Accessibility links

logo-print
მიმდინარე კვირაში დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრში რამდენიმე საკითხი მოექცა - მათ შორის, ჩერნობილის კატასტროფიდან ნახევარი საუკუნის გასვლა, სირიაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და ბრიტანეთის სამეფო ქორწილი.

26 აპრილს დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა უკრაინა, სადაც ჩერნობილის ატომური კატასტროფიდან ნახევარი საუკუნის გასვლას აღნიშნავენ. ევროპის პრესა წერდა, რომ, ჩერნობილის და ფუკუსიმის კატასტროფების მიუხედავად, ახლო მომავალში ბირთვული ენერგიის ალტერნატიული ენერგიით შეცვლა, სავარაუდოდ, მოსალოდნელი არ არის. ფინეთში გამომავალი „კარიალაინენი“ 26 აპრილის ნომერში მკითხველს შეახსენებდა, რომ ჩერნობილის კატასტროფა ჩაშლილი ექსპერიმენტის შედეგი იყო და დასძენდა, „ამ კატასტროფის შემდეგ მსოფლიო დაარწმუნეს, რომ მომავალში ასეთი კატასტროფების თავიდან აცილება შესაძლებელი გახდებოდა ახალი ტიპის რეაქტორების აშენებით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრებით და უკეთესი კონტროლითო“. თუმცა, დასძენდა გაზეთი, ფუკუსიმის ავარიამ აჩვენა, რომ ყველა კატასტროფის თავიდან აცილება შეუძლებელიაო. „ამის მიუხედავად, ამ ეტაპზე ბირთვულ ენერგიაზე უარის თქმას ვერ შევძლებთ, იმიტომ რომ ჩვენს განკარგულებაში არსებული ენერგიის სხვა წყაროები მსოფლიოს მოთხოვნილებას ვერ დააკმაყოფილებს“, - წერდა გაზეთი და აცხადებდა, „ახალი და უფრო უსაფრთხო ენერგიის შექმნა კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩებაო“.

27 აპრილს ევროპის პრესის ყურადღების ცენტრში შენგენის ზონის პრობლემატიკა მოექცა. საქმე ის გახლავთ, რომ ტუნისელი ლტოლვილების მიგრაციის საკითხზე შექმნილი უთანხმოების გამო იტალიამ და საფრანგეთმა მოითხოვეს ევროპის გარე საზღვრებზე კონტროლის გამკაცრება, ევროპის შიგნით კი უპასპორტო მოგზაურობის დროებით შეწყვეტა. ევროპელი ჟურნალისტები წერდნენ, რომ შენგენის შეთანხმების ასეთი რეფორმა ევროკავშირის ერთიანობის პრინციპთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში და ამის ნაცვლად ერთიანი საიმიგრაციო პოლიტიკის შემუშავების მოწოდებით გამოდიოდნენ. ავსტრიის მემარცხენე-ლიბერალური „შტანდარტი“ 27 აპრილის ნომერში წერდა: „პარიზი და რომი ახლა შენგენის მიერ მოტანილ თავისუფლებას პირდაპირ აყენებენ ეჭვქვეშ. ამჯერად ამის მიზეზად ჩრდილოეთ აფრიკიდან იმიგრანტების მოზღვავება მოჰყავთ, თუმცა სინამდვილეში ეს შეთანხმება დიდი ხანია გულზე ხიჭვივით ესობა კონსერვატიულ მთავრობებს. აშკარაა, რომ ევროს პრობლემების შემდეგ ახლა მეორე, ევროკავშირისთვის დიდი სიმბოლური მნიშვნელობის მქონე საკითხი იწყებს რყევას - 400 მილიონი ევროპელისთვის უპასპორტო მოგზაურობის შესაძლებლობის საკითხი. ეს შეიძლება არ მოასწავებდეს ევროკავშირის დასასრულს, მაგრამ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მისი სწრაფი გაფართოების ფონზე, საზღვრების შესახებ ეს ახალი დისკუსია აჩვენებს, რომ ევროკავშირმაც კი თავის შესაძლებლობების ზღვარს მიაღწია და, როგორც ჩანს, ეს დიდად არც სარკოზის აწუხებს, არც ბერლუსკონის და არც ევროკავშირის სხვა ლიდერებს, ევროპისთვის ერთგულების დეკლარირების მიუხედავად.“

28 აპრილს ერთ-ერთი თემა იყო სირია, რომლის შესახებაც წერდა დასავლეთის პრესა. სირიაში ანტისამთავრობო გამოსვლების ძალადობრივი რეპრესიების მიუხედავად, გაეროს უშიშროების საბჭომ ოთხშაბათს ვერ შეძლო ამ ძალადობის დაგმობაზე შეთანხმება. პრესა წერდა, საერთაშორისო თანამეგობრობამ ახლა, სულ მცირე, სირიის ლიდერ ბაშარ ალ-ასადის იზოლაცია უნდა მოახდინოსო, ვინაიდან სამხედრო ინტერვენცია ბევრ რისკს უკავშირდება. დანიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული გაზეთი „იულანდს პოსტენი” წერდა: „ასადი ისე იქცევა, თითქოს სურს დაამტკიცოს, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა აუცილებლად მოიტანს ხანგრძლივ და სისხლიან სამოქალაქო ომს. მას სჯერა, რომ დასავლეთს ყველაფერზე მეტად ამის ეშინია და, შესაბამისად, ის უმწეოდ, შორიდან დააკვირდება ასადის მიერ თავისი ხალხის შევიწროებას. დადგა დრო დასავლეთის ლიდერებმა სირიის პრეზიდენტს გააგებინონ, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას თუ გააგრძელებს, ის ვეღარასოდეს გახდება საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი. სხვა შემთხვევაში დასავლეთი დაკარგავს არაბული სამყაროს იმ ნაწილის მხრიდან ნდობას, რომელსაც მტკიცედ სჯერა დემოკრატიის.“

პარასკევს - 29 აპრილს - ევროპის პრესა ბრიტანეთის სამეფო ქორწილზე წერდა ბევრს. მოგეხსენებათ, ამ დღეს ლონდონში, უესტმინსტერის სააბატოში, ჯვრისწერის გრანდიოზული ცერემონია გაიმართა - ბრიტანეთის პრინცი უილიამი დაქორწინდა კეიტ მიდლტონზე. ბრიტანულ „გარდიანში“ ჟურნალისტი საიმონ ჯენკინსი წერდა: „სამეფო ქორწილი არაფერს გვეუბნება მონარქიის დღევანდელ მდგომარეობაზე, მთავრობის ბედზე, კლასობრივ სისტემაზე ან ახალგაზრდების ჩვევებსა თუ მორალზე. ამ მოვლენით გლობალური აღტაცება პრინცესის მითის გაცოცხლებას უკავშირდება - რიგითისა და მეომარი პრინცის ქორწინების მითს. უიმედოდ მოღუშულების გარდა, ეს ამბავი ყველასათვის სახალხო ზეიმის აპოთეოზი იყო - კიდევ უფრო იაფფასიანი, ვიდრე ოლიმპიური თამაშები“. სტატიის ბოლო აბზაცი ასეთია: „ჯვრისწერის ანგლიკანური ცერემონია, უნდა ითქვას, მოკლებულია უფრო ორთოდოქსული მიმდინარეობების ცივ ფორმალურობას ან ზოგიერთ კულტურაში მიღებულ „დადგმულ“ ქორწინებას. ის მაყურებელს საშუალებას აძლევს იმ ორი ახალგაზრდის ბედნიერებისა და იმედების მოწმე გახდეს, რომლებიც ეს-ესაა შეუდგნენ ერთობლივ გზას, რომლის საბოლოო შედეგი უცნობია. სიყვარულის საჯარო გამოვლინების ცნება შესაძლოა ვუაიერისტულად მოგეჩვენოთ, კონტექსტი - ანტიკურად სექსისტურად. მაგრამ იმ მიზეზის უარყოფა, რის გამოც მსოფლიოს თვალი დღეს ლონდონისკენაა მოპყრობილი, უაზრობაა. ეს იმიტომ ხდება, რომ სიმპათიურმა ახალგაზრდა ქალმა ქალური რომანტიკის აპოგეას მიაღწია, მეფე ართურის პერიოდის შემდეგ არნახულს. მან თავისთვის ნამდვილი, ცოცხალი პრინცი იპოვა. ისღა დაგვრჩენია, გავიღიმოთ.
XS
SM
MD
LG