Accessibility links

იემენის პრეზიდენტს ოპოზიციასთან შეთანხმების ჩაშლაში ადანაშაულებენ


იემენში წამყვანი ოპოზიციური ორგანიზაცია პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰს ადანაშაულებს ძალაუფლების გადაცემის შესახებ მიღწეული შეთანხმების ჩაშლაში. გეგმით, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შეთანხმდნენ სპარსეთის ყურის ქვეყნების შუამავლობით, სალეჰმა 30-დღიან ვადაში უნდა ჩააბაროს ძალაუფლება ვიცეპრეზიდენტს. სანაცვლოდ ის და მისი ოჯახი მიიღებენ სამართლებრივი დევნისაგან იმუნიტეტს. მაგრამ, საინფორმაციო სააგენტო როიტერსი როგორც იუწყება, ოპოზიციონერი სულტან ალ-ატვანი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ შეთანხმება ჩაშალა: პრეზიდენტი სალეჰი უარს ამბობს, რომ შეთანხმებაზე ხელი მოაწეროს, როგორც პრეზიდენტმა, რაც წინააღმდეგობაში მოდის ტექსტის ვარიანტთან, რომელიც მხარეებს შუამავლებმა შესთავაზეს. საინფორმაციო სააგენტო ფრანს-პრესის ცნობით, შუამავლები იემენიდან გაემგზავრნენ ისე, რომ ვერ შეძლეს უთანხმოების მოგვარება. უფრო ადრე გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, იემენში ორი ჯარისკაცი და სამი სამოქალაქო პირი დაიღუპნენ სამხრეთში მთავრობის ოპონენტების მიერ გამოცხადებული გაფიცვის დროს.
XS
SM
MD
LG