Accessibility links

logo-print
როგორია მოსწავლის როლი საკუთარი განათლებისა და, შესაბამისად, განათლების სისტემის ფორმირებაში საქართველოში? რამდენად ეკითხება სისტემა თავად მოსწავლეებს, რა სურთ მათ ან რა შეუძლიათ ყველაზე უკეთესად? რას ამბობს ამის შესახებ ’ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების’ კონცეფცია და როგორია პრაქტიკა დღეს?

როგორი იქნება სამყარო 10-15 წლის შემდეგ? ამაზე პასუხის გაცემა, ალბათ, შეუძლებელია. ამის მიუხედავად, განათლების სისტემა ბავშვებს სწორედ ამ დროისთვის ამზადებს. ეს კი დღეს, როცა სამყაროში ფუნდამენტური ცვლილებები შედარებით სწრაფად ხდება, სულ უფრო მეტ სირთულეს უქმნის განათლების სისტემას. რა უნდა გააკეთოს სისტემამ, რომ ცვლილებებთან ადაპტირება მოახდინოს? ეს შეკითხვები ცნობილ ინგლისელ განათლების სისტემის მკვლევარს, კენ რობინსონს ეკუთვნის. რობინსონის პასუხია: ბავშვი. გამოსავალი სწორედ მასშია. რადგან ბავშვს აქვს პოტენციალი სიახლის შექმნისა, ამიტომ სისტემამ აზრი სწორედ მას უნდა ჰკითხოს. თუმცა სანამ აქამდე მივალთ, მოდით, ქართულ რეალობას დავაკვირდეთ.

დავიწყოთ ’ეროვნული განათლების ზოგადი მიზნებით’. ეს იმ ოთხგვერდიანი სტრატეგიის სახელწოდებაა, რომელიც 2004 წელს, ზურაბ ჟვანიას მეთაურობით, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. სწორედ ეს დოკუმენტი განსაზღვრავს მთელ განათლების სისტემას ქვეყანაში, რადგან სწორედ ის ამბობს, რისთვის ამზადებს განათლების სისტემა მომავალ თაობებს. უმთავრესი, რაც მიზნებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ, არის: აღიზარდოს დამოუკიდებელი ინდივიდი, რომელსაც შეეძლება საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური განვითარება, დამოუკიდებლად ცხოვრება და გადაწყვეტილებათა მიღება. ეს კი, კონცეფციის მიხედვით, მიიღწევა დამოუკიდებელი ინდივიდუალური მიდგომით, დამოუკიდებელი სასკოლო ერთეულების არსებობით. ფრაგმენტი კონცეფციიდან:

”ამ ჩვევების გამომუშავება უნდა მოხდეს სასკოლო გარემოს სრული ჩართვით: მოსწავლეების….”

დიახ, პირველი სისტემის შიგნით მოსწავლეა ნახსენები, შემდეგ კი გრძელდება:

”…მასწავლებლების, მშობლების, ადმინისტრატორებისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით.”

არსებობს ეს კონცეფცია, თუმცა არსებობს პრაქტიკაც. პრაქტიკა, სულ უფრო ბევრი ადამიანის აზრით, ცენტრალიზებულია და დამოუკიდებელ აზროვნებას ვერ უზრუნველყოფს. ამის საჩვენებლად ხშირად ასახელებენ ფაქტორებს, როგორიცაა დირექტორების დანიშვნა, პროგრამების, სახელმძღვანელოებისა და მათი შინაარსის ცენტრალიზებული მართვა. ანუ, ამ არგუმენტის მიხედვით, მოსწავლეს განათლების სისტემა ცენტრალიზებულად ეუბნება, რა უნდა იცოდეს მან. ამ თემაზე საუბრისას საინტერესო იქნება გავეცნოთ სიმონ ჯანაშიას აზრს, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, რომელიც ერთ-ერთი იყო, ვინც სისტემის დეცენტრალიზებისთვის განათლების სამინისტროში შიგნიდან იბრძოდა. მოგვიანებით სიმონ ჯანაშია მეცნიერებაში წავიდა და პროცესს გარედან აკვირდება.

სიმონ ჯანაშია: მაგალითად, სამი წლის წინ იყო ავტორების ჩამონათვალი და მასწავლებელი თვითონ ირჩევდა ნაწარმოებებს, ანუ თემიდან და იმ უნარებიდან გამომდინარე, რაც კლასში იყო. დღეს კი პირდაპირ წერია, რომ გალაკტიონის ეს კონკრეტული ლექსი უნდა იცოდეს მოსწავლემ და არა გალაკტიონის შემოქმედება, ზოგადად.

ამას ემატება საგამოცდო სისტემა, რომელიც, სიმონ ჯანაშიას აზრით, პირდაპირ ეუბნება მოსწავლეს, სისტემაში წარმატებისთვის რა უნდა იცოდეს. კარგი ნიშნების დასაგროვებლად ან სასკოლო სისტემასთან ადაპტირებისთვის მოსწავლე წესებს მორჩილდება და სწავლობს იმას, რასაც ეუბნებიან, რომ უნდა იცოდეს.

სიმონ ჯანაშია: ცენტრალიზაცია იწვევს იმას, რომ მორგება აღარ ხდება ბავშვების საჭიროებებზე და ინტერესებზე, არამედ ხდება ერთი რეცეპტით სწავლება ყველა ბავშვისთვის.

