Accessibility links

logo-print

რაღას ველოდებით? - ბირთვული კატასტროფები გუშინ და დღეს


"აკრძალული ზონა" ჩერნობილში

"აკრძალული ზონა" ჩერნობილში

მეოთხედი საუკუნე გავიდა ჩერნობილის ბირთვული კატასტროფიდან. ენერგიის წყაროებს დახარბებული მსოფლიო მრეწველობა ატომური საფრთხის რეალობას თვალს უსწორებს და უჭირს მხარი იცვალოს. ერთი ხანობა იმაზეც კი დაიწყეს ლაპარაკი, ბირთვული ენერგია სუფთა ენერგიააო. ფუკუსიმის სადგურზე მომხდარმა კატასტროფამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბირთვული ავარიის შედეგები გამოუსწორებელია ბუნებისა და ადამიანის, მისი მომავალი თაობებისთვის.

ჩერნობილის კატასტროფისას, 1986 წლის აპრილში, კიევში ცხოვრობდა ჩვენი რადიოს უკრაინული სამსახურის თანამშრომელი, ნატალია ჩურიკოვა. ის 14 წლისა იყო გაზაფხულის იმ დღეს და ისიც, როგორც ბევრი სხვა, მეტ-ნაკლებად რადიაციულად დაბინძურებულ რეგიონში ლაღად ისურთქვავდა ჰაერს და ტკბებოდა ლურჯი ცით. მხოლოდ შემდეგ გახდა ცხადი, რომ ამ გარეგნული გამჭვირვალობისა და სისუფთავის მიღმა ადამიანისთვის ყველაზე მავნებელი მოვლენა, რადიაცია იმალებოდა. საღამოს მამინაცვალს ვიღაცამ დაურეკა, იხსენებს ნატალია, ის ძალიან შეშფოთებული ჩანდა:

„საუბარი დაასრულა და გვითხრა, ყველამ შხაპი უნდა მივიღოთო. მე უკვე მეძინებოდა, დაღლილი ვიყავი და აბაზანაში შესვლაზე უარი ვთქვი. მამამ ამიხსნა, უნდა დაიბანო, რადგან კიევის მახლობლად ატომური აფეთქება მოხდა და შხაპის მიღება სიფრთხილისთვის საჭიროაო. პირველად მაშინ გავიგე სიტყვა ‘ჩერნობილი’, სიტყვა ‘რადიაცია’.“

ჩერნობილის ავარიას რადიაციის გავრცელება მოჰყვა უზარმაზარ ტერიტორიაზე, სადაც დასხივდა მილიონობით ადამიანი, 300 ათასს კი საცხოვრებელი არეალის დატოვება მოუხდა. მას შემდეგ ათასობით ბავშვი დაიბადა თანდაყოლილი ნაკლით, გენეტიკური გულის მანკით და სხვა ანომალიით. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ათასობით ადამიანი კვლავაც დაიღუპება რადიაციით გამოწვეული კიბოთი.

ბევრს ახსოვს, რომ ჩერნობილის კატასტროფის ერთ-ერთი ანტიჰუმანური მახასიათებელი ისიც იყო, რომ კრემლმა, მაშინ მიხაილ გორბაჩოვის მეთაურობით, მომხდარი დამალა. ნატალია ჩურიკოვას მამას კავშირები ჰქონდა სამხედრო უწყებასთან და ამიტომ იყო, რომ ოჯახმა სხვებზე ადრე შეიტყო ავარიის შესახებ. დეტალების გასაგებად ოჯახი უცხოეთის რადიოს უსმენდა, საიდანაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ შვედეთში რადიაციის დონის ამაღლებამ გამოიწვია ის საერთაშორისო აჟიოტაჟი, რამაც მოგვიანებთ საბჭოთა მთავრობა აიძულა მომხდარი ეღიარებინა. მაგრამ მანამდე, ამბობს ჩურიკოვა, „ვიფიქრე, ღმერთო ჩემო, ესე იგი კარგი მიქნია, თავი რომ დავიბანე, კიევიდან ასე დაშორებულ შვედეთში თუ ამაღლებულია ფონი-მეთქი. ხელისუფლება ცდილობდა მომხდარის დამალვას, რამდენ ხანსაც შეეძლო. მას სურდა მსოფლიო დაერწმუნებინა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და ველოსპორტში ჩემპიონატიც კი გამართეს კიევში. ამ დროს ხალხმა კიევის დატოვება დაიწყო - სულ მცირე, ბავშვების იქიდან გაყვანას ცილობდნენ.“

მთავრობა სურდა ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ არსად წასვლა არ არის საჭირო. უკრაინის კომპარტიის მაშინდელი ხელმძღვანელის, ვლადიმირ შჩერბიცკის ექვსი წლის შვილიშვილი საპირველმაისო აღლუმში იღებდა მონაწილეობას, რათა სხვა ბავშვების მშობლებისთვის დაენახვებინათ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. პანიკისა რა გითხრათ, მაგრამ დიდი შეშფოთების საფუძველი კი ნამდვილად იყო და ხალხიც იმ დროს ხელთ არსებული ყველა საშუალებით ცდილობდა თავის დაცვას - რადიაციის წინააღმდეგ ზოგი იოდს მიმართავდა და ზოგი კიდევ რას. როგორც ჩურიკოვა იხსენებს, მაშინ იყო რომ წითელი ღვინო ძალიან პოპულარული გახდა:

