Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საარჩევნო რვიანის“ მოლაპარაკებები მალე განახლდება


საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფმა მოსახლეობასთან შეხვედრები გორიდან დაიწყო. აქამდე ოპოზიციური „რვიანი“ საზოგადოების ინფორმირების მიზნით რეგიონებში შეხვედრებს დამოუკიდებლად მართავდა, მაგრამ გორში სამუშაო ჯგუფი სრული შემადგენლობით ჩამოვიდა. მოკლე პრეზენტაციის შემდეგ პოლიტიკოსებმა საზოგადოების კითხვებს უპასუხეს და ამ შეხვედრამ დებატების სახე მიიღო. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ანდრო ალავიძე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების სახელისუფლებო ხედვაზე საუბრობდა, ოპოზიციას კი საკუთარი არგუმენტები ჰქონდა. „რვიანის“ პოზიცია უცვლელია და დღის წესრიგში კვლავ რჩება მოთხოვნა საარჩევნო სიების ბიომეტრიული წესით შედგენის, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის შეცვლის, დავების განხილვისას საარჩევნო მსაჯულების ინსტიტუტის შემოღების შესახებ. ამ და სხვა საკითხებზე საკუთარი ხედვა გააცნეს საზოგადოებას როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე ოპოზიციური „რვიანის“ წარმომადგენლებმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის გამოსვლას დარბაზში ხმაური მოჰყვა - გორელები მიიჩნევდნენ, რომ არჩევნების გაყალბების თავიდან ასაცილებელი მექანიზმები ოპოზიციამ უფრო არგუმენტირებულად წარმოადგინა. გორელი შალვა ტლაშაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება აუცილებლად უნდა დასთანხმდეს ოპოზიციის წინადადებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესი ქუჩაში გადაინაცვლებს.

როგორც ცნობილია, ამჟამად საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრები ჩაშლილია. „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე, მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ვადებთან დაკავშირებული პირობა არ უნდა დაარღვიოს და კონკრეტულ შეთანხმებას მაისის ბოლომდე უნდა მიაღწიონ.

შეთანხმება შეხვედრისა და მოლაპარაკების განახლების გარეშე ვერ მოხდება. ამიტომ როგორც ოპოზიცია, ისე „ნაციონალური მოძრაობა“ ადასტურებენ, რომ მოლაპარაკების პროცესი მალე აღდგება. ოპოზიციური „რვიანის“ ექსპერტი ირაკლი მელაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ჩიხშია, რადგან როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნა ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანდრო ალავიძემ განაცხადა, რომ გორში გამართული შეხვედრა მოლაპარაკების აღსადგენად წინგადადგმული ნაბიჯია. გარდა ამისა, მისი აზრით, საზოგადოების ინფორმირება ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რათა ამომრჩეველმა თვითონ შეაფასოს, ვისი არგუმენტები და პოზიციაა უფრო მისაღები და სამართლიანი.

გორში გამართული შეხვედრა საზოგადოების ინფორმირებას ემსახურებოდა. ეს შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ორგანიზებითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით მოეწყო.
XS
SM
MD
LG