ამ საკითხის ცოტა ფართო ჭრილში განსახილველად, მოდით, ერთ ისტორიას გიამბობთ - ისტორიას, რომელსაც უკვე ნახსენები კენ რობინსონი2006 წელს საჯარო გამოსვლაში მოჰყვა: იყო ასეთი ექვსი წლის ინგლისელი გოგონა ჯილიან ბარბარა ლინი, რომელიც სასკოლო სისტემასთან ადაპტირებას ვერ ახერხებდა. სკოლამ მშობლებს ექიმის მონახულება ურჩია, რადგან ბავშვი კლასში ვერ ისვენებდა. ექიმი გოგონას დააკვირდა და დაკვირვების შემდეგ იქვე მდგარი მაგნიტოფონი ჩართო, მშობლებს კი სთხოვა გასულიყვნენ… რამდენიმე წუთში გოგონამ რიტმზე ცეკვა დაიწყო… ექიმი კი დედას მიუტრიალდა და უთხრა:

„მისის ლინ, ჯილიანი ავად არ არის, ის მოცეკვავეა. შეიყვანე ცეკვის სკოლაში“…. და ასეც მოხდა. ჯილიანი მოხვდა ადამიანებთან, ვისაც არ შეეძლო მჯდარიყო წყნარად, ადამიანებთან, ვისაც სჭირდებოდა მოძრაობა იმისათვის, რომ ეფიქრათ. მალე ის გადავიდა ბალეტის სკოლაში. გახდა სოლისტი, ჰქონდა შესანიშნავი კარიერა: დაასრულა ბალეტის სკოლა, დააარსა საკუთარი კომპანია - ჯულიენის ცეკვის კომპანია, შეასრულა საუკეთესო როლები, მიანიჭა სიამოვნება მილიონებს და გახდა მულტიმილიონერი. სხვას შეიძლება ის წამლებზე დაესვა, სანამ არ დაწყნარდებოდა.

კენ რობინსონი ამ ისტორიას რომ ჰყვება, ერთ ფუნდამენტურ შეკითხვასაც სვამს: რა ფუნქცია აქვს განათლებას, რატომ ვასწავლით მომავალ თაობებს? იმისათვის, რომ სამსახური იშოვონ? რომ არსებულ სისტემაში მოახდინონ ადაპტირება? მაშინ რა ვქნათ, თუ არსებული სისტემა არ არის საუკეთესო ფორმა, რომელიც მომავალში იმუშავებსო? - კითხულობს მეცნიერი…

„რომ დავფიქრდეთ, ბავშვები, რომლებიც იწყებენ სკოლას წელს, კარიერას დაასრულებენ 2065 წლისთვის. მიუხედავად მთელი ჩვენი ექსპერტიზისა, ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, როგორი იქნება სამყარო არათუ იმ დროისთვის, არამედ ხუთი წლის შემდეგაც კი. ამის მიუხედავად, ჩვენ დღეს ბავშვებს ამისთვის ვამზადებთ.“

რობინსონის აზრით, მომავალში ორიენტაციას, ახალი მიდგომების, ინოვაციური ხედვების ჩამოყალიბებას არსებულ ცოდნასა ან სისტემებზე უკეთ, პირველ რიგში, სწორედ ბავშვები შეძლებენ, მათი ფუნდამენტური პოტენციალიდან გამომდინარე:

„ბავშვებს არ ეშინიათ იყვნენ არასწორნი. თუ მათ არ იციან, ისინი მაინც მოქმედებენ. არ მინდა ვთქვა, რომ იყო არასწორი იგივეა, რაც იყო შემოქმედებითი, მაგრამ რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ თუ შენ არ ხარ მზად იმისათვის, რომ იყო არასწორი, შენ ვერასდროს შეძლებ შექმნა რაიმე ორიგინალური. თუ შენ არ ხარ მზად იყო არასწორი…. იმ დროისთვის, როცა ბავშვები მოზარდები ხდებიან, უმრავლესობა ბავშვებისა კარგავს ამ უნარს. მათ ეშინიათ იყვნენ არასწორნი, იმიტომ რომ ჩვენ შეცდომების სტიგმატიზებას ვახდენთ და, მაშასადამე, ვასწავლით ბავშვებს როგორ დაკარგონ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი.“

როგორც ვთქვით, საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სწორედ ესაა. მოსწავლე ინდივიდი სასკოლო სისტემაში პირველია, ვისაც სისტემა უნდა ეკითხებოდეს, რა უნდა, რა აინტერესებს, რა შეუძლია ყველაზე უკეთ, რაც, ბუნებრივია, ნიშნავს, რომ მისი გარიყვა ან საერთო რეცეპტთან ადაპტირება კი არა, მასში ღრმად ჩახედვა და მისი პოტენციალისთვის ხელის შეწყობა უნდა იყოს სისტემის მთავარი მიზანი. სასკოლო სისტემამ უნდა ჩამოაყალიბოს ინდივიდი, რომელსაც ყველასგან - ოჯახისგან, სკოლისგან, სოციუმისგან - დამოუკიდებლად შეეძლება გადაწყვეტილებათა მიღება.

კენ რობინსონი: ერთი ამბავი უნდა გიამბოთ, ამბავი პატარა გოგონასი, რომელიც ექვსი წლის იყო. ხატვის გაკვეთილზე ის მასწავლებელს არ უსმენდა, უკან იჯდა და ხატავდა. მასწავლებელი მიუახლოვდა და ჰკითხა, რას ხატავო? გოგონამ უპასუხა, ღმერთს ვხატავო. მასწავლებელს უთქვამს, კი მაგრამ არავინ იცის ღმერთი როგორ გამოიყურებაო…გოგონას უთქვამს, ერთ წუთში ეცოდინებათო…

რამდენად ხელს უწყობს საქართველოში განათლების სისტემა ასეთ დამოუკიდებელ აზროვნებას?

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG