Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ვაზაგაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”


საპროტესტო აქცია ძალადობის წინააღმდეგ, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილთან
საპროტესტო აქცია ძალადობის წინააღმდეგ, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილთან
2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს. ადამიანის უფლებების დამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სპეცოპერაცია მაშინვე შეფასდა ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებად. სპეცოპერაციიდან გასული ხუთი წლის შემდეგ ყოფილი კორტების მიმდებარედ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.
ჩვენ ზოგჯერ ოპერაციების განხორციელების დროს გვიწევს დამნაშავეების ადგილზე ლიკვიდაცია...

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მიერ 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაცია, კრიმინალური პოლიციის უფროსის განცხადებით, კარგად ორგანიზებული ყაჩაღური ჯგუფის წინააღმდეგ განხორციელდა. ეს ჯგუფი, მისივე განმარტებით, თბილისის ცენტრში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახზე თავდასხმას აპირებდა, თუმცა ამ ჯგუფის ლიკვიდაცია მოხდა არა შემთხვევის ადგილზე, არამედ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მანქანებით გაჭედილ ხალხმრავალ ქუჩაზე. კრიმინალური პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მანქანას, რომელშიც ალექსანდრე ხუბულოვი, ზურაბ ვაზაგაშვილი და ბუბა ბუთურიძე ისხდნენ, თავდაპირველად საბურავები დაუცხრილეს, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შუქნიშნის ბოძს შეეჯახა. ოფიციალური წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილების ლიკვიდაციაც სწორედ იმის გამო გახდა გარდაუვალი, რომ მათ მანქანიდან ცეცხლი გახსნეს. მსუბუქად დაშავდა ერთი პოლიციელი და დაზიანდა სამართალდამცავების ავტომანქანა.

ამ დღის შემდეგ მსგავსი რამ შეწყდა და აღარ მომხდარა. ესაა ამ ბიჭების დამსახურება უამრავი ადამიანისა და უამრავი ახალგაზრდის წინაშე...
”ერთი ამბავია ატეხილი, რატომ ხდება დაკავების დროს ასეთი სერიოზული, თქვენი აზრით, მსხვერპლი. დიახ, ჩვენ ზოგჯერ ოპერაციების განხორციელების დროს გვიწევს დამნაშავეების ადგილზე ლიკვიდაცია. ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური ინსტრუქცია, რომ თუ პოლიციელს ემუქრება საფრთხე, პოლიციელს არათუ უფლება აქვს, ვალდებულია გამოიყენოს იარაღი და დაიცვას საკუთარი და საკუთარი თანამშრომლების სიცოცხლე”, განაცხადა სპეცოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან.

როგორც საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ამბობს, მას თითქმის სამი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ 2 მაისის ინციდენტზე ექსპერტიზისთვის მიეღწია. ექსპერტიზამ კი, მისი თქმით, დაადასტურა, რომ გამოძიება ტყუოდა: მანქანაში არ იყო დენთის კვალი და ნასროლი იყო არა შიგნიდან გარეთ, არამედ გარედან შიგნით. სახალხო დამცველმა მაშინ დაასკვნა, რომ საქმე ჩასაფრებით განხორციელებულ განზრახ მკვლელობად კვალიფიცირდებოდა. არის კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც უკვე პოლიტიკოსი სოზარ სუბარი შემთხვევიდან ხუთი წლის თავზე მიუთითებს:

არ არიან მკვლელები დასჯილები, უფრო მეტიც, ამ მკვლელებს მუდმივად ხან აწინაურებენ, ხან უფრო მეტ პატივში ამყოფებენ...
”იმდენად ღია იყო ეს უკანონობა, იმდენად აშკარა იყო, რომ ეს მკვლელობა იყო, რომ თუკი მანამდე მინიმუმ თვეში ერთხელ ასეთი სპეცოპერაცია ტარდებოდა, სადაც რამდენიმე ადამიანს პირდაპირი დახვრეტით ასალმებდნენ სიცოცხლეს, ამ დღის შემდეგ მსგავსი რამ შეწყდა და აღარ მომხდარა. ესაა ამ ბიჭების დამსახურება უამრავი ადამიანისა და უამრავი ახალგაზრდის წინაშე.”

სოზარ სუბარი ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის 5 წლისთავს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პოლიტიკოსის რანგში ესწრებოდა. შეიძლება ითქვას, რომ აქციაზე პოლიტიკური პარტიები თითქმის სრული სპექტრით იყვნენ წარმოდგენილნი. განცხადებებიც, ბუნებრივია, სწორედ იმ პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ კეთდებოდა, რომელსაც შექმნილ ვითარებაში მთავარ ბრალდებულად ასახელებენ. ერთ-ერთი ასეთი მბრალდებელია, მაგალითად, კონსერვატორი ზვიად ძიძიგური:

ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის ადგილი
”სამართლებრივი თვალსაზრისით არის კატასტროფა: არ არიან მკვლელები დასჯილები, უფრო მეტიც, ამ მკვლელებს მუდმივად ხან აწინაურებენ, ხან უფრო მეტ პატივში ამყოფებენ ხოლმე ხელისუფლების მესვეურები. მაგრამ მე მინდა ყველას შევახსენო ჟურნალისტ ღონღაძისა და კუჩმას ამბავი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოხდა და ზურა ვაზაგაშვილის უდანაშაულოდ დაღვრილი სისხლიც აუცილებლად მოითხოვს თავის პასუხს.”

სისხლის სამართლის საქმე ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტზე ისე შეწყდა, რომ არავინ დასჯილა. მოკლული ახალგაზრდის მშობლებს დაზარალებულის სტატუსი მოეხსნათ. სამართალს ახლა ისინი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში ეძებენ.

”ალბათ, ამ დღეებში აქედან იქნება მოთხოვნა მტკიცებულებების, ხელისუფლებამ რომ გადაუგზავნოს. და როგორც სანდროზე გააკეთეს, ალბათ, დააგვიანებენ, მაგრამ ჩვენ იმდენი მტკიცებულება წარვუდგინეთ, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა და ხელისუფლების შეკვეთილი იყო, რომ დარწმუნებული ვარ , როგორც სანდროზე, იგივე გადაწყვეტილება იქნება.”

ზურაბ ვაზაგაშვილის მამის, იური ვაზაგაშვილის აზრს იზიარებს ადვოკატი ზაზა ხატიაშვილიც, რომელიც იმედოვნებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მეორე მუხლის შესაბამისად, სიცოცხლის უფლების ხელყოფისათვის დადგება:

”მე ვთვლი, რომ მეორე მუხლი არის გამოკვეთილი. რამდენიმე შემთხვევაშია მეორე მუხლი დარღვეული. ეს არის არაეფექტური გამოძიება, გადამეტებული ძალა, წინასწარ განზრახული მკვლელობა, მტკიცებულებათა ფალსიფიცირება და არაუფლებამოსილი პირის მიერ საქმის გამოძიება. ანუ ხუთიდან ერთი შემთხვევა მაინც რომ იყოს, დადგება მეორე მუხლი.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს კერძო დამნაშავეების მიმართაც. ადვოკატი გაგა მოსიაშვილი კი, თავის მხრივ, იმედოვნებს, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო საქმეს ”ვაზაგაშვილი საქართველოს წინააღმდეგ” სწორ სამართლებრივ შეფასებას მისცემს.
XS
SM
MD
LG