Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავა გუდაურსაც მიხედავს


გუდაური
გუდაური
თბილისის მერიამ, სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურის პოპულარიზაციისა და საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი „გუდაურის განვითარების ფონდი“ დააარსა. მერიის გადაწყვეტილებით, ფონდმა უნდა იზრუნოს გუდაურის ინფრასტრუქტურის განახლებაზე, გზების დაგებასა და თბილისში წარმატებულად ათვისებული სხვა სახის სერვისების დანერგვაზე. გუდაურის განვითარებას ბევრი მომხრე გამოუჩნდა თბილისის საკრებულოში, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა „გუდაურის განვითარების ფონდის“ დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსება გააპროტესტეს. როგორ აპირებს თბილისი გუდაურზე ზრუნვას და რა არგუმენტებით უპირისპირდებიან ოპონენტები თბილისის მერიას?

სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიის სამხრეთ ფერდობზე, თბილისიდან 120 კმ-ში მდებარეობს. მიუხედავად ამგვარი სიშორისა, თბილისის მერი გიგი უგულავა დარწმუნებულია, რომ გუდაურისა და თბილისის პარტნიორობას დიდი მომავალი აქვს:

გიგი უგულავა, თბილისის მერი
„თბილისს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც არქიტექნიკური პროექტების შეთანხმების კუთხით, ასევე ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი ობიექტების მშენებლობა-ზედამხედველობის კუთხით. ამიტომ მთელი რიგი ღონისძიებებისა ავტომატურად დუბლიცირდება, ანუ მოხდება თბილისში არსებული ინფრასტრუქტურის განვრცობა და ადაპტირება გუდაურში.“

გიგი უგულავამ ეს განცხადება გუდაურში ყოფნისას გააკეთა. იქვე ითქვა, რომ, მერიის გადაწყვეტილებით, გუდაურის განვითარებისათვის შექმნილ სპეციალურ ფონდს ბიუჯეტიდან ორ-ნახევარი მილიონი ლარი გამოეყოფა. მერიის ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა თბილისის საკრებულომ, რომლის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა ახვლედიანმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ თბილისისა და გუდაურის დაკავშირებას მარტივი და ლოგიკური ახსნა აქვს:

„ტურისტების თავდაპირველი დისლოკაციის ადგილი არის თბილისი, ანუ თბილისიდან უკავშირდებიან ტურისტები გუდაურს, რომლის განვითარება თბილისიდან მოწყვეტილად წარმოუდგენელია. შესაბამისად, გამართლებულია ის, რომ გუდაურის მართვაზე იზრუნებს თბილისი.“

იქნებ ვინმემ განგვიმარტოს, გუდაურის განვითარება როგორ შედის თბილისის თვითმმართველობის კომპეტენციაში...
საკრებულოსა და მერიის ამ გადაწყვეტილებას აკრტიკებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრები გაუმართლებლად მიიჩნევენ გუდაურის განვითარებისათვის თანხების თბილისის ბიუჯეტიდან ხარჯვას. საკრებულოს წევრი ზაზა გაბუნია ამბობს, რომ ორ-ნახევარი მილიონი ლარი თბილისისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისია, რადგანაც ეს თანხა მოაკლდება ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს, როგორიცაა ავარიული სახლების რეაბილიტაცია, კეთილმოწყობითი სამუშაოები, სანიაღვრე ქსლის მოწესრიგება და ჯანდაცვის პროგრამები.

„ქრისტიან-დემოკრატების“ თქმით, მერიის გადაწყვეტილება ასევე ეწინააღმდეგება საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს. საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია განმარტავს:

„ქალაქ თბილისის მთავრობას, ნორმატიული აქტით, შეუძლია დააარსოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მაგრამ იქვე არის განმარტებული, თუ რას უნდა ითვალისწინებდეს ის. საუბარია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციისათვის განკუთვნილი საკითხების გადაწყვეტაზე. იქნებ ვინმემ განგვიმარტოს, გუდაურის განვითარება როგორ შედის თბილისის თვითმმართველობის კომპეტენციაში.“

პასუხად კოკი იონათამიშვილი, თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე, აცხადებს, რომ მერიამ გადაწყვეტილება კანონთან შესაბამისობაში მიიღო.
გუდაურის ტერიტორია, რომელიც ორ მუნიციპალიტეტს შორის არის, განვითარებისთვის საჭიროებს მართვის სპეციფიკურ რეჟიმს...

„პარლამენტში მიღებული ცვლილების საფუძველზე სარეკრეაციო ზონების მართვა შესაძლებელია გადაცემული იქნეს მუნიციპალიტეტისთვის ან მის მიერ შექმნილი ორგანოსთვის. სწორედ ამ საშუალებას იყენებს დღეს დედაქალაქი. შესაბამისად, შესაძლებელია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მიწის, მშენებლობის ნებართვის გაცემის, დასუფთავების, კეითლმოწყობის და ზედამხედველობის სერვისების განხორციელება თბილისიდან“, უთხრა რადიო თავისუფლებას კოკი იონათამიშვილმა, რომლის თქმითაც, მერიის გადაწყვეტილება არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ადმინისტრაციული მოწყობის შეცვლას. რაც შეეხება „გუდაურის განვითარების ფონდისათვის“ გამოყოფილ ორ-ნახევარ მილიონს, იონათამიშვილის თქმით, ეს თანხა მორჩა სხვადასხვა სახის კონკურსებიდან და ტენდერებიდან, თუმცა, ამის მიუხედავად, წლის ბოლომდე ეს თანხა თბილისის ბიუჯეტში მაინც დაბრუნდება. ამასთან, კოკი იონათამიშვილი იმასაც ამბობს, რომ მსოფლიოში არამოსაზღვრე მუნიციპალიტეტების წარმატებული თანამშრომლობის არაერთი მაგალითი არსებობს და მერიამაც ამ გამოცდილებით იხელმძღვანელა. იმ აზრს, რომ გუდაურს, როგორც საკურორტო ტერიტორიას, მართვის სპეციალური რეჟიმი სჭირდება, ტურიზმის ექსპერტებიც იზიარებენ.

„გუდაურის ტერიტორია, რომელიც ორ მუნიციპალიტეტს შორის არის, განვითარებისთვის საჭიროებს მართვის სპეციფიკურ რეჟიმს. ვინ განახორციელებს ამას - რომელიმე სამინისტრო, დედაქალაქი თუ სპეციალურად შექმნილი რამე საწარმო, ეს სხვა საკითხია, თუმცა ასეთი რამ აუცილებლად საჭიროა, რადგანაც გინდა მუნიციპალური რესურსი და გინდა მუნიციპალური განვითარების ჩვეულებრივი რეჟიმი ვერ პასუხობს იმას, რასაც ჰქვია სპეციალური განვითარების რეჟიმი, რაც არის ტურისტული კონცეფცია, ინვესტიციები, დაგეგმარება და ა.შ. აქ საჭიროა სპეციალისტების მონაწილეობა და ერთიანი მართვის სქემა, რომელიც ერთიან კომპლექსს ერთი ლოგიკით განავითარებს“, უთხრა რადიო თავისუფლებას ვანო ვაშაყმაძემ, ტურიზმის კონსულტანტმა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG