Accessibility links

როგორ შეიძლება სიყვარულის გამო ხიდიდან უსაფრთხოდ გადახტომა


Rope-jumping-ის მოყვარულები ბელორუსიაში

Rope-jumping-ის მოყვარულები ბელორუსიაში

ვის აქვს სურვილი, მაგალითად, რომელიმე მაღალი ხიდიდან თოკებგამობმული გადახტეს?.. ამბობენ, განუმეორებელი გრძნობააო. ამას Rope-jumping-ს უწოდებენ. ვისაც სურვილი აქვს შეუძლია ეს თბილისშიც გამოსცადოს. თუ გული არ აწუხებს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები არ აქვს, შეუძლია მივიდეს უნივერსიტეტის ქუჩაზე, ეგრეთ წოდებულ მაღლივის ხიდთან და რიგში ჩაეწეროს. უფრო დაწვრილებით, Rope-jumping-ის ქართული გამოცდილების თაობაზე, თამარ როყვა გიამბობთ.

Rope-jumping-ი, ალპინისტური თოკით ხტომა, მეტად ექსტრემალური და სახიფათო სპორტია. საქართველოში 10 თვის წინ, მხოლოდ 6 ადამიანი მისდევდა თავისუფალი ვარდნის სპორტს, ამჟამად კი, რამდენიმე ასეული ადამიანი არის დაკავებული სპორტის ამ სახეობით. 23 წლის ირაკლი გუჯაბიძე, ერთ-ერთია მათ შორის, ვინც Rope-jumping-ი საქართველოში შემოიტანა. მისი თქმით, ეს ერთადერთი სპორტული ატრაქციონია, რომლის ეფექტიც არ იკლებს რამდენჯერაც უნდა გადმოხტე.

“დაახლოებით ოცჯერ ვარ გადამხტარი და ყოველ ჯერზე ისე მეშინია, როგორც პირველად და ყველას ზუსტად იგივე ეფექტი აქვს”, - ამბობს ირაკლი გუჯაბიძე და დასძენს, რომ Rope-jumping-ი მძაფრ შეგრძნებებთან ერთად, ასევე დიდი სიამოვნებაა:

“მთელი სიამოვნება არ არის მარტო თავისუფალ ვარდნაში, თვითონ ამ ნაბიჯის გადადგმა, რომ თავს აჯობო, შიში გადალახო, ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს და იმ მომენტში, როცა ამ ნაბიჯს დგამს, - როცა ფაქტობრივად შეურაცხადია, იმიტომ რომ ჯანსაღმა ადამიანმა არ უნდა გადაწყვიტოს მსგავსი რამ, რომ გადახტეს, - თავს აგიჟებს, საერთოდ არ ფიქრობს და ისე ხტება. ამ მომენტში არის თავისუფალი, იმიტომ რომ არ არის არავისზე დამოკიდებული და რაც მთავარია, არ არის თავის თავზე დამოკიდებული, თავის თავსაც კი აჯობა.”

ირაკლი გუჯაბიძის თქმით, ამას ემატება თავისუფალი ვარდნის შეგრძნება, რასაც მოზღვავებული ადრენალინი იწვევს. განსაკუთრებით რთულია პირველი გადახტომა:

“პირველი გადახტომის შემდეგ მუდმივად ესიზმრებათ, მუდმივად ახსენდებათ, არის შემთხვევები, რომ ერთი კვირა სხვაზე ვერაფერზე ფიქრობენ.”

საქართველოში Rope-jumping-ს ბევრი ახალგაზრდა მისდევს. მათ სულ უფრო მეტი მოხალისე უერთდება.

24 წლის გიორგი ნადირაშვილი პირველად ხტება.

“ყოველთვის მიზიდავდა ექსტრემალური რაღაცები და შანსი არის, რომ ჩემი თავი გამოვცადო, თუნდაც, შიშის ფაქტორი ძალიან საინტერესოა. შევძლებ თუ არა არ ვიცი ნამდვილად, შეიძლება ხიდზე რომ დავდგები, სხვა გრძნობა მქონდეს. ძალიან არ ვნერვიულობ, მაგრამ ის განცდა მაინც არის, რომ რაღაც ახალი უნდა გააკეთო”, - ამბობს გიორგი გადმოხტომის წინ.

და აი თოკებმობმული გიორგი ხიდთან დგას, ქარი ქრის, ისმის მდინარე ვერეს ხმა, თვითონ კი ჩუმად არის, არავის უყურებს, უბრალოდ თოკებს ამოწმებს, ცალი ფეხით მოაჯირს გადააბიჯა… უკვე მეორეც გადადგა... ისმის გარშემო მყოფთა შეძახილი:

“ერთი, ორი, სამიიიიიიი...”

