Accessibility links

logo-print
"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" ანა კორძაია-სამადაშვილის რომანი, "შუშანიკის შვილები" გამოსცა, თბილისური ზღაპარი, სადაც მთავარი გმირები სულებს უფრო ჰგვანან, ვიდრე ადამიანებს.

ამ რომანის კითხვა ძალიან მძიმედ დავიწყე. წიგნის პირველივე წინადადება იმდენად უაზრო იყო, რომ თავიდან მეწყინა კიდეც. აი, ეს წინადადება: "ნიკო, რომ მართა იყო აფთარი, ასე გადაწყვეტდა ხოლმე". ამ სიტყვებს ერთი-ორი ბუნდოვანი წინადადება მოჰყვა და აბზაცის ბოლოს შედარებით დალაგდა მწერლის აზრები. შემდეგ რამდენიმე გვერდზე საგრძნობლად გამოსწორდა ამბავი და მივხვდი რასთანაც მქონდა საქმე, მივხვდი, რომ ანამ რაღაც ახალი, ძალიან საინტერესო და უცნაური შემოგვთავაზა. ამ რაღაცას მე თბილისურ ზღაპარს ვუწოდებდი და ამ ზღაპარს ფინალი არა აქვს. ყოველ შემთხვევაში, ავტორისეული ფინალი არ მიმაჩნია იმის ღირსად, რომ ამით მოთხრობილი ამბავი დაასრულოს. თუმცა ვინ იცის, შეიძლება სწორედ ასეთი მოჭრილი ფინალია ზღაპრიდან საუკეთესო გამოსავალი.
"შუშანიკის შვილები" ქალაქური რომანია. აქ ქალაქი ერთ-ერთი მთავარი გმირია, ძირითადი მოქმედება თბილისურ "უპრინციპო ღამეებში" ვითარდება. ესაა ქალაქი, რომელზეც მთავარი გმირი, მართა, ამბობს: "მე კი, აჰა, დავდივარ ქალაქში, რომელსაც სულ უფრო ნაკლებად ვცნობ და რომელშიც სულ უფრო ნაკლები საყვარელი ადამიანი მეგულება. არ მინდა, მაგრამ მაინც დავდივარ. აბა, რა ვქნა?"
თავად ანამაც ჩემთან საუბრისას პირველ რიგში ქალაქი ახსენა:
""შუშანიკის შვილების" დაწერის აზრი გაჩნდა მას შემდეგ, რაც წავიკითხე აღასი აივაზიანის წიგნიდან ერთი მოთხრობა, რომელსაც, თუ არ ვცდები, ერქვა "თბილისის გზამკვლევი - 1912 წელი". და იქ იყო რამდენიმე პატარა ლეგენდა ქალაქ თბილისზე. და მაშინ სულ პირველად ვიფიქრე, რომ თბილისს, რომელიც ნამდვილად ძველისძველი ქალაქია, ლეგენდები პრაქტიკულად არა აქვს. ნებისმიერ ქალაქში არსებობს ვიღაც სული ან პერსონაჟი, რომელიც შეიძლება შემოგეყაროს - ან სიხარულს მოგიტანს, ან დაგღუპავს, ან, პირიქით, რაღაცა დიდი ბედნიერების ნიშანი იქნება და სხვა და სხვა. ვიფიქრე, როგორ შეიძლება, რომ თბილის ქალაქს ლეგენდები არ ჰქონოდა! და მერე მივხვდი ერთ რამეს. რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი ასეთი ფესვგამდგარი იყო თბილისში, არავის არ სჭირდებოდა შენი თბილისური მითოსი. და მეორე ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ თბილისი მაინცდამაინც ქართული ქალაქი არ იყო და იმდენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელს ჰქონდა სხვადასხვა ამბავი, რომ აირია და მაინცდამაინც არავინ გამოსდევნებია თითოეულ ამ ამბავს: პოლონური ისტორიები, გერმანული, სპარსული და ა.შ. შეიძლება ასე ცალ-ცალკე არსებობს, მაგრამ ჩემამდე არ მოსულა."

ანა ერთ-ერთ ასეთ ლეგენდას აცოცხლებს აივაზიანის 50 წლის წინ დაწერილი მოთხრობიდან. სიონის პირდაპირ, მტკვრის გაღმა, ვინმე შუშანიკი ცხოვრობდა თურმე, გრძელნაწნავებიანი გოგო, რომელსაც ერთხელ შვილი გაუჩენია. შვილი მკვდარი დაბადებულა, "შუშანიკი კი ვიღაცას, ვისაც ვერავინ ხედავდა, იავნანას უმღეროდა, ძუძუს აჭმევდა, ზღაპრებს უყვებოდა..." მას შემდეგ შუშანიკი თურმე სულებს აჩენდა და თბილისის ოკრობოკრო ქუჩებში უშვებდა:

"შუშანიკის შვილები არც ხეირი არიან, არც დანაკლისი, შუშანიკის შვილების დაბადებას და გარდაცვალებას არავინ ამჩნევს. შუშანიკის შვილებმა არასოდეს იციან, რომელი საათია ან რა რა ღირს, მიზანი არა აქვთ და თუ აქვთ - ძალიან სულელური. შუშანიკის შვილებზე იტყვიან ხოლმე, აბა რა უნდა მოსთხოვოო - და სწორია, არ უნდა მოსთხოვო, ისედაც ყველაფერს იძლევიან. შუშანიკის შვილები სიხარულები არიან, უაზრო, მაგრამ სიხარული. რომ გაიფიქრებ, ნეტა, რა მიხარიაო, იცოდე - შუშანიკის შვილმა გვერდით ჩაგიარა. უბრალოდ - ცხადია! ვერ შეამჩნიე."

ეს, ალბათ, წიგნის მთავარი სიტყვებია, რადგან სწორედ აქედან შეიძლება მივხვდეთ, ვინ არიან ამ წიგნის მთავარი გმირები. დიახ, ისინიც შუშანიკის შვილები არიან, სულები, აჩრდილები. მე კარგად ვიცნობ ასეთ სულებს, დარწმუნებული ვარ, თქვენც იცნობთ, ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ.

მართა და ნიკო, თამარ-სოლომონი, ია, ინა, დავითი, ქნარიკა, ევა, ბადურა, ირა და ლანა... ყველა რაღაცით ჰგავს ერთმანეთს - ზოგი მეოცნებეა, ზოგიც ბრაზიანი ან ბრიყვი, მაგრამ ყველას რაღაც აერთიანებთ. მათ მე ჩანჩურებს ვუწოდებ და ამ აჩრდილებზე ვერც იფიქრებ, რომ საერთოდ იკვებებიან. ალბათ, სწორედ ამიტომაცაა, რომანის ერთ-ერთ მთავარ, კულმინაციურ სცენაში მთელი საჭმელი - ყველი, პური და კიტრი-პამიდვრის სალათა - იატაკზე იფინება და მისი ერთადერთი ბატონ-პატრონი ძაღლი ალმასა აღმოჩნდება. ეს სცენა ასე მთავრდება: "დღეს არ ვჭამთ - ვსვამთ".

ეს სულები მხოლოდ სვამენ. ჭიქა ისე უჭირავთ ხელში, როგორც პეპელა, სვამენ და ჰყვებიან თავიანთ ამბებს, ბუზღუნებენ, ფიქრობენ, იგინებიან. თავისას ფიქრობს და ლაპარაკობს ძაღლი ალმასაც, რომელიც ყველაზე ცოცხლად დახატა ანამ. მწერალი იმდენად გაიტაცა ალმასამ, რომ ძირითადად მას დასტრიალებდა, ავსებდა ახალ-ახალი შტრიხებით და მის ფონზე ადამიანები შედარებით მარტივები და უბრალოები ჩნდებოდნენ, მაშინ როცა ალმასა ჯადოსნური ხუმრობებით იქარგებოდა.

კითხვისას რამდენიმეჯერ გულიანადაც გაიცინებთ, მაგრამ რომანის მთავარი ძალა მაინც მსუბუქი, ხალისიანი, რაღაცნაირი ჭკუამხიარული მიზანთროპიაა. გარდა ამისა, ყველა ბავშვი, რომელიც კი ნაწარმოებში გაიელვებს, ნამდვილი მონსტრია. ერთ საყვარელ ბავშვსაც ვერ ნახავთ აქ, წამლადაც კი. ზოგიერთი კი ისეთია, ქვას ქვაზე არ ტოვებს, ისინი ყველას აწამებენ, ვინც კი გარშემოა. შემდეგ ერთმანეთსაც აწამებენ. მოკლედ, აშკარად რაღაცაშია საქმე.

სანამ კითხვას დავიწყებდი, ძალიან მაინტერესებდა როგორი ენით იყო დაწერილი რომანი. ანას ნაწერებს კარგად ვიცნობ და, ჟურნალებში გამოქვეყნებული მისი ბოლო პერიოდის სტატიების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ანას ამ მხრივ აშკარად პრობლემები ჰქონდა. ჩიხში იყო შესული, მეორდებოდა, ერთი სიტყვით, იგი უფრო საუბრობდა, ვიდრე წერდა და ნაწერიდან მუდამ ჩაგესმოდა მისი ხმა.

ამ რომანში მან მოახერხა და დაძლია ენასთან დაკავშირებული წინააღმდეგობები. მართალია, თავიდან ძალიან უცნაური გეჩვენება პერსონაჟების მეტყველება, ხანდახან კი, დიალოგებისას, შეიძლება გაიფიქრო, რომ ჩვენს - ანუ მკითხველის - გასაგონად არც საუბრობენ ისინი, თითქოს სულ ნახევარტონებია ლაპარაკისას, ბოდვები... ასე მხოლოდ ისინი საუბრობენ, ვისაც უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის, ასე მხოლოდ საკუთარ თავთან შეიძლება ლაპარაკი. მაგრამ უსმენ, აკვირდები და ხვდები, რომ შენც გესმის ეს ყველაფერი, შენც იმ რაღაც ერთიან გიჟურ „მეს“ უერთდები.

არის თბილისური ჟარგონიდან გადმოყოლილი ყოვლად აუტანელი და ყელში ამოსული ფრაზებიც, რომელსაც, მე რომ რედაქტორი ვყოფილიყავი, ეგრევე მოვაშთობდი: "ძნელია გურჯობა", "ჭირს გურჯობა" და სხვ. სამაგიეროდ, რეალური თბილისიდან წამოღებული ბევრი ნიშანი ძალიან ოსტატურად და შთაგონებითაა დამუშავებული. მაგალითად, აბანოს თემა, თბილისური, მამაპაპური აბანოს ტექსტი, თანაც ქალების აბანოსი. ხომ გახსოვთ ქალების აბანოს ტფილისური სცენები პუშკინის დროს, შემდეგ დიუმას დროს, - ორივესგან საკმაოდ ბევრი დეტალი ვიცით, - ჰოდა, ეს რომანი აგვირგვინებს დიდ წინამორბედებს. თუ არ ვცდები, ანა კორძაია-სამადაშვილი პირველი ქალი მწერალია, ვინც თბილისური აბანოს ტრადიციულ ტექსტს მოჰკიდა ხელი.

ამ რომანში ანა ძალზე მგრძნობიარეა თხრობის მიმართ, იგი ბევრ საინტერესო ხერხს მიმართავს, ტრადიციულს და არატრადიციულს, და ეს მას კარგად გამოსდის. თხრობისას სრულიად მოულოდნელ გადაწყვეტილებებსაც იღებს. მაგალითად, როცა სჭირდება, ნიკოს ფიქრებზე გვიამბოს; უცებ შემოჰყავს ვიღაც ორი ავსტრალიელი ტურისტი, რომელთაც მართა შეაჩერებს და ეკითხება: "იცით, რას ფიქრობს ნიკო?..." ერთი სიტყვით, ავტორი ყველგანაა და იგი ხანდახან დიალოგებს ფიქრით წყვეტს ხოლმე და ამას საკმაოდ მახვილგონივრულად აკეთებს. სულ ბოლოს კი, სანამ მთავარი მოვლენები მოხდება რომანში და სანამ ავტორი დაუსვამს წერტილს ყველაფერს, მართა და ნიკო სხედან და ეწევიან, სხედან "როგორც ავთანდილი და თინათინი... ოღონდ გზააბნეულები, უფრო კი, ამბავაბნეულები...". შესაძლოა სწორედ ამ "ამბავაბნეულობის" გამო დაამთავრა ანამ ეს რომანი ასე მოულოდნელად... თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, როგორ დაამთავრა. ეს ხომ თბილისური გოთიკაა, სადაც მოსულა მოულოდნელი კვანძის გახსნები და ნახტომები. ესაა სულებით დასახლებული რომანი, სულებით, რომლებიც რეალობაშიც არაერთხელ შეგვხვედრიან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG