Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად დაიბადა ბარაკ ობამა?


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა
აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა
ორ წელიწადზე მეტია, შეერთებულ შტატებში დიდ მითქმა-მოთქმას იწვევს ის, თუ სად დაიბადა ქვეყნის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა. განსაკუთრებით ხშირად ინტერნეტფორუმებში გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ დაუშვებელია, ობამას პრეზიდენტობა, რადგან, კონსტიტუციის მიხედვით, ის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე უნდა იყოს დაბადებული, რაც ბარაკ ობამას შემთხვევაში თითქოსდა ვერ მტკიცდებოდა. და აი, ოთხშაბათს საბოლოოდ დადასტურდა, რომ მთელ ამ მითქმა-მოთქმას არანაირი საფუძველი არ გააჩნია: თეთრმა სახლმა ინტერნეტში გამოაქვეყნა ბარაკ ობამას დაბადების მოწმობის სრული ვერსია.

ბარაკ ობამა 1961 წლის 4 აგვისტოს, 19:24 საათზე დაიბადა ჰავაის შტატში, ჰონოლულუში. ამ ინფორმაციას ვეცნობით დაბადების მოწმობის სრულ ვერსიაში, რომელიც თეთრმა სახლმა ინტერნეტში გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც არა და არ მოეღო ბოლო მითქმა-მოთქმას პრეზიდენტის დაბადების ადგილის გარშემო. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ობამას უკვე ჰქონდა გამოქვეყნებული დაბადების მოწმობის ასევე ოფიციალური, მაგრამ მოკლე ვარიანტი - დოკუმენტი, რომელიც შეერთებული შტატების ნებისმიერ მოქალაქეს სჭირდება, დავუშვათ, მანქანის მართვის მოწმობის, ან პასპორტის ასაღებად.

მაშ ასე, შეერთებულ შტატებში არსებობს დაბადების ორგვარი მოწმობა: დედანი, ორიგინალი და ის ინახება შტატში, სადაც დაიბადე (ობამას შემხთვევაში ჰავაის შტატის არქივში) და არსებობს დაბადების მოწმობის მოკლე ვარიანტი. ეს უკანასნკელი ობამამ გამოაქვეყნა 2008 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს, როცა პირველად დაისვა შეკითხვა მისი დაბადების ადგილზე.

„ეს არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც კომპიუტერზეა შექმნილი და რომელშიც გამოყენებულია მონაცემები, ასახული დაბადების მოწმობის დედანში. ანუ დედნის მონაცემებია შეყვანილი კომპიუტერში“, განმარტავს რადიო თავისუფლების მიმომხილველი, ბრაიან უიტმორი. მისივე თქმით, „თითოეულ შტატს კომპიუტერში შეჰყვას მონაცემები, ხოლო ორიგინალებს არქივში ინახავს. საარჩევნო კამპანიის დროს ბარაკ ობამამ დაბადების მოწმობის ეს, მოკლე ფორმა წარმოადგინა. საერთოდ, არავის სჭირდება ხოლმე დაბადების მოწმობის ორიგინალის ვინმესთვის ჩვენება. გულახდილად რომ გითხრათ, პირველად გავიგე, რომ ეს საკითხი საერთოდ იქნა წამოჭრილი“, ამბობს უიტმორი - თვითონაც ამერიკის მოქალაქე, რომელიც იხსენებს, პასპორტის მისაღებად დაბადების მოწმობის მოკლე ფორმა რომ წარმოვადგინე, ჩემთვის არავის მოუთხოვია, არა, დედანი გვაჩვენეო...

ეს არც ობამასთვის მოუთხოვიათ, მაგრამ დოკუმენტი გამოქვეყნდა, რათა ბოლო მოღებოდა პრეზიდენტის დაბადების ადგილის გარშემო მითქმა მოთქმას, თუ თვით ობამას შეფასებას მოვიშველიებთ, „სისულელეს“.

„ჩვენ არ გვცალია ასეთი სისულელისთვის. უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს გასაკეთებელი. მე უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს გასაკეთებელი. დიდი პრობლემები უნდა მოვაგვაროთ და მჯერა, რომ შევძლებთ მათს მოგვარებას. მაგრამ კონცენტრაცია მათზე უნდა გავაკეთოთ და არა ამაზე“, განაცხადა ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბოლო რამდენიმე კვირა განსაკუთრებით ხშირად გამოთქვამდნენ დაეჭვებას ობამას დაბადების ადგილთან დაკავშირებით. შეკითხვით „რატომ? საერთოდ რამ გამოიწვია ამ საკითხის წამოჭრა?“ ისევ ჩვენს ამერიკელ კოლეგა ბრაიან უიტმორს მივმართეთ და პასუხად მივიღეთ, რომ ეს იყო შეთითხნილი პოლიტიკური საკითხი, რომლითაც მიზნად ისახავდნენ პრეზიდენტის დისკრედიტაციას.

„ეს დაიწყო საარჩევნო კამპანიის დროს და ბევრი მას სერიოზულად არ ეკიდებოდა. იცით, ყოველთვის არსებობს შეთქმულების რაღაც გიჟური თეორიები პრეზიდენტის შესახებ. ასე იყო პრეზიდენტ ბუშის, პრეზიდენტ კლინტონის დროსაც. მაგრამ შეთქმულების თეორიამ განსაკუთრებით უსიამოვნო შეფერილობა შეიძინა პრეზიდენტ ობამას შემთხვევაში. ყოველთვის იარსებებს მოსახლეობის რაღაც სეგმენტი, რომელსაც აქვს შეთქმულების თეორიების დაჯერებისადმი მიდრეკილება,“ ამბობს ჩვენი კოლეგა. დაიჯერა თუ არა მოსახლეობის ამ სეგმენტმა, რომ ბარაკ ობამა მართლაც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოევლინა ქვეყანას, რასაკვირველია, ძნელი სათქმელია, ყოველ შემთხვევაში, ახლა.

პრეზიდენტის დაბადების მოწმობის სრული ვერსიის გამოქვეყნებამდე ტელეკომპანია CNN-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპუბლიკური პარტიის მომხრეების 40 პროცენტს ან სჯეროდა, ან არ გამორიცხავდა, რომ პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში არ არის დაბადებული.

სკეპტიკოსთა რიგებში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მულტიმილიონერმა დონალდ ტრამპმა, რომელიც, სხვათა შორის, საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე ფიქრობს. მისი არგუმენტი იყო ობამას კენიელი ბებიის ინტერვიუ, რომელშიც ითქვა, პატარა ბარაკი აქ, კენიაშია დაბადებულიო. ბოლო დღეებში ტრამპი დაუღალავად საუბრობდა ამ თემაზე ათასგვარ თოქშოუში, აღშფოთებას გამოთქვამდა ობამას დაბადების ადგილის გარშემო ვითომდა არსებული გაურკვევლობის გამო.

აი, რა თქვა ტრამპმა ობამას დაბადების მოწმობის ვრცელი ვერსიის ინტერნეტში გამოქვეყნების შემდეგ: „დღეს მე ძალიან ვამაყობ საკუთარი თავით, რადგან მივაღწიე იმას, რაც სხვამ ვერავინ შეძლო. ეს-ესაა შემატყობინეს, ვერტმფრენში ყოფნისას, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა, როგორც იქნა, წარმოადგინა დაბადების მოწმობა. მას სიამოვნებით შევხედავ, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ნაღდია“, - განაცხადა ტრამპმა, რომელიც მომავალ წელს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა, ობამას კონკურენტებს შორის აღმოჩნდეს.
XS
SM
MD
LG