...და გიორგი ხტება.

”ძალიან მაგარია,ძალიან მაგარ ემოციებში ვარ, ახლა ჯერ კიდევ ეიფორიაში ვარ, ვერ ვლაპარაკობ. ისევ მოვალ მეგობრებთან ერთად აუცილებლად”, - გვიზიარებს თავის ემოციებს გიორგი ნადირაშვილი.

15 წლის მაგდა მითაიშვილსაც აქვს სურვილი, რომ გადახტეს, თუმცა ჯერ ვერ ბედავს:

“ძალიან მაგარი ექსტრემია ჩემი აზრით, როდესაც უყურებ ძალიან მაგარ მთებს, ძალიან მაგარ ბუნებას და პირდაპირ ბუნებაში მიდიხარ, მაგას აქვს ყველაზე დიდი მუღამი. ძალიან მიზიდავს, მაგრამ ვერ ვბედავ ხოლმე.”

22 წლის ირაკლი ჭელიძემ კი უკვე გამოსცადა ხიდიდან ხტომა:

”ხიდიდან ხტომა საუკეთესო საშუალებაა სტრესის მოსახსნელად. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ყველაფერს აკეთებენ ძალიან გამოცდილი სპეციალისტები, რისკი არის მინიმუმამდე დაყვანილი”.

იმას, რომ რისკი მინიმალურია, არ ეთანხმება ექიმი-თერაპევტი, თინათინ სვანიძე:

“ამ შემთხვევაში, ტრავმის მიღების ალბათობა უფრო მაღალია და ამავდროულად, ეს არის დიდი სტრესი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის ნებისმიერი სისტემის დაზიანება. ესაა: ენდოკრინული, გულსისხლძარღვთა და სხვა...”

ფსიქოლოგი სოფო ეჯიბაშვილი კი, ასე ახასიათებს Rope-jumping-ის მიმდევრებს:

“გააჩნია, რა ასაკში აკეთებს ამ ყველაფერს ადამიანი, თუ მაგალითად, გარდატეხის ასაკშია ბავშვი და გარდამავალი ასაკის კრიზისები აქვს, ამ შემთხვევაში, თვითდამკვიდრების საშუალება შეიძლება იყოს, ყურადღების მიქცევის მომენტი იყოს, რომ ვიღაცისგან განსხვავებულია და ამით ცდილობს, რომ როგორღაც გამოჩნდეს.
და მოზრდილ ასაკში, ეს უფრო ალბათ, ადრენალინის ნაკლებობაა და ჰობის დონეზეა.”

ილია ბერულავა ამბობს, რომ ისინი სიფრთხილით ეკიდებიან მოხალისეებს. გულდასმით აკვირდებიან და ვისაც ატყობენ, რომ ეშინია, გადახტომას არ ურჩევენ.

გადმოხტომა მეგობართან ერთადაც შეიძლება ან სულაც, საყვარელ ადამიანთან ერთად. საქართველოში ეს პირველად, ირაკლი გუჯაბიძემ სცადა.

” წყვილებს უკვე შეუძლიათ ერთად გადახტომა. უნდათ გვერდიგვერდ იდგნენ ან ჩახუტებულები გადახტნენ და ძალიან მძაფრდება ეს შეგრძნებები, როცა სახეზე უყურებ გაგიჟებულ ადამიანს, რომელიც ყვირის, შენზეც გადმოდის ეს ენერგია. შორიდან როცა უყურებ, როგორ მიფრინავს ადამიანი და შენც მიყვები, ძალიან სასიამოვნოა”, - გვითხრა ირაკლი გუჯაბიძემ. მისი მეუღლის, თამთა ბისეიშვილის თქმით, ის ვერასოდეს გაბედავდა Rope-jumping-ს და მხოლოდ სიყვარულის გამო გადმოხტა:

”საოცარი გრძნობაა, მიფრინავ საყვარელ ადამიანთან ერთად, გეშინია და არც გეშინია, იმიტომ, რომ მასთან ერთად ხარ და იცი, როცა ის შენთანაა, საშიში არაფერია.”

და მაინც, მათი რიცხვი, ვინც არ გადმომხტარა, ბევრად მეტია მათზე, ვინც Rope-jumping-ი უკვე გამოსცადა:

18 წლის მარიამი: ”ადრენალინის სანაცვლოდ არ მიღირს ჩემს ჯანმრთელობას საფრთხე შევუქმნა.”.

22 წლის დაკო: ”გადმოვხტებოდი, მხოლოდ შეყვარებულთან ერთად.”
XS
SM
MD
LG