Accessibility links

logo-print
დღევანდელი პრესა წერს გასულ კვირაში ევროსასამართლოს მიერ საქმეზე “ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” გამოტანილი განაჩენის შესახებ. “კვირის პალიტრა” პირველ გვერდზე გირგვლიანების ოჯახურ ფოტოს ბეჭდავს. სტატიის სათაურია “ევროპული ვერდიქტი”. სანდრო გირგვლიანის მამა, გურამ გირგვლიანი ჟურნალისტს ეუბნება: “მინდა საქართველოს მოსახლეობას ვუთხრა, ჩვენ ნამდვილად გავიმარჯვეთ სტრასბურგში! ეს არის პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის, ასევე იმ ქართველი ხალხის გამარჯვება, ვინც ამ ბრძოლაში გვგულშემატკივრობდა. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, საქმეს თავიდან გამოიძიებენ და არა მხოლოდ დამნაშავეები დაუბრუნდებიან ციხეებს, რომლებიც პრეზიდენტის სამარცხვინო შეწყალების გამო გაათავისუფლეს, არამედ დაისჯებიან დანაშაულის შემკვეთებიც. ბურჯალიანმა უსირცხვილოდ იცრუა”, - ამბობს გურამ გირგვლიანი, რომლის კომენტარებსაც, ადვოკატის განმარტებებსა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად, “კვირის პალიტრა” ბეