Accessibility links

ჰანსიორგ ჰაბერი შესრულებულ და შეუსრულებელ მისიაზე


საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი

საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი

საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი რამდენიმე დღეში დატოვებს საქართველოს. ის დაარსებიდან - 2008 წლის შემოდგომიდან - ხელმძღვანელობს მისიას. ზუსტად ერთი თვის წინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეთრინ ეშტონმა ჰანსიორგ ჰაბერი ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების დაგეგმვისა და წარმართვის უწყების ხელმძღვანელად დანიშნა. რადიო თავისუფლება დღეს თბილისში ესაუბრა გერმანელ დიპლომატს და მას მისიის მუშაობის შეფასება სთხოვა:

რადიო თავისუფლება: მეთვალყურეთა მისიის დაწყებისას საკმაოდ დიდი მოლოდინი არსებობდა. მახსოვს, თქვენც ლაპარაკობდით გეგმებზე. რამდენად გამართლდა ეს მოლოდინი ამ ხნის მანძილზე?

ჰანსიორგ ჰაბერი: ჩვენ კრიტიკულადაც ვუდგებოდით მოლოდინებს - რომ ვერ შევძლებდით კონფლიქტის შემდგომი ვითარების სტაბილიზაციას. თუმცა ასეთი მოლოდინი, საბედნიეროდ, უსაფუძვლო აღმოჩნდა. ვფიქრობ, სტაბილიზაციის მხრივ ბევრს მივაღწიეთ. ამაში მხოლოდ მისიას არ მიუძღვის წვლილი, არამედ კონფლიქტის მხარეებმაც გადაწყვიტეს ასე. ვფიქრობ, შედეგი ძალიან დადებითია. რაც შეეხება ნდობის აღდგენას, აქაც მივაღწიეთ პროგრესს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის საშუალებით. ის ორივე შემთხვევაში მუშაობს და ყველა მონაწილე დაინტერესებულია გაიმართოს შემდეგი შეხვედრები. რასაკვირველია, ყოველთვის არის სირთულეები. ნორმალიზაციას რაც შეეხება, თუკი ამაში ვიგულისხმებთ იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებში დაბრუნებას, ეს მოხდა დასაწყისში, მაგრამ შემდეგ წინსვლა არ ყოფილა. 30 ათასი ადამიანი, რომელმაც დატოვა სამხრეთ ოსეთი, კვლავაც თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე რჩება და არ ჩანს, რომ ახლო მომავალში ამ მხრივ რამე შეიცვლება.

რადიო თავისუფლება: ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმს მოგვიანებით მივუბრუნდებით... იმის მიუხედავად, რომ მეთვალყურეთა მისიას, ასე ვთქვათ, ”ოფიციალურად” არ გადაუკვეთია ადმინისტრაციული საზღვარი, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა პირადად თქვენ ან მისიის სხვა წევრებმა გააკეთეს ეს. შეგიძლიათ მეტი გვითხრათ ამ შემთხვევებზე?

ჰანსიორგ ჰაბერი: დე ფაქტო ერთეულების ხელისუფლებები არ გვაძლევენ პატრულირების საშუალებას, როგორც იცით. ჩვენ ვთვლით, რომ, მანდატის მიხედვით, გვაქვს ამის უფლება. თუმცა ზოგჯერ ისინი გვაძლევენ უფლებას შევამოწმოთ კონკრეტული ადგილები. ასეა, როცა ამა თუ იმ ადგილას რაღაც ხდება და მათსავე ინტერესებშია დაგვათვალიერებინონ ის. იყო ასეთი რამდენიმე შემთხვევა. ჩვენ ჩავედით ადგილზე, დავათვალიერეთ, გავესაუბრეთ ხალხს. ერთი ასეთი შემთხვევა სულ ახლახან იყო.

რადიო თავისუფლება: ჭუბურხინჯს გულისხმობთ?

ჰანსიორგ ჰაბერი: დიახ.

რადიო თავისუფლება: იქნებ, მეტი გვითხრათ ამაზე?!

