Accessibility links

ტყის რეფორმით დავიწყოთ. „რეზონანსს“ ამ თემაზე ორი სტატია აქვს - ორი სტატია და ორი იდეა. ერთი იდეა ტყის კერძო ბიზნესისთვის გადაცემაა, მეორე იდეა კი - ტყის მართვაში სახელმწიფოს პროფესიული ჩარევა. დავიწყოთ იქიდან, რომ, „რეზონანსის“ მიხედვით, საქართველოში ტყის ფართობს ტერიტორიის 40 პროცენტი უჭირავს. პირველი ინიციატივა, ანუ ტყის მართვის ოპტიმიზაციისთვის და კორუფციისა და უკონტროლო ჭრის აღმოსაფხვრელად კერძო ბიზნესის საქმეში ჩართვა, მთავრობას ეკუთვნის. კანონმდებლობის დონეზე ინიციატივა პარლამენტში გადის დამუშავებას. მის მიხედვით, ტყე სამართავად კერძო ბიზნესს, 20-ის ნაცვლად, 49 წლით უნდა გადაეცეს. ენერგეტიკის სამინისტროდან ნინო ენუქიძე ამბობს, რომ სხვაგვარად სერიოზული ინვესტორი თანხის დაბანდებაზე არ დათანმხდება. ამ ვადაში, მთავრობის წარმომადგენელთა აზრით, ინვესტორი შეძლებს როგორც ტყიდან სარგებლის მიღებას, ასევე მის რეკრეაციასა და განახლებაზე ზრუნვას, მცირე დროში კი ამ ორივეს ვერ შეძლებსო. ამასთან ერთად, სამთავრობო ინიციატივის მიხედვით, ტყის ბრუნვის კონტროლიც მკაცრდება, იგეგმება ელექტრონული ფირნიშების დამზადება ტყის ბრუნვის ელექტრონული აღრიცხვისთვის. მოსახლეობას საშეშე ტყეზე ეძლევა უფლება, სამასალე ტყე კი კერძო ინვესტორის ხელში ხვდება.

მეორე იდეა პრობლემის მოგვარებისა სახელმწიფოს პროფესიული ჩარევაა. საქართველოს ტეროტორიის 40 პროცენტი ტყეა, მხოლოდ 15 პროცენტია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ამის მიუხედავად, უკანასკნელს სამინისტრო ემსახურება და ტყეს კი - სააგენტო და, ისიც, არადამოუკიდებლადო, წერს „რეზონანსში“ გამოქვეყნებული წერილის ავტორი, მეტყევე ინჟინერი პროფესორი ლევან გვაზავა. გვაზავა სახელმწიფო სატყეო კომპლექსის შექმნის ინიციატივით გამოდის, კომპლექსისა, რომელიც სტანდარტებს და რეგულირების მექანიზმებს სახელმწიფო დონეზე შეასრულებს. გვაზავა ფიქრობს, რომ დღეს ტყეს ზედა ეშელონებიდან ხშირად არაპროფესიონალები მართავენ.

ინფლაცია. დღეს ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებლი 14 პროცენტს აღწევს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი ამ მაჩვენებლის წლის ბოლომდე 15-18 პროცენტამდე გაზრდას ვარაუდობსო, წერს „რეზონანსი“. ამას ემატება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების სავარაუდო შემცირება. ამიტომ სავალუტო ფონდი, „რეზონანსის“ მიხედვით, ეროვნულ ბანკს და მთავრობას ურჩევს ამ სიტუაციაზე გავლენა მოახდინონ. „რეზონანსი“ იხსენებს, რომ მთავრობის პროგნოზით, წლის ბოლომდე სავარაუდოა ინფლაციის არა გაზრდა, არამედ შემცირება. სავალუტო ფონდისგან კიდევ რამდენიმე რჩევას გვთავაზობს გაზეთი. პირველი: სოციალურად დაუცველი ფენების დაცვის მიზნით, სასურსათო პროდუქციაზე ფასების დაჭერაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოსო, იმის გამო, რომ ქვეყანაში საპენსიო უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის ეფექტური სისტემები არ არსებობსო. მეორე რჩევა არის თანასწორუფლებიანობის მაჩვენებლების გაუმჯობესება: ”რათა მიღწეული ეკონომიკური წინსვლიდან მოგება დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებმაც ნახონ“.

„რეზონანსში“ ქვეყნდება ინტერვიუ უმრავლესობის წევრ აკაკი მინაშვილთან. მისი აზრით, ოპოზიციის მიერ წინა პლანზე წამოწეული საკითხები ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობაში, პირიქით, არჩევნებისადმი ნდობა იზრდება:
”მითები იმასთან დაკავშირებით, რომ სიები არ ვარგა და საზოგადოება არჩევნებს არ ენდობა, მხოლოდ მითებია და საზოგადოება ამას კარგად სცემს პასუხს”, - ამბობს აკაკი მინაშვილი და იშველიებს სხვადასხვა საერთაშორისო, მათ შორის, მისი თქმით, ამერიკული ორგანიზაციის დასკვნებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, მინაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება დიალოგისთვის მზადაა, ოღონდ ინდივიდუალურ რეჟიმში, რადგან, აშკარა პროგრესის მიუხედავად, მცირე პრობლემები მაინც არსებობს. მაგალითად, საარჩევნო გადასატან ყუთებზე კონტროლის გამკაცრება, მისი აზრით, მართლაც აუცილებელია; ასევე, ოლქებში, სადაც ასი ათასზე მეტი ამომრჩეველია, მაჟორიტარები უნდა დაემატოს.

”გარდა ამისა, ამ მიმართულებით კიდევ სამი ალტერნატივა შევთავაზეთ. პარლამენტართა რაოდენობის გაყოფა 67/83 ზე, 75/83 ზე და პარიტეტული გაყოფა 83/83 .” - თუ რას ნიშნავს ეს, აკაკი მინაშვილს „რეზონანსთან“ ინტერვიუში არ განუმარტავს.

მაისის თვეში, პრესის მიხედვით, რამდენიმე ფაქტორი ერთდროულად ამუშავდება. ერთი, ხელისუფლება და ოპოზიციური „რვიანი“ მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა დაბრუნდნენ და შედეგები აჩვენონ. მეორე, რადიკალური ოპოზიცია ამავე თვეში საპროტესტო აქციებისთვის ემზადება და აცხადებს, რომ დიქტატურის დამარცხება არჩევნების გზით შეუძლებელია. ასევე, ამავე თვეში ვარაუდობენ გაზეთები მგზავრობის ფასების 50-დან 80 თეთრამდე ზრდას. პრესის მიხედვით, იმავე მაისის თვეში იგეგემება დევნილთა განსახლების ახალი ტალღის დაწყება. პრესის მიხედვით, დღეისათვის ჯერ კიდევ განუსახლებელი, დაუკანონებელი სამასამდე ობიექტი რჩება, რაც „დევნილთა მოძრაობის“ წევრთა ვარაუდით, შესაძლოა განსახლების ახალი ტალღის საბაბი გახდეს. „რეზონანსი“ წერს, რომ, მცდელობის მიუხედავად, სამინისტრო ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

ხელისუფლებას ხელს აძლევს არეულობა, რადგან ამ გზით შეეძლება პროცესები უფრო მეტად აკონტროლოს, საგანგებო ვითარება შემოიღოს, არჩევნები გადადოს და ძალაუფლება შეინარჩუნოსო, ამიტომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც გეგმის გარეშე პროტესტზე მიდიან, რევოლუციურ ტალღაზე საუბრობენ და არჩევნების მიმართ საზოგადოებაში ნიჰილიზმს ნერგავენ, ხელისუფლების წისქვილზე ასხამენ წყალსო, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი „ახალ თაობასთან“ 26 მაისს მიცემულ ინტერვიუში. პაატა ზაქარეიშვილის აზრით, მოლაპარაკებათა გზა ხელისუფლებისთვის ცუდი გამოსავალია, მაგრამ ალტერნატივა მხოლოდ უარესია, როცა მისი სრული იზოლაცია და რადიკალიზაცია მოხდება. ზაქარეიშვილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლების შიგნით არიან ადამიანები, რომლებიც ამას ხვდებიან და შესაძლოა სწორედ მათგან წამოვიდეს ოპოზიციური მუხტი სისტემის შიგნით. ზაქარეიშვილის ვარაუდით, ამ შიდაოპოზიცური გუნდის ლიდერად შესაძლოა გიგი უგულავა მოგვევლინოს. გუნდში ზაქარეიშვილი კახა ბენდუქიძეს და გიგა ბოკერიასაც ასახელებს. ზაქარეიშვილის თქმით, ეს ადამიანები ხვდებიან, რომ სხვა გზა შესაძლოა ციხე იყოს. სააკაშვილს კი დათმობა პირად წაგებად მიაჩნიაო, ამბობს ზაქარეიშვილი და ამიტომ დათმობაზე წასვლა გაუჭირდებაო.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ ერთი უმთავრესი რამ უნდა შეძლოს: მიაღწიოს მოსახლეობის მაღალ საარჩევნო აქტივობას, ნიჰილიზმი გადალახოს და მოსახლეობაში განამტკიცოს რწმენა, რომ მომავალ პროცესებს ქვეყანაში სწორედ ისინი, ანუ მოქალაქეები, განაგებენ და არა დასავლეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი, მთავრობა ან ოპოზიციაო.

დაბოლოს, გირგვლიანის საქმე. ევროპული სასამართლოს დასკვნის მიხედვით, როგორც პრესიდან ირკვევა, სახელმწიფო სიკვდილის ფაქტში პირდაპირი წესით არ მონაწილეობდა, თუმცა სახელმწიფოს სასამართლო სისტემამ ამ საქმის სამართლიანი გამოძიება და წარმოება ვერ შეძლო, რაც, პრესაში გავრცელებული აზრით, ევროსასამართლოს პირდაპირი მინიშნებაა ამ საქმეში სისტემის მიკერძოებულობაზე. ანუ, პრესის მიხედვით, ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს ბრალეულობა გამოკვეთა საქმის არასათანადოდ გამოძიებაში, მიკერძოებაში, ბრალდებულთა დაუსაბუთებელ შეწყალებაში, სასამართლოსთან არასათანადო თანამშრომლობაში. მაგალითად, „ახალი თაობა“ წერს, რომ სახელმწიფო, ევროპული სასამართლოს დასკვნის მიხედვით, შემჩნეულია გარკვეული მტკიცებულებების გაყალბებული სახით წარმოდგენაში.
XS
SM
MD
LG