Accessibility links

logo-print
გრძელდება დისკუსია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ თამარ კვესიტაძის პროექტზე ”ამაოებას არ ამოება“, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, შემოდგომაზე უნდა დაიდგას გორის ცენტრში - იქ, სადაც სტალინის ძეგლი იდგა.

გასულ კვირას ჟურნალისტთა სახლში ”ფრონტლაინ ჯორჯია” საჯარო დისკუსია გაიმართა.

თამარ კვესიტაძის პროექტზე თავისი მოსაზრება საქართველოს პრეზიდენტმაც გამოთქვა - მიხეილ სააკაშვილმა ამ მონუმენტს ”საქართველოს იდეა” უწოდა. მიუხედავად ამისა, საზოგადოების რეაქცია ამ საკმაოდ ორიგინალურ პროექტზე არაერთგვაროვანი იყო - იმდენად, რომ, როგორც ჩვენმა გორელმა კორესპონდენტმა გოგა აფციაურმა გვაცნობა, პროექტი შესაძლოა აღარც განხორციელდეს.

პრესაში დისკუსია ძეგლის გარშემო, ფაქტობრივად, მაშინ დაიწყო, როცა პროექტი უკვე გამარჯვებულად გამოცხადდა...
თუმცა დისკუსია ძეგლზე, რომელიც ჯერ არ დადგმულა, კვლავაც გრძელდება. გასულ კვირას ჟურნალისტთა სახლში ”ფრონტლაინ ჯორჯია” ხელოვნებათმცოდნეებმა თნამედროვე ქართულ ქანდაკებაზე იმსჯელეს და ეს პროექტიც გაიხსენეს - პროექტი, რომელსაც სპეციალისტებს შორის ბევრი მომხრე ჰყავს. ის ხალხი, ვისაც პროექტი მოსწონს, ამტკიცებს, რომ, ჩვენი კულტურის მილიტარიზაციისა და ფსევდომონუმენტალიზმის ფონზე, სკულპტურული კომპოზიცია თავისი შინაარსით უფრო პაციფისტურია. თუმცა დისკუსიაზე გამოჩნდა, რომ პროექტს მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავს. ხელოვნებათმცოდენე სოფიო კილასონია, მაგალითად, სკულპტურის ზომებს იხსენებს. 5 მეტრიან პოსტამენტზე მდგარი ქანდაკება, სოფიო კილასონიას თქმით, თავისთავად მოკლებული იქნება ადამიანურ მასშტაბებს, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, შენიშნა მან, რომ ქალაქის ცენტრში ვდგამთ მონუმენტს, რომელიც სასაფლაოს ჰგავს.

გორელების უფლებაა ცოტა ხნით დაისვენონ. მათ დაუდგეს მსხვერპლის ქანდაკება, რომელიც ”აუცილებლად განცდადი” უნდა იყოს...
”ფრონტლაინ ჯორჯიაში” მოსულმა სპეციალისტებმა, რომლებიც პროექტის განხორციელების წინააღმდეგ გამოდიან, აღნიშნეს, რომ პრესაში დისკუსია ძეგლის გარშემო, ფაქტობრივად, მაშინ დაიწყო, როცა პროექტი უკვე გამარჯვებულად გამოცხადდა. არადა, სოფო კილასონიას თქმით, ეს მონუმენტები ჩვენს სივრცეში, ჩვენს გარემოცვაში უნდა შემოვიდნენ.

და რა უნდა დაგვედგა სტალინის ძეგლის ნაცვლად? ამაზე განსხვავებული აზრები გამოითქვა უფრო ადრეც, გაზეთ ”24 საათის” ფურცლებზე გახსნილ დისკუსიაში. მაშინ ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანმა გამოთქვა აზრი დარჩენილიყო ცარიელი სივრცე გორის ცენტრში - იქ, სადაც სტალინის ძეგლი იდგა. სოფიო კილასონიამ იმავე გაზეთში აღნიშნა, ჯობს სტალინის ძეგლის პოსტამენტი დავტოვოთ, რათა ხალხს არ დაავიწყდეს, ვისი ძეგლი იდგა აქ ოდესღაცო. ხსოვნაზე და ისტორიის მიმართ დამოკიდებულებაზე ქართველმა ხელოვნებათმცოდნეებმა თამარ კვესიტაძის ძეგლის გარშემო გამართულ დისკუსიაზეც იმსჯელეს.

“გორელების უფლებაა ცოტა ხნით დაისვენონ. მათ დაუდგეს მსხვერპლის ქანდაკება, რომელიც ”აუცილებლად განცდადი” უნდა იყოს. ისინი ისედაც განიცდიან. არ სჭირდება განცდას ხელოვნური გახანგრძლივება”, -თქვა სოფიო კილასონიამ.

განცდის ”ჩამოსხმა” ქვასა თუ მარმარილოში ამ განცდის მიმართ გულგრილს ხდის ადამიანს.. განსაკუთრებით მაშინ, როცა განცდა ხელოვნურად იქმნება - ასეთი აზრიც გამოითქვა დისკუსიაზე. გმირთა მოედანზე აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალი გაახსენდათ და აღნიშნეს, საქართველოს მოსახლეობამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რამდენადაა ”საქართველოს იდეა” ის, რასაც მას ”ზევიდან” სთავაზობენო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG