Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა - საქართველოსთვის საფრთხე, სომხეთისთვის უსაფრთხოების გარანტი


„სომხეთის ნაციონალური კონგრესის“ საპროტესტო აქცია ერევანში, 8 აპრილი
„სომხეთის ნაციონალური კონგრესის“ საპროტესტო აქცია ერევანში, 8 აპრილი
დღეს სომხეთში ოპოზიციურმა გაერთიანებამ „სომხეთის ნაციონალურმა კონგრესმა“ საპროტესტო აქციები განაახლა. კონგრესი 18 ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს. გაერთიანების ერთ-ერთ ლიდერს, დავით შაჰნაზარიანს, აქციამდე რამდენიმე დღით ადრე ერევანში შევხვდი. როგორც მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, კონგრესის მთავარი მიზანი ამჟამინდელი ხელისუფლების რიგგარეშე არჩევნების გზით შეცვლაა.

კონგრესს სარგსიანის მთავრობისადმი სამი მოთხოვნა აქვს: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, თავისუფლების მოედანზე მიტინგების ჩატარების ნებართვა და 2008 წლის პირველი მარტის მოვლენების გამოძიების დაწყება. ამ დღეს ერევანში მშვიდობიან მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა.

დავით შაჰნაზარიანს სომხურ-ქართული ურთიერთობის მომავალ პერსპექტივაზეც ვკითხეთ. საინტერესოა როგორ შეაფასა ნაციონალურმა კონგრესმა საქართველოს პარლამენტის მიერ რუსეთთან სომხეთში სამხედრო ტვირთისა და პერსონალის ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულების ანულირება. როგორც ცნობილია, აგვისტოს ომამდე სომხეთში დისლოცირებულ 102-ე რუსულ სამხედრო ბაზას ტვირთი საქართველოს გავლით მიეწოდებოდა. შაჰნაზარიანის აზრით, ეს საკითხი ქართულ-სომხურ ურთიერთობაზე ნეგატიურად ვერ იმოქმედებს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არმან კირაკოსიანი ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება საქართველოს შიდა საქმეა და ოფიციალური ერევნის გაღიზიანებას არ იწვევს. მისი თქმით, რუსულ ბაზას თბილისი და ერევანი განსხვავებულად უყურებენ: თუ საქართველოსთვის იგი საფრთხის შემცველია, სომხეთისთვის ეს ბაზა უსაფრთხოების გარანტად რჩება.

პოლიტიკური ორგანიზაცია „დაშნაკცუტუნი“ არც ხელისუფლებას და არც გაერთიანებულ ოპოზიციას მხარს არ უჭერს. დაშნაკები ყოველთვის რადიკალური პოზიციით გამოირჩეოდნენ. ერევანში შევხვდი ამ პარტიის ერთ-ერთ წევრს, გეგამ მანუკიანს, რომელმაც საქართველოს მიმართ საკუთარი განწყობა არ დამალა. მისი აზრით, ქართველებმა თურმე სანთლები უნდა დაუნთონ ჯავახეთში მცხოვრებ სომხებს იმის გამო, რომ აგვისტოს ომის დროს წყნარად იყვნენ. გარდა ამისა, „დაშნაკცუტუნი“ ჯავახეთში სომხური ავტონომიის შექმნას ღიად ითხოვს.

ერევანში სამი დღის განმავლობაში ქართველი, აფხაზი და ოსი ჟურნალისტები სომეხ პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდებოდნენ. სომხეთში ჟურნალისტური მისია არასამთავრობო ორგანიზაცია „გოუ-ჯგუფის“ ორგანიზებით მოეწყო.
XS
SM
MD
LG