Accessibility links

საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას სასამართლოც ხელს უშლის?


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ წიგნად გამოსცა რიგით მეოთხე კვლევა - ”ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში”, რომელშიც 2008-2010 წლებში სასამართლო პრაქტიკის ძირითად ტენდენციებზეა საუბარი. კვლევამ აჩვენა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ინფორმაციის თავისუფლების სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ნამდვილად არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია (კერძოდ, მისი 24-ე, 41-ე და 37-ე მუხლები) ინფორმაციის თავისუფლების მაღალ გარანტიებს შეიცავს, საქართველოში მოღვაწე არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება საჯარო ინფორმაციის მიღებაზე უარის ფაქტებს სასამართლოში ასაჩივრებს. თუმცა, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ მომზადებული ახალი კვლევიდან ირკვევა, სასამართლო გადაწყვეტილებები, პირიქით, უარესად ასაიდუმლოებს საჯარო ინფორმაციას. საიას წარმომადგენელი თამარ კორძაია იხსენებს ამავე ტიპის სულ პირველ კვლევას, რომელიც რევოლუციამდე მოამზადეს. 2003 და 2010 წლების განმავლობაში სურათი ასე იცვლებოდა:

”როდესაც 2002-2003 წლებში პირველი კვლევა გავაკეთეთ, სულ ამ საკითხზე სასამართლოს ათიოდე გადაწყვეტილება არსებობდა, მაგრამ აქედან პროცენტულად ინფორმაციის თავისუფლების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებები მეტი იყო. ახლა, ცხადია, გადაწყვეტილებების რიცხვი გაცილებით მეტია, მაგრამ არა ინფორმაციის თავისუფლების სასარგებლოდ. ტენდენცია იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებით გასაიდუმლოვდეს ინფორმაცია, გაცილებით მაღალია და ჩვენ ამაში პრობლემას ვხედავთ. ზოგადად, დიდი ამბიციაა იმის მტკიცებაც, რომ სასამართლო არასწორ გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ასეა. ჩვენ ვამბობთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები არასწორია.”

ბოლო დროს სასამართლო პრაქტიკაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა, მაგალითად, პერსონალური მონაცემების და ინფორმაციის თავისუფლების კონკურენცია. ეს უკანასკნელი სულ უფრო ხშირად ეწირება პირველის ინტერესებს. ერთი თვალსაჩინო მაგალითი:
”უკანასკნელ პერიოდში სახელმწიფო დაწესებულებებმა დაასკვნეს, რომ მათი დასახელებაც კი პერსონალური მონაცემი ყოფილა. ამ ტიპის საქმეებზეც კი გვიწევს სასამართლოში დავა, რაც სრული აბსურდია.”

ეს საქმე საიამ გაასაჩივრა და მოიგო. მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევაა. კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ვახუშტი მენაბდე, ამბობს, რომ კვლავ დახურულია საჯარო მოხელეების პრემიებისა და სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია - ხარჯებისა, რომელსაც ბიუჯეტი იხდის:

”შეუძლებელია ამ ინფორმაციის განსაჯაროება, თუ არ დამტკიცდა, რომ საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. სასამართლო არ მიიჩნევს სათანადო არგუმენტად იმას, რომ საჯარო მოხელეების პრემიები და მივლინებების ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.”

სამაგიეროდ, არგუმენტად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მოჰყავს დასავლეთის 15 ქვეყნის მაგალითი:

”ყველა ამ ქვეყანაში ეს არის ღია, საჯარო ინფორმაცია.”

საჯარო ინფორმაციას საგანგებოდ შექმნილი ვებგვერდისთვის 6 თვის განმავლობაში ითხოვდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიც, რომლის წარმომადგენელი ლევან ავალიშვილი, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, აცხადებს:

”ზოგი ადმინისტრაციული ორგანო არათუ საკმარის ინფორმაციას არ იძლევა, საერთოდ უპასუხოდ ტოვებს ჩვენს წერილებს. მაგალითად, განათლების ან ლტოლვილთა სამინისტრო. ეს უარი კი აღარაა საჯარო ინფორმაციაზე, ეს არის აბსოლუტური იგნორირება.”

ცოტა ხნის წინ რადიო თავისუფლებასთან საუბარში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა საქართველოს სასამართლო სისტემის მთავარ მიღწევებს შორის დაასახელა ”გამჭვირვალობა, ხელმისაწვდომობა, საქვეყნოობა და საჯაროობა”..

მარტივი კითხვა: რატომ მალავენ საჯარო ინფორმაციას სახელმწიფო სტრუქტურები? და თუ საიას კვლევას დავეყრდნობით, რატომ უწყობს მათ ამაში ხელს სასამართლო? თამარ კორძაიას ცალსახა პასუხი აქვს:

”ინფორმაციას იქ ხურავენ, სადაც არსებობს კორუფცია. ხელისუფლება, რომელიც კანონიერად მოქმედებს და გამჭვირვალეა, იქ კორუფციის ნაკლები რისკია და, შესაბამისად, როცა მალავ რაღაც ინფორმაციას, საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ პრობლემები არსებობს.”

სხვათა შორის, თამარ კორძაიამ ისიც გვითხრა, რომ ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წასაღები სამი სარჩელი უკვე მზადდება.
XS
SM
MD
LG