Accessibility links

logo-print
ლონდონში გაიმართა ჯვრისწერის გრანდიოზული ცერემონია, რომელსაც მთელს მსოფლიოში, სავარაუდოდ, ორ მილიარდამდე ადამიანი ადევნებდა თვალყურს. ბრიტანეთის პრინცი უილიამი დაქორწინდა კეიტ მიდლტონზე, რის შემდეგაც წყვილმა ბუკინგემის სასახლეს მიაშურა, რათა, სამეფო ტრადიციით, სასახლის აივნიდან მისალმებოდა ხალხს.

პრინცმა უილიამმა და ახლა უკვე მისმა მეუღლემ, კეტრინმა ჯვარი დაიწერეს უესტმინსტერის სააბატოში, სადაც დიდებულ ცერემონიას თვალს ადევნებდა 1900-მდე ადამიანი, მათ შორის სამეფო ოჯახის წევრები, პოლიტიკური ლიდერები, უცხოელი სტუმრები.

ახალგაზრდა წყვილს ჯვარი დასწერა კენტერბერის არქიეპისკოპოსმა, როუან უილიამსმა. ტრადიციული საეკლესიო ცერემონიის ფარგლებში, მან ჯერ ნეფეს, პრინც უილიამს ჰკითხა, სურს თუ არა მის გვერდით მდგომი ქალის ცოლად შერთვა, მისდამი პატივისცემასა და სიყვარულში ცხოვრება, მის გვერდით ყოფნა იმისდა მიუხედავად, ავადმყოფი იქნება თუ ჯანმრთელი, მისი ერთგულება სიკვდილამდე?

პრინც უილიამის პასუხი დადებითი იყო.

იგივე კითხვა-პასუხი გამეორდა კეთრინ მიდლტონის შემთხვევაში, რის შემდეგაც ის და პრინცი უილიამი ცოლ-ქმრად გამოაცხადა კენტერბერის არქიეპისკოპოსმა.

როგორც ეს ქორწილებში ხდება ხოლმე, წინასწარ ძალიან ბევრის ცნობისმოყვარეობა აღძრა ტანისამოსმა. მხოლოდ უშუალოდ ჯვრისწერამდე გაირკვა, რომ პრინცმა უილიამმა არჩევანი შეაჩერა ბრიტანეთის არმიის ირლანდიელ გვარდიელთა წითელ სამხედრო ფორმაზე, ხოლო მისმა მშვენიერმა მეუღლემ - სადა, მაქმანებით გაწყობილ, რასაკვირველია, თეთრ და გრძელ კაბაზე. მოდელის ავტორად ასახელებენ სარა ბარტონს, ცნობილ დიზაინერ ალექსანდრ მაკკუინის მიერ დაარსებული კომპანიის წარმომადგენელს.

უესტმინსტერის სააბატოში ჯვრისწერის შემდეგ ნეფე-დედოფალმა ღია ეტლით მიაშურა ბუკინგემის სასახლეს აღტაცებული შეძახილების ფონზე. ცენტრალური ლონდონის ქუჩები ტრანსპორტისთვის, ბუნებრივია, ჩაეკეტათ, მათ გასწვრივ კი ასიათასობით ადამიანი ჩამწკრივებულიყო ზეიმში მონაწილეობის მისაღებად. გავრცელებული ინფორმაციით, 600 000-მდე მარტო ტურისტი ჩავიდა ლონდონში, ბოლო წლების ყველაზე პომპეზური ქორწილისთვის თვალყურის სადევნებლად. მათ შორის არის ამერიკელი სტუდენტი, ნინა, რომელიც ასევე საგანგებოდ ქორწილზე დასასწრებად ჩავიდა ლონდონში. თვითმფრინავი რომ დაჯდა, მაშინვე ავტობუსში ჩავჯექი, პირდაპირ აქ წამოსასვლელადო, ამბობს ის.

ჯვრისწერის შემდეგ ცერემონიამ კიდევ ერთ კულმინაციას მიაღწია. ახლადდაქორწინებულები გამოვიდნენ ბუკინგემის სასახლის აივანზე ხალხთან - სასახლის წინ შეკრებილ ათასობით ადამიანთან მისასალმებლად. ამ ეპიზოდმა ბევრს გაახსენა თითქმის 30 წლის წინანდელი სცენა - 1981 წლის 29 ივლისი, როცა ბუკინგემის სასახლის აივანზე იდგნენ პრინც უილიამის მშობლები: პრინცი ჩარლზი და ლედი დაიანა.

დაიანასგან განსხვავებით, პრინც უილიამის მეუღლე არა-არისტოკრატული ოჯახიდან არის. ქორწილამდე ბუკინგემის სასახლიდან გავრცელებული ინფორმაციით, დედოფალმა ელისაბედმა შვილიშვილს - პრინც უილიამს კემბრიჯის ჰერცოგის წოდება მიანიჭა, შესაბამისად, კეტრინი გახდა კემბრიჯის ჰერცოგის ცოლი. პრინცი უილიამი 28 წლისაა და რიგით მეორე ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეთა შორის, თავისი მამის, პრინც ჩარლზის შემდეგ.
XS
SM
MD
LG