Accessibility links

ხანდახან როგორი ადვილია ადამიანების ერთგანზომილებიან სქემებში მოქცევა - განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი იოლად ესადაგებიან ჩვენთვის სასურველ, ოპტიმისტურ ინტერპრეტაციებს.

ასე დამემართა რამდენიმე კვირის წინ, როცა გადაცემა “ნიჭიერში” ლერი ბექაურის გამოსვლა ვნახე - მის მიერ შესრულებული “აზიური ცეკვა”. აღტაცებული ვიყავი. სქემა ძალიან იოლად მოვარგე - გაბედული მეამბოხე, გენდერული ნონკონფორმისტი გამოდიოდა აუდიტორიის წინაშე, რომელიც, წინასწარვე ცხადზე ცხადი იყო, რომ მის მიმართ ბანალური ჰომოფობიით განიმსჭვალებოდა. ასეც მოხდა - ჟიურის ერთი წევრის და დარბაზში მყოფი რამდენიმე ადამიანის გარდა, აუდიტორია მოზღვავებული ენერგიით შეუდგა კოლექტიური სიძულვილის დემონსტრირებას. ის კი ამ სიძულვილს არათუ არ შეუშინდა, პირიქით - ამაყად წარმოაჩინა თავისი ინდივიდუალობა და განსხვავებულობა.

ლერი ბექაური მანამდეც მყავდა ნანახი ტელევიზიით, “ნიჭიერმა” კი საბოლოოდ გამიმყარა აზრი, რომ ის ჰომოფობთა მთავარი შიშის განსხეულება იყო. შიშის, რომ ჰომოსექსუალები არა მხოლოდ არსებობას ბედავენ, არამედ თავს კომფორტულადაც გრძნობენ და არც თავიანთი ინდივიდუალობის ღიად დემონსტრირებას ერიდებიან. აღშფოთებისგან აბობოქრებული, პროგნოზირებადი, ნაცრისფერი დარბაზის წინაშე იდგა გამორჩეული და ფერადოვანი ფიგურა და თვალს უშიშრად უსწორებდა მისკენ მიმართულ, ჯგუფურ სიძულვილს.

ამ გამოსვლიდან ცოტა ხანში კი ლერი ბექაურმა თავის სექსუალობას საჯაროდ, ერთ ტოკშოუში, “სიმახინჯე” უწოდა.

არა, “სქემა” არ დამნგრევია. ლერი ჩემთვის მაინც გაბედულების მაგალითად რჩება. მაგრამ ის კი ნათლად გამოჩნდა, რომ ინდივიდის მხრიდან ჯგუფური სიძულვილის “გადალახვის” ნარატივი უფრო მიამიტური ოცნება და ოპტიმისტურად-მაღალფარდოვანი მითია, ვიდრე ფაქტი, რომელსაც ადვილად შეხვდები რეალურ ცხოვრებაში.

როგორი ძლიერი და ნონკონფორმისტული ბუნებაც არ უნდა ჰქონდეს, მაინც ძალიან ძნელია ადამიანი უვნებლად გადაურჩეს გამუდმებულ, სისტემურ დისკრიმინაციას და მარგინალიზაციას - ფაქტს, რომ რაც მისთვის ბუნებრივზე ბუნებრივია, სხვები გადახრას, გარყვნილებას და ცოდვას უწოდებენ. ამ სიძულვილს ხომ ჩვენში ფართო გასაქანი აქვს: “პიდარასტების”, “ცისფრების”, “მამათმავლების” ლანძღვა, დაგმობა და დაცინვა ყველაზე მოკლე და ეფექტიანი გზაა, რომ “კაცად” გამოჩნდე და საკუთარი მორალური სახის დემონსტრირებაც მოახდინო. თუ გიფიქრიათ, რას განიცდის თორმეტიოდე წლის ბიჭი, რომელიც თანაკლასელების, ამხანაგების, ხშირად საკუთარი მამის მხრიდანაც მუდმივი დაცინვის ობიექტია იმის გამო, რომ საკმარისად “მამაკაცურ” ჟესტიკულაციას და მიხრა-მოხრას ვერ ფლობს და მათ თვალში სათანადოდ ვერ ასრულებს „კაცის“ როლს? რას გრძნობს ადამიანი, რომლისთვისაც ლამის ყოველდღიურობას წარმოადგენს დამამცირებელი განცხადებების სმენა პოლიტიკოსების, საზოგადოებრივი ფიგურების, ჟურნალისტების მხრიდან? როგორი გადასატანია, ყველაზე დაუცველი არსებების - ბავშვების - საფრთხედ როცა გსახავენ და გამუდმებით აძლიერებენ უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელ შიშებს, თითქოს ჰომოსექსუალებს ჰეტეროსექსუალებზე მეტად „ახასიათებდეთ“ ბავშვებზე ძალადობა? ან როგორი შეგრძნებაა იმის ყურება, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტის - ეკლესიის - წარმომადგენლები როგორ აღვივებენ კოლექტიურ პარანოიას არარსებული “გეი-აღლუმის” წინააღმდეგ ლამის ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობით, კუდიანებზე ნადირობის სტილში? (რელიგიის სახელით მოქმედი პუბლიცისტების სტატიებში ნამდვილად ბევრ უცნაურობას შეხვდებით - მაგალითად, ჰომოსექსუალობის ტერორიზმთან შედარებას - თუმცა ახლა რელიგიური პრესის თავისებურებებზე საუბარი შორს წაგვიყვანს).

ასეთმა მტრულმა და სიძულვილით დამუხტულმა გარემომ ადამიანზე მართლა შეიძლება დამანგრეველი გავლენა იქონიოს - და ლერის მსგავსად ათქმევინოს, რომ “მახინჯია” და „ბუნებრივად დაჩაგრული“. საბედნიეროდ, ყოველთვის ასე არ ხდება. ის ადამიანები, რომელთა სექსუალობა არ ესადაგება „ნორმატიულად“ დადგენილ ჩარჩოებს, მაინც ახერხებენ ნეგატიური გამოცდილების დაძლევას და იმის ზუსტად და სწორად დანახვას, რომ პრობლემა მათში კი არა, გარემოში და საზოგადოებაშია; ახერხებენ სიყვარულს, ბედნიერებას, ამაყ და ღირსეულ ცხოვრებას. მაგრამ ამის მიღწევა რთულია - როგორც გამოჩნდა, ისეთი გაბედული და ძლიერი ინდივიდებისთვისაც კი, როგორიც ლერი ბექაურია.

ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ლერი - უფრო სწორად მისი იერსახე, მისი გენდერული ნონკონფორმიზმი და ხაზგასმული „განსხვავებულობა“ - განსაკუთრებით ადვილად ხდება სტერეოტიპიზაციის და მარგინალიზაციის ობიექტი. ცხადია, გენდერ-მეამბოხეობის გარდა ჰომოსექსუალად „ყოფნის“ სხვა ბევრი ფორმაც არსებობს; „მამაკაცურობის“ და „ქალურობის“ წინასწარ დადგენილ და მკაცრად გამიჯნულ როლებს ყველა ლერის მსგავსად არ, ან ვერ უჯანყდება - და ალბათ არც თავად ლერია ექსტრავაგანტული მეამბოხე ყველა სიტუაციაში. მაგრამ დომინანტურმა, მეინსტრიმულმა კულტურამ „ჰომოსექსუალის“ ერთგანზომილებიანი, კარიკატურული სტერეოტიპის შესაქმნელად სწორედ ეს იერსახე გამოიყენა. გენდერული მეამბოხეობა „მანერულობად“ იქცა; განსხვავებულობა - ექსცენტრულობად. მედიასა და პოპკულტურაში ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპით ჰომოსექსუალი ეგზოტიკურ „სხვად“ მოგვევლინა - რამაც, ბუნებრივია, ჰომოფობიის კლებას ნაკლებად შეუწყო ხელი.

