უმრავლესობისთვის საკმაოდ ძნელი წარმოსადგენია მოსკოვის კომპრომისი.

რუსეთი ამ მოთხოვნას პოლიტიკურს უწოდებს, მაშინ როცა საქართველოსთვის ის წმინდა ეკონომიკური ხასიათისაა და სავსებით შეესაბამება ვმო-ში დამკვიდრებულ წესებს.

პარალელურად, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს მანამდეც უთქვამთ და ეს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმაც გაიმეორა 26 აპრილს სოხუმში ვიზიტისას, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა გაწევრიანდეს ვმო-ში საქართველოს თანხმობის გარეშე.
პრეზიდენტმა თქვა, ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, ელჩმა თქვა და ყველამ, ვისაც შეხება აქვს ამ საკითხთან, თქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებას და მხარს ვუჭერთ გაწევრიანებას წელს...

უნდა ითქვას, რომ, ვმო-ს წესდების მიხედვით, ასეთი ტექნიკური შესაძლებლობა მართლაც არსებობს, თუმცა იმის გამო, რომ ორგანიზაციის წევრი 153 ქვეყნიდან ჯერ არც ერთი არ გაწევრიანებულა საერთო კონსენსუსის გარეშე, თბილისს იმედი აქვს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ გამონაკლისს არც რუსეთის შემთხვევაში დაუშვებს და რომ რუსეთს აუცილებლად დასჭირდება საქართველოს ხმა. რაც შეეხება რუსეთის მიერ გამოხატულ საპირისპირო მიდგომებს, მას ”მუქარას” და ”სუფთა წყლის შანტაჟსა და ბლეფს” უწოდებს 28 აპრილს გაკეთებულ კომენტარში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.

ფაქტია, რომ ჯერჯერობით საქართველო არ აპირებს უკან დახევას და პოზიციების შერბილებას, თუმცა, რუსეთისადმი დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერის ფონზე, ანალიტიკოსების ნაწილი სამომავლოდ არც ასეთ შედეგს გამორიცხავს. რუსეთისადმი მხარდაჭერაზე საუბრისას განსაკუთრებით ესმება ხაზი შეერთებული შტატების ფაქტორს და ამ მხარდაჭერაზე 15 აპრილს, პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკურ ინსტიტუტში გამოსვლისას, გარკვევით ილაპარაკა მაიკლ მაკფოლმა, პრეზიდენტ ობამას თანაშემწემ. ის ასევე უძღვება რუსეთის და ევრაზიის საკითხებს ეროვნული უშიშროების საბჭოში:

”უპირველეს ყოვლისა, რისი გაკეთებაც გვინდა მიმდინარე წელს, - იმისათვის რომ გამოვხატოთ ნდობა სავაჭრო ინვესტიციების საკითხში რუსეთთან, - ჩვენ უნდა გავაწევრიანოთ რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში და თანადგომა გავუწიოთ ამ პროცესს. პრეზიდენტმა თქვა, ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, ელჩმა თქვა და ყველამ, ვისაც შეხება აქვს ამ საკითხთან, თქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებას და მხარს ვუჭერთ გაწევრიანებას წელს...”

ვაშინგტონის ასეთი მიდგომების ფონზე, კრემლსაც იმედი აქვს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთი წლის ბოლომდე აუცილებლად გაწევრიანდება. თუმცა იგივე ვაშინგტონი ყურადსაღებად მიიჩნევს საქართველოს მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს და ეს 27 აპრილს დაადასტურა თბილისში მყოფმა ტინა კეიდანაუმ, ევროპისა და აზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ. ასეთი აქცენტი 15 აპრილს მაიკლ მაკფოლის გამოსვლაშიც გამოიკვეთა. მან განაცხადა, რომ შესაძლებელია რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დავის ერთგვარი ”შემოქმედებითი გადაწყვეტა”, ანუ, მაგალითად, ხსენებული საბაჟო-საკონტროლო პუნქტების გამჭირვალობის უზრუნველყოფა, იქ ქართველი მებაჟეების განთავსების გარეშე.

თბილისი აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესში დასავლეთი მას არაფერში ატანს ძალას და სწორედ ამგვარი განცხადებების ფონზე გამოთქვამს თავის ვარაუდს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ბაკურ კვაშილავა:

”... ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ დასავლეთს სინამდვილეში არ სურს რუსეთის გაწევრიანება და საქართველოს იყენებს როგორც მეხამრიდს - რომ, აი, ჩვენ რა ვქნათ, ეს ქვეყანა არ გიჭერთ მხარს, თორემ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ თქვენ იყოთ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი... თუ ეს ასე არ არის, მაშინ ადრე თუ გვიან გარდაუვალია რუსეთის გაწევრიანება ვმო-ში, მაგრამ მთავარია, რომ ამ პროცესში საქართველომ თავისი მიზნების მაქსიმალური განხორციელება შეძლოს...”

ჯერჯერობით ვერავინ იტყვის, თუ როგორ დასრულდება ეს პროცესი, თუმცა პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი თამარ კოვზირიძე ჩვენთან საუბრისას გამოთქვამს იმედს, რომ ”ეს პროცესი დასრულდება შედეგით, რომელიც იქნება ყველა მხარისათვის მისაღები.”

29 აპრილს ჟენევაში მხარეები შეთანხმდნენ, რომ მესამედაც შეხვდებიან ერთმანეთს. სავარაუდოდ, მოლაპარაკებათა მე-3 რაუნდი მაისის ბოლოს გაიმართება. კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG