Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტექნიკური დანაკარგები აღარ დაიბეგრება


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეიქმნა კომისია, რომელიც სხვადასხვა კომპანიების საწარმოო დანაკარგების მოცულობას დაადგენს. ამ ცვლილების შემდეგ ბიზნესს აღარ მოუწევს დანაკარგების შესაბამისი გადასახადების გადახდა, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში, პროდუქციის მეხუთედს შეადგენს.

საწარმოო პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური დანაკარგების დაბეგვრისგან გათავისუფლებას ბიზნესმენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ორიოდე კვირის წინ დაჰპირდა:

„კომისიას შევქმნით და ეს ტექნიკური დანაკარგების კომისია განსაზღვრავს ამა თუ იმ სექტორში, ამა თუ იმ კომპანიაში რამდენი იქნება ტექნიკური დანაკარგი და უფრო ნაკლები ექნებათ საგადასახადო ტვირთი კომპანიებს.“

სხვადასხვა სექტორის საწარმოებს, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვადახვა დანაკარგი აქვს. ეს იყო ყოველთვის გადაუჭრელი პრობლემა...
ერთი შეხედვით საგადასახადო ადმინისტრირების ეს მცირე ცვლილება უამრავ მეწარმეებს საქმიანობას გაუადვილებს და საგადასახადო ხარჯებს შეუმცირებს. ბიზნესმენები ამბობენ, რომ აქამდე დანაკარგები როგორც რეალიზებული პროდუქცია, ისე იბეგრებოდა. ბანკ „რესპუბლიკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ლაშა პაპაშვილის განცხადებით, დანაკარგების დაბეგვრა ძალიან დიდი პრობლემა იყო:

”რაც შეეხება დანაკარგებს, ეს იყო ათწლეულების პრობლემა. ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ცვლილებები შევა ძალაში.”

ანალოგიურად ფიქრობს კომპანია „ზარაფხანის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ახალაძე:

”სხვადასხვა სექტორის საწარმოებს, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვადახვა დანაკარგი აქვს. ეს იყო ყოველთვის გადაუჭრელი პრობლემა და ყოველთვის რთული იყო იმის დამტკიცება, რომ მართლა იყო რეალური დანაკარგი და ადგილი არ ჰქონდა პროდუქციის მოპარვას თუ დამალვას.”

პრობლემა, რომელზეც ბიზნესმენები საუბრობდნენ, ამიერიდან აღარ შეაწუხებს საქართველოს მეწარმეებს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შექმნილმა 7 კაციანმა კომისიამ უკვე დაადგინა ტექნიკური დანაკარგების პირველი ზღვარი.

შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ჯაბა ებანოიძემ (მარცხნივ), ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ტექნიკური დანაკარგი აღარ დაიბეგრება.
28 აპრილს შემოსავლების სამსახურის ახალმა უფროსმა, ჯაბა ებანოიძემ, ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მეწარმეებს ნედლეულის გადამუშავებისას საწარმოო დანაკარგები 100%-ით საქონლის მიწოდებაში აღარ ჩაეთვლებათ. ჯაბა ებანოიძის განცხადებით, საწარმოო დანაკარგების განსაზღვრა დიდი შეღავათი იქნება მეწარმეებისთვის:

“თუკი ადრე საწარმოო დანაკარგი დანაკლისად ითვლებოდა და საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით იბეგრებოდა, ამიერიდან აღნიშნული დანაკარგები დადგენილი ნორმის ფარგლებში აღარ დაიბეგრება.”

როგორც ჯაბა ებანოიძემ აღნიშნა, მისი უწყების პირველი გადაწყვეტილება მეტალურგიულ საწარმოებს შეეხება. შემოსავლების სამსახურთან არსებულმა კომისიამ მეწარმეების მონაწილეობით ტექნიკური დანაკარგების შემდეგი ოდენობა დააწესა: მანგანუმშემცველი მადნიდან დანაკარგი წარმოებაში ჩაშვებული მანგანუმის 20%-ის ოდენობით განისაზღვრა, ჯართის შემთხვევაში – 15%-ით, ხოლო პროდუქციის დამზადებისას – 2%-ით.

თავად კომპანიას შეუძლია მოგვმართოს - გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ ჩვენ განვიხილავთ და ერთი თვის მანძილზე გავცემთ პასუხს...
ამ ცვლილების ხელმოწერას ესწრებოდნენ მეტალურგიული ბიზნესის წარმომადგენლებიც. ერთ-ერთი მათგანია “რუსმეტალის” კომერციული დირექტორი გიორგი ღუღუნიშვილი. მისი განცხადებით, დანაკარგების დაბეგვრისგან გათავისუფლება თანხების დაზოგვას და მოგების გაზრდას შეუწყობს ხელს:

"პირველად მოხდა იმ დანაკარგების აღიარება, რომელიც მეტალურგიის სფეროში არსებობს, რაც რეინვესტირებისა და წარმოების მოცულობის გაზრდის საშუალებას მოგვცემს. სფეროს დიდი პოტენციალი გააჩნია, ამიტომ ვფიქრობ, რომ მეტალურგიისთვის საშური საქმე გაკეთდა.”

შემოსავლების სამსახურის ინიციატივა თავდაპირველად მხოლოდ მეტალურგიის სფეროს შეეხება, თუმცა შემოსავლების სამსახურთან არსებულ კომისიას გადაწყვეტილი აქვს აქციზური საქონლის - ალკოჰოლური სასმელებისა და სიგარეტის - დანაკარგებით დაინტერესდეს, შემდეგ კი წარმოების სხვა სფეროებითაც დაინტერესდებიან. ამასთანავე, ნებისმიერ ბიზნესს უფლება აქვს თავადვე მოითხოვოს დანაკარგების მოცულობის შეფასება. შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და კომისიის წევრის ნინო გორგაძის განცხადებით, ტექნიკური დანაკარგების განხილვა ორი გზით ხდება:

ნინო გორგაძე, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე
”პირველი, როდესაც თავად კომპანიას შეუძლია მოგვმართოს - გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ ჩვენ განვიხილავთ და ერთი თვის მანძილზე გავცემთ პასუხს. მეორე, როდესაც ჩვენი სპეციალისტები შემოწმებისას მოახდენენ აღნიშნული პრობლემის იდენტიფიცირებას, ჩვენთან შემოვა ინფორმაცია და ანალიტიკური მუშაობის შედეგად მოხდება დანაკარგების ნორმების დადგენა.”

საგადასახადო ადმინისტრირების სფეროში განხორციელებული ეს ცვლილება ერთ-ერთია იმ სამ ცვლილებას შორის, რომელიც შემოსავლების სამსახურის ახალი უფროსის, ჯაბა ებანოიძის, დანიშვნის შემდეგ ხორციელდება. შეგახსენებთ, რომ წლების წინ სწორედ ჯაბა ებანოიძე ხელმძღვანელობდა საჯარო რეესტრის სისტემის რეფორმირებას. შედეგად, მსოფლიო ბანკის რეიტინგის თანახმად, 185 ქვეყანას შორის საქართველო მეორე ადგილზეა, ქონების რეგისტრაციის სიმარტივის თვალსაზრისით.
XS
SM
MD
LG