ჰანსიორგ ჰაბერი: ეს არის ყოლბაიასთან დაკავშირებული შემთხვევა. ქართული მხარე აცხადებს, რომ ენგურის სამხრეთ ნაპირზე დააპატიმრეს ის, აფხაზები კი აცხადებენ, რომ ის ჭუბურხინჯიდან გაიტაცეს.

რადიო თავისუფლება: შეგიძლიათ გვითხრათ რა გაარკვიეს თქვენმა წარმომადგენლებმა?

ჰანსიორგ ჰაბერი: არა, რადგან გარკვეული დასკვნა ჯერ არ გამოგვიტანია. და არც მოველოდით ამას. ჩვენ მივყვებით ჩვეულ მეთოდს და ვკითხავთ ადამიანებს, ვიდრე არ ჩავთვლით, რომ საკმარისი ინფორმაცია გვაქვს დასკვნის გამოსატანად.

რადიო თავისუფლება: როდიდან ხდება ასე, რომ თქვენს წარმომადგენლებს აძლევენ უფლებას გადაკვეთონ ადმინისტრაციული საზღვარი? თავიდანვე ასე იყო თუ ეს არც ისე დიდი ხნის ამბავია?

ჰანსიორგ ჰაბერი: არა, ეს შედარებით გვიან დაიწყო - ვგულისხმობ 2009 წელს - და დაიწყო სამხრეთ ოსეთში.

რადიო თავისუფლება: ეს ნიშნავს, რომ ნდობა გაიზარდა.

ჰანსიორგ ჰაბერი: ნდობა?.. თუ მოლოდინი, რომ ჩვენ გამოვიტანდით ისეთ დასკვნებს, რომლებიც ჩვენი მასპინძლებისთვის ხელსაყრელი იქნებოდა?!..

რადიო თავისუფლება: შეუწყო თუ არა ხელი ამგვარ ურთიერთობას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმმა?

ჰანსიორგ ჰაბერი: ვფიქრობ, კი. ნდობა წარმოიშვა ამ მექანიზმის ფორმატში - მათ შორის, საქართველოს მთავრობასა და დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის.

რადიო თავისუფლება: ასე რომ, ყველა სირთულის მიუხედავად, ფიქრობთ, რომ ეს მექანიზმი ეფექტიანი აღმოჩნდა?

ჰანსიორგ ჰაბერი: დიახ, შეგვიძლია ამის თქმა. ერთი წლის წინ, ალბათ, ასეთ პასუხს ვერ გაგცემდით, მაგრამ ახლა შეიძლება ასე ითქვას.

რადიო თავისუფლება: შეიცვალა თუ არა მეთვალყურეების რიცხვი მთელი ამ ხნის მანძილზე?

ჰანსიორგ ჰაბერი: არა, ის 200-ის ზევით მერყეობს. იცით, რომ ეს განისაზღვრა 2008 წლის 8 სექტემბრის შეთანხმებით, რომ ჩვენ 200-ზე მეტი მონიტორი უნდა გვყავდეს ადგილზე და ჩვენ ამას მუდმივად ვასრულებთ.

რადიო თავისუფლება: ბატონო ელჩო, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ სოხუმში თქვენი ვიზიტის ზოგიერთი დეტალი?

ჰანსიორგ ჰაბერი: სოხუმში მყოფმა ხელისუფლებამ ამას უწოდა პირადი ვიზიტი. ჩვენ შევეცადეთ, რომ აგვეხსნა ჩვენი მისიის მანდატის მიზანი, როგორ გვესმის ის. და, რა თქმა უნდა, ის, რომ, კანონის თვალსაზრისით, ჩვენ მთლიანად საქართველოს გვერდით ვდგავართ. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუმცა, როცა საქმე ეხება ინციდენტებს კონკრეტულ ადგილას, ვცდილობთ ვიყოთ ნეიტრალურები და ვფიქრობ, ყველა მონაწილემ გაიგო, რომ ეს მართლაც ასეა.

