Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კშიშტოფ ლისეკის მზადება რეზოლუციისთვის


კშიშტოფ ლისეკისა და დავით ბაქრაძის შეხვედრა პარლამენტში
კშიშტოფ ლისეკისა და დავით ბაქრაძის შეხვედრა პარლამენტში
თბილისს სამდღიანი ვიზიტით სტუმრობს ევროპის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი, დეპუტატი კშიშტოფ ლისეკი. მისი სამუშაო განრიგის მიხედვით, შეხვედრები უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. სამუშაო განრიგის მიხედვით, ლისეკი ასევე შეხვდება არასაპარლამენტო ოპოზიციას, უშიშროების საბჭოს მდივანს და მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში. მოხსენება, რომელიც კშიშტოფ ლისეკმა უნდა მოამზადოს, მაის-ივნისში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში უნდა შევიდეს, შემოდგომაზე კი პლენარულ სხდომაზე განიხილონ.

კშიშტოფ ლისეკი ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელია. მისი ერთ-ერთი ბოლო წერილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც მან 3 იანვარს გამოცემა „ნიუ იუროპში“ გამოაქვეყნა და რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლას ეხმიანება, საქართველოში მრავალი რეფორმა - მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკური წინსვლის თვალსაზრისით - წარმატებულად მიმდინარეობს. მისი შეფასებით, საქართველო წარმატებით ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებშიც. სწორედ ამ წინაპირობების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი, რომელიც გუშინ, 27 აპრილს, ლისეკსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, ამბობს, რომ კშიშტოფ ლისეკისა და მისი მეგობრების მიერ მომზადებული მოხსენება ნამდვილად იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი საქართველოსა და ბრიუსელის შემდგომი დაახლოების და ინტენსიური თანამშრომლობისა:

”საპარლამენტო რეზოლუციებში უფრო მკაფიოდ და პრინციპულად დგება ხოლმე ღირებულებების შეფასების საკითხი, რაც მერე გავლენას ახდენს აღმასრულებელი წრეების მოქმედებაზე და მათ განცხადებებზეც. ეს ეხება როგორც აგრესიას, ისე ოკუპაციასაც. უფრო კონკრეტულად საუბარი ცოტა ძნელია, იმიტომ რომ ეს დოკუმენტი ჯერ დამუშავების სტადიაშია და მერე უნდა კენჭი ეყაროს და წინასწარ რაღაცების თქმა არ არის სწორი და შეიძლება ხელის შემშლელიც იყოს.”

მსგავსი რეზოლუციები, რომელსაც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტარები ამზადებენ, დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ევროსაბჭოსა და ევროკომისიისათვის ანგარიშგასაწევი დოკუმენტია. შესაბამისად, თუ ამ დოკუმენტში ასახული იქნება ის ობიექტური რეალობა, რაც რუსულმა აგრესიამ შექმნა საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და გავლენას იქონიებს პრაქტიკულ პოლიტიკაზე, ამბობს დავით დარჩიაშვილი.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძემ კშიშტოფ ლისეკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათი საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებებს ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებაზე:

”საუბარი შეეხო სიტუაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ჩვენსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების პროცესს ასოცირებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის.”

სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშთან შეხვედრის შემდეგ კშიშტოფ ლისეკმა განაცხადა, რომ მას, საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკური და სხვა საკითხების გარდა, ადამიანის უფლებათა მდგომარეობაც აინტერესებს:

”ვამზადებ ანგარიშს საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში წარსადგენად და, რასაკვირველია, ამ ანგარიშის ნაწილი იქნება ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული სიტუაცია, განსაკუთრებით კი იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები.”

ომბუდსმენმა გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატს განსაკუთრებით აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა აინტერესებდა:

”იყო რამდენიმე საკითხი, რაზეც მან გაამახვილა განსაკუთრებით ყურადღება. ეს ეხებოდა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას, განსაკუთრებით აგვისტოს რუსეთ-საქართველოს საომარი კონფლიქტის შემდომ პერიოდს; ასევე, რა თქმა უნდა, შეეხო ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს და მდგომარეობას.”

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ, მიუხედავად თავად კშისტოფ ლისეკის საკმაოდ ახლო ურთიერთობისა საქართველოს ხელისუფლების წარომადგენლებთან, მის მოხსენებაში ობიექტურად აისახება ქვეყანაში არსებული რეალობა. აქვე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ლისეკის მოხსენებაში განსაკითრებული ადგილი დაეთმოს ორ საკითხს:

”პრინციპულად მნიშვნელოვანია რეზოლუციაში აისახოს მდგომარეობა, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ შემთხვევაში ჩვენთვის სასიამოვნო და სასურველი იყო ლისეკისგან იმის მოსმენა, რომ სიტყვა „ოკუპაციის“ ხმარებას ამ დოკუმენტში რაიმე სახის წინააღმდეგობა ევროპარლამენტის ზოგიერთი მემარცხენე ფრაქციის მხრიდან არ მოჰყვება და მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციაში ამდაგვარად ფიგურირებდეს სიტუაცია. არის სხვა თემებიც, რომლებიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში. ჩვენ გვსურს, რომ ხელისუფლებასთან საარჩევნო თემატიკაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ევროკავშირის როლი კიდევ უფრო გააქტიურდეს”,- ამბობს გიორგი თარგამაძე და აღნიშნავს, რომ იმის მიუხედავად, რომ ევროპა საქართველოს მართლაც უყურებს როგორც დემოკრატიული რეფორმების ლიდერს რეგიონში, საჭიროა მეტი მოთხოვნა დემოკრატიზაციისა.

კშიშტოფ ლისეკის მოხსენება ევროპარლამენტში, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მაის-ივნისში შევა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG