Accessibility links

logo-print

იოანე პავლე II ნეტარად შერაცხეს


რომის კათოლიკური ეკლესიის ლიდერმა, პაპმა ბენედიქტე XVI-მ ნეტარად გამოაცხადა თავისი წინამორბედი, პაპი იოანე პავლე მეორე, რითაც გზა გაეხსნა მის წმინდანად შერაცხვას. ბეატიფიკაციის ცერემონიაზე რომში მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის 90-მდე ოფიციალური დელეგაცია და 16 სახელმწიფოს ლიდერები. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ათიათასობით ადამიანს შორის იყო იტალიელი პილიგრიმი, ფედერიკო მარტინელიც, რომელმაც საინფორმაციო სააგენტო როიტერსთან საუბარში „ეკლესიის ტრიუფად“ მოიხსენია იოანე პავლე მეორის ნეტარად შერაცხვა: „ეს მართლაც დიდი დღესასწაულია - დიდი დღესასწაული ყველასთვის. ეს არის აგრეთვე გამარჯვება, გულახდილად თუ ვიტყვით, გამარჯვება მთელს ამ წინააღმდეგობაზე და იოანე პავლე მეორის პონტიფიკატის დიდებული დადასტურება“. იოანე პავლე მეორე - რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში პირველი პოლონელი პაპი - 2005 წელს გარდაიცვალა კათოლიკური ეკლესიის სათავეში 26-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ. ამ წლების მანძილზე ის მრავალ ათეულ ქვეყანას ეწვია, მათ შორის საქართველოსაც. პაპი ცნობილი იყო ტოტალიტარისტული რეჟიმების წინააღმდეგ პრინციპული პოზიციით და რელიგიებს შორის დიალოგის მხარდაჭერით.
XS
SM
MD
LG