მე, მაგალითად, მიჭირს იმის წარმოდგენა, როგორი რეაქცია მექნებოდა, ჩემი სექსუალობის თუ სოციალური რეალობის შესახებ ინფორმაციას, ინტუიციას და მგრძნობელობას მოკლებულმა ტელეწამყვანმა თვალებში რომ ჩამხედოს და გამომიცხადოს, არ მინდა ჩემს შვილს „ბევრი“ შენნაირი მეგობარი ჰყავდესო. ცალკე თემაა ტელეწამყვანის მორალისტურ-ქედმაღლური მონოლოგი „ამ ადამიანების“ შესახებ - რომ მათ, თურმე, “არასოდეს სთხოვენ სიმართლის თქმას“ და ბევრ მათგანს თავი ჰეტეროსექსუალადაც კი მოაქვს. თითქოს ჩვენი საზოგადოება სიმართლეს, მრავალფეროვნებას და ინდივიდუალურ ბედნიერებას ყველა პირობას უქმნიდეს, „ეს ადამიანები“ კი გაურკვეველი მიზეზებით ფარისევლობდნენ.

სინამდვილეში, ცხადია, ყველაფერი პირიქითაა. „არაფერს ვერჩი, იყვნენ, ოღონდ თავისთვის“ - აცხადებენ ჩვენი საზოგადოების „ტოლერანტული“ წევრები - სექსუალობაზე და, მით უფრო, ჰომოსექსუალობაზე საჯარო სივრცეში საუბრის ყველაზე მორიდებულ მცდელობასაც კი, როგორც წესი, „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად“ შერაცხავენ. ტელეწამყვანმა „პროპაგანდას“ სინონიმიც კი მოუძებნა - „ამ თემის მოდურობა“, რომელიც „საფრთხეს“ შეიძლება შეიცავდეს.

სექსუალობის რომელიმე გამოვლინების „პროპაგანდა“ ან „მოდურობა“ როგორ ხდება, მართლა არ ვიცი. მაგრამ დახავსებულ შიშებთან და სიძულვილით დამუხტულ შეხედულებებთან ბრძოლა რომ სწორედაც ინფორმაციის გავრცელებით არის საჭირო, ეს აშკარაა. ინფორმაციის, რომ ჰომოსექსუალობა არც „გადახრაა“, არც “სიმახინჯე” და არც “არჩევანი”, რომელსაც ადამიანი მოცალეობის ჟამს აკეთებს - თითქოს საქმე რესტორნის მენიუსთან გვქონდეს. ინფორმაციის, რომ ადამიანის ბუნება, მისი სექსუალობა რთულია და კომპლექსური - და მას მრავალნაირი ვარიაცია თუ გამოვლინება აქვს.

იმის თქმა, რომ ინფორმაციის გავრცელება კოლექტიურ ჰომოფობიას საბოლოოდ “აღმოფხვრის”, მორიგი მიამიტურად ოპტიმისტური სქემა იქნებოდა. ჰომოფობია ხომ, როგორც წესი, ირაციონალური, გაუაზრებელი შიშების ნაკრებს წარმოადგენს - მძვინვარე ჰომოფობთა დიდ უმრავლესობას ძალიან გაუჭირდება რაციონალურად დაგისაბუთოთ, რატომ სძულს, ან, სულაც, ასეთი ვნებით რატომ აღელვებს სხვების სექსუალობა.

მაგრამ რაღაცები აუცილებლად შეიცვლება. სხვა თუ არაფერი, იმას მაინც შევძლებთ, რომ რეალობას გარკვეული დისტანციიდან შევხედოთ და გადავწყვიტოთ, რა ითქმის საზოგადოებაზე, რომელიც ლაღად და გაბედულად მოცეკვავე ადამიანს კოლექტიური და დაუფარავი სიძულვილით ხვდება; მაგრამ როცა თავად მას ათქმევინებს, რომ „მახინჯია“, მქუხარე ტაშს შემოსცხებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG