Accessibility links

logo-print

საქართველოში პრესა კვლავაც ”ნაწილობრივ თავისუფალია”


ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ”ფრიდომ ჰაუსის” 2011 წლის ანგარიშში, რომელიც მსოფლიოში მედიის თავისუფლების შეფასებას ისახავს მიზნად, საქართველო, შარშანდელთან შედარებით, 4 ქულით დაწინაურდა, თუმცა 55 ქულიანი შეფასებით საქართველო მაინც რჩება ქვეყნად, სადაც მედია მხოლოდ ”ნაწილობრივ” არის თავისუფალი.

“ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშის მიხედვით, ზუსტად ერთნაირი შეფასება დაიმსახურეს საქართველომ, მალავიმ და მოლდავეთმა. მართალია, 55-ქულიანი რეიტინგით ეს ქვეყნები არც ისე შორს დგანან ზღვართან, რომლის იქითაც უკვე პრესის მდგომარეობის კუთხით ”არათავისუფალი” ქვეყნების ჩამონათვალი იწყება, მაგრამ, წინა წლის მონაცემების გათვალისწინებით, საქართველომ ნაბიჯი აშკარად წინ გადადგა.

პრაქტიკულად არა გვაქვს პოლიტიკური საზოგადოებრივი თოქშოუები საერთო ეროვნულ მაუწყებლებზე...
საქართველოს წინსვლის მიზეზად ანგარიშში სახელდება ”პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება, რამაც შეამცირა ჟურნალისტების სამართლებრივი და ფიზიკური დევნა, ასევე შეამცირა სახელისუფლებო ცენზურა და უზრუნველყო მოვლენების უფრო დაბალანსებული გაშუქება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ.”

ამგვარი შეფასებიდან ზვიად ქორიძის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სახელისუფლებო ცენზურის შემცირებასთან დაკავშირებული აქცენტი. მედიაექსპერტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ცენზურა პრაქტიკულად აღარ სჭირდება, რადგანაც ნაციონალური არხები ისედაც მშვენივრად იზიარებენ ხელისუფლებისთვის სასურველ პოზიციებს. ამავე კონტექსტში განიხილება მედიაექსპერტის კიდევ ერთი დაკვირვებაც:

”პრაქტიკულად არა გვაქვს პოლიტიკური საზოგადოებრივი თოქშოუები საერთო ეროვნულ მაუწყებლებზე. უფრო მეტად წამოვიდა მუსიკალურ-გასართობი პროგრამები საეთერო ბადეში და მცირდება საინფორმაციო პროგრამების დოზა... დარწმუნებული ვარ, ერთადერთი კანონის ნორმა ავალდებულებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ ჰქონდეს პოლიტიკური საზოგადოებრივი თოქშოუ, თორემ ალბათ მათაც არ ექნებოდათ.”
ზეწოლა საკმაოდ დიდი იყო საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და, შესაბამისად, ხელისუფლება იძულებული გახდა მოეხდინა გარკვეული ლიბერალიზაცია...

თუკი, ზვიად ქორიძის აზრით, “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში ასახული 4-ქულიანი დაწინაურება ქვეყნის რეალურ წინსვლას არ ნიშნავს და”სტატუს კვო პრაქტიკულად არ შეცვლილა”, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი მაინც ლაპარაკობს გარკვეულ ”არასისტემურ” წინსვლაზე, რომელიც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება:

”ზეწოლა საკმაოდ დიდი იყო საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და, შესაბამისად, ხელისუფლება იძულებული გახდა მოეხდინა გარკვეული ლიბერალიზაცია ამ მიმართულებით. გასული წლის დასაწყისთან შედარებით, გაცილებით შემცირდა ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებიც... ნამდვილად შეინიშნებოდა გარკვეული გაუმჯობესება თუნდაც იმ მხრივ, რომ შარშან დაიწყო მუშაობა კანონმდებლობაზე, რომელიც მედიამფლობელების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს... წინასაარჩევნო პერიოდშიც იყო მეტ-ნაკლები გაუმჯობესება - იმავე ოპოზიციას მეტი შესაძლებლობა ჰქონდა საკუთარი აზრი გამოეხატა. მეორე არხის მუშაობის ფაქტორიც უნდა იქნეს გათვალისწინებული და მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლისა... მაგრამ, მთლიანობაში, ეს მხოლოდ ზედაპირული ცვლილებებია, რომლებსაც სისტემური ცვლილებები არ მოჰყოლია.”

საპირისპირო აზრისაა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელიც მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას საქართველოში აშკარად გაუმჯობესებულად მიიჩნევს და ასეთ შედეგს სწორედ სისტემურ რეფორმებს მიაწერს. 2010 წლის მოვლენებიდან ის ჩვენთან საუბრისას განსაკუთრებით უსვამს ხაზს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოვლენათა დაბალანსებულ გაშუქებას, მე-2 არხის ამოქმედებას, მედიამფლობელობის მეტი გამჭვირვალობის მიმართულებით დაწყებულ მუშაობას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტზე მიბმული დაფინანსების წესის აღდგენას.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ საქართველო კვლავაც რჩება ”ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნების ნუსხაში, ჩიორა თაქთაქიშვილი დროებითად მიიჩნევს. სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯების ჩამოთვლას ის ჟურნალისტების პროფესიონალიზმის დახვეწით იწყებს:

”ამ კუთხით მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ალბათ ყურადღების გამახვილება და მუშაობის გაგრძელება ჟურნალისტურ სფეროში განათლების დამატებითი შესაძლებლობების შესაქმნელად; ასევე ჟურნალისტური პროფესიონალიზმის თვალსაზრისით ნაბიჯების გადადგმა; ისევე როგორც დამატებითი ნაბიჯების გადადგმა როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე კერძო მაუწყებელთა საქმიანობის ეფექტურობისა და მათ მიერ რაც შეიძლება დაბალანსებული, მიუკერძოებელი და ზუსტი ინფორმაციის მისაწოდებლად საქართველოს მოქალაქეებისათვის.”

ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს, რომ მედიისთვის მეტი თავისუფლების მისანიჭებელ რეფორმებს საქართველოში შეუქცევადი სახე ექნება. თუმცა მედიაექსპერტების დიდი ნაწილი თვლის, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობის გარეშე ხელისუფლებას მედიის კონტროლის ბერკეტების დათმობა გაუჭირდება.
XS
SM
MD
LG