„ხალხი წითელ ღვინოს სვამდა, რაკი სჯეროდა, რომ ის ორგანიზმს წმენდა. ეს რწმენა მოდიოდა ჭორიდან, საბჭოთა წყალქვეშა ნავების მეზღვაურთა დღიურ რაციონში წითელი ღვინო შედის მათი ორგანიზმის რადიაციისგან გასაწმენდადო. მაგრამ ბევრი უფრო შორს წავიდა და ყოველგვარ სასმელს მიეძალა, რადგან მიიჩნიეს, რომ ალკოჰოლი თავისას აკეთებდა.“

კიევიდან, როგორც ჩურიკოვას ახსოვს, ბავშვები მასობრივად გაჰყავდათ. თვითონ ჩურიკოვა ყირიმში გაუშვეს. მოგვიანებით კი ტაშკენტში - უზბეკეთში - წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. იმ პერიოდში საერთაშორისო მასშტაბით დაიწყო კამპანია უკრაინელი და სხვა იმ ბავშვების დასახმარებლად, რომლებიც უშუალოდ რადიაციის ზონაში იმყოფებოდნენ. გაეროს ეგიდით ამოქმედდა კამპანია, რომელიც შეეხო სულ 21 000 ბავშვს. ზემოთ გითხარით, რომ ათასობით ადამიანი დასნეულდა სხივური დაავადებით.

ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ატომური ელექტროსადგურის ნორმალური მოქმედების დროსაც ხდება გამოსხივება, რაც ახლოს მცხოვრები ადამიანების დაავადებას იწვევს. უდავოა ის, რომ ავარიების შემთხვევაში სულ მცირე დოზაც კი მოქმედებს ორგანიზმზე, ხელს უწყობს კიბოთი დაავადებას და გენეტიკურ ცვლილებებს. ფართოა სპექტრი რადიაციის უარყოფითი გავლენისა, მისი მაღალი დოზით მიღება სასიკვდილოა ყველა ცოცხალი არსებისთვის, არეალები კი, სადაც გამოსხივება ხდება, საცხოვრებლად უვარგისი ხდება ძალიან დიდი ხნით. რაც შეეხება ბირთვული ენერგიის ხეირს, ამაზეც დავობენ, რადგან ის ვერანაირად ვერ უწყობს ხელს ენერგიის გაიაფებას. ამის მიუხედავად, დღესაც, როცა იაპონიის კატასტროფამ აჩვენა, რომ არ არსებობს უსაფრთხო ბირთვული ენერგია, არაერთი ქვეყანა - როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი - ათობით რეაქტორის მშენებლობას გეგმავს.

მსოფლიოს სულ 31 ქვეყანაში 200-ზე მეტი ბირთვული ელექტროსადგური მოქმედებს. ბირთვული ენერგია პოლიტიკისა და გეოპოლიტიკის იარაღიცაა. ქვეყნები ერთმანეთს ედავებიან ხოლმე, როცა ერთმანეთს საზღვრის მახლობლად უშენებენ ბირთვულ სადგურებს. ასეა, მაგალითად, საფრანგეთ-გერმანიის, ავსტრია ჩეხეთის საზღვრებზე, ასე იქნება პოლონეთ-გერმანიის საზღვრის არეალშიც, თუკი პოლონეთი განახორციელებს რეაქტორის მშენებლობას. ეს გეოპოლიტიური თუ პოლიტიკური დავა სრულიად არ ადარდებდა ნატალია ჩურიკოვას, როცა ის ეგრეთ წოდებულ „ჩერნობილის ბავშვებს“ ახლდა ავსტრალიაში, სადაც ჩასვლისთანავე შეამოწმეს სხვებთან ერთად:

„ჩავედით თუ არა, პოლიკლინიკაში წაგვიყვანეს და რადიაციაზე გაგვსინჯეს. რაც გვეცვა, ტანსაცმელი, გაგვხადეს და დაგვატოვებინეს, რადგან დასხივებული იყო. მე მქონდა ულამაზესი ლურჯი მაისური, რომელსაც გამოვემშვიდობე ამ რადიაციის გამო.“

ჩურიკოვას ჩერნობილის კატასტროფისგან მიყენებული ზარალი მაისურსაც ახსენებს, სამყაროს კი ავიწყდება, რა საფრთხეს შეიცავს ატომი. ამაზე ლაპარაკობდა ბუნების დამცველი ორგანიზაცია „გრინპისის“ აღმასრულებელი დირექტორი კუმო ნაიდუ 26 აპრილს ჩერნობილში:

„ტრაგედიას არ ჩაუვლია. რაც ახლა ფუკუსიმაზე ხდება, იმას შეგვახსენებს, რაც მსოფლიომ ვერ ისწავლა ამ ტრაგედიის შემდგომი 25 წლის მანძილზე. დადგა დრო, დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ ისე, როგორც ახლანდელი ვითარება მოითხოვს: გადავიდეთ მწვანე, განახლებად ტექნოლოგიებზე და უარი ვთქვათ სიგიჟეზე, რომელიც სახიფათო ბირთვული ენერგიისა და წიაღისეული საწვავის გამოყენებას უკავშირდება.“

ენერგიის ამ წყაროებზე მსოფლიოს უარი არ უთქვამს. ურიცხვი ადამიანის მოთხოვნას, უარი ეთქვას ბიორთვულ ენერგეტიკას, ჯერჯერობით სათანადოდ არ ეხმაურებიან. როგორც იმავე ჩერნობილში რიტორიკულად იკითხა „გრინპისის“ ბირთვულმა ექსპერტმა ტობიას მიუნხმაიერმა, „25 წელი გავიდა ჩერნობილიდან, ექვსი კვირა ფუკუსიმიდან, რაღას ველოდებით?“
XS
SM
MD
LG