რადიო თავისუფლება: მეთვალყურეობის პროცესი დეტალურად არ შუქდება. ეს გასაგებიც არის. თქვენ ამზადებთ ანგარიშებს ევროკავშირის ხელმძღვანელობისთვის, რაც ასევე არ არის საჯარო. არის თუ არა რაიმე წინსვლის ისტორია, რომელიც ვითარდება სცენის მიღმა და შესაძლებელია უთხრათ ჩვენს მსმენელს?

ჰანსიორგ ჰაბერი: ჩვენ ვაწარმოებთ მეთვალყურეობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მთელ საქართველოში მხოლოდ ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ვმოძრაობთ. ჩვენ ყოველთვის გვაქვს საკითხები, თემები. მაგალითად, ახლა თვალყურს ვადევნებთ საგაზაფხულო სამუშაოებს. ეს უკავშირდება გორის ჩრდილოეთით მდებარე რაიონს და იმას, თუ რა ზეგავლენას ახდენს ამ სოფლებზე სარწყავი წყლის დეფიციტი. ერთ-ერთ ეტაპზე თვალყურს ვადევნებდით იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიური ცენტრებიდან გამოსახლებას. მოვამზადეთ ანგარიშები და გავგზავნეთ ბრიუსელში. ეს ყველაფერი არის მეთვალყურეობა და არა რამე ცვლილების განხორციელება. ეს არ ეხება სტაბილიზაციას, რაშიც, ვფიქრობ, საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიეთ.

რადიო თავისუფლება: ცვლილების განხორციელება არ მიგულისხმია, არამედ ცვლილებებზე დაკვირვების შედეგი მაინტერესებდა, მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

ჰანსიორგ ჰაბერი: აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არის დადებითი ცვლილება გადაადგილების თავისუფლების მხრივ. რა თქმა უნდა, რუსი მესაზღვრეები აკავებენ ადამიანებს, ვინც ადმინისტრაციულ საზღვარს კვეთს იქ, სადაც ისინი ამას კრძალავენ, მაგრამ გალიდან ზუგდიდის მიმართულებით ძალიან დიდი მოძრაობაა. სამწუხაროდ, იგივე არ ხდება საპირისპირო მიმართულებით. არ მგონია, რომ მათ შორის ბევრი აფხაზი იყოს. მხოლოდ გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველები კვეთენ საზღვარს. აქ ვხედავთ პროგრესს. იგივე არ ხდება სამხრეთ ოსეთში, სადაც ადამიანები საკუთარი რისკის ფასად კვეთენ მწვანე საზღვარს.

რადიო თავისუფლება: თუმცა მედიით ვრცელდება საპირისპირო ინფორმაცია ადმინისტრაციული საზღვრის აფხაზეთის ნაწილის გადაკვეთის პირობებზე, რომ ისინი გამკაცრდა და დღეს მეტი პრობლემაა.

ჰანსიორგ ჰაბერი: ყოველთვის არის ინფორმაცია და ჭორები. მშვიდობიანი მოქალაქეები გვიყვებიან თავიანთ შიშებზე. ყველაფერს ყურადღებით ვისმენთ, ვინიშნავთ და ვსწავლობთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ დასტურდება.

რადიო თავისუფლება: რას იტყვით თქვენს ახალ თანამდებობაზე, რომელზეც უკვე დაინიშნეთ. რა მოვალეობა გეკისრებათ? იქნება თუ არა ის დაკავშირებული კვლავ საქართველოსთან?

ჰანსიორგ ჰაბერი: გარკვეულწილად. მე ვუხელმძღვანელებ განყოფილებას, რომელიც მოიცავს ყველა სამოქალაქო მისიას, საქართველოს მისიის ჩათვლით. რასაკვირველია, დიდი ინტერესით მივადევნებ თვალს იმას, რაც საქართველოს შეეხება. მისიას კი სხვა ხელმძღვანელი ეყოლება.

რადიო თავისუფლება: უკვე იცით მისი ვინაობა?

ჰანსიორგ ჰაბერი: არა, ის მაისის დასაწყისში უნდა შევარჩიოთ.
XS
SM
MD
LG