Accessibility links

დღეს მსოფლიოში მშრომელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ


მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საპირველმაისო მანიფესტაციებით აღნიშნავენ მშრომელთა საერთაშორისო დღეს. ასიათასობით ადამიანი გავიდა დემონსტრაციებზე რუსეთის ქალაქებში, მათი უმრავლესობა კრემლისადმი მხარდაჭერის გამოსათქმელად, თუმცა, გაიმართა ოპოზიციის აქციებიც. მოსკოვის ცენტრში მემარცხენე ფრონტის აქტივისტებმა მოუწოდეს თანამემამულეებს, მიბაძონ არაბულ ქვეყნებს და პროტესტი გამოთქვან რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. მრავალათასიანი მანიფესტაციები გაიმართა ევროკავშირის ქვეყნებშიც, მათ შორის საბერძნეთში, სადაც დემონსტრანტებმა პროტესტი გამოთქვეს საბიუჯეტო ხარჯების შესაკვეცად ამოქმედებული გეგმის გამო. საქართველოში საპირველმაისო მანიფესტაციები ჩატარდა სოციალ-დემოკრატების და პროფკავშირების ინიციატივით. თბილისის ცენტრში, რუსთაველის ძეგლთან გამართულ აქცია-ბრიფინგზე საპირველმაისო მიმართვით გამოვიდნენ სოციალ-დემოკრატები. მიმართვაში საზოგადოების წინაშე არსებულ ორ ძირითად პრობლემად სახელდება შრომის პირობების საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობა და შრომის შესაძლებლობების ან პირობების არარსებობა მოქალქეების უმრავლესობისათვის. ხოლო პროფკავშირებმა მშრომელთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს თბილისის ზღვასთან - პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილის განმარტებით, სიმბოლურ ადგილას, რადგან 1901 წელს ქართველმა მშრომელებმა სწორედ იქ გამართეს პირველი საპროტესტო აქცია.
XS
SM
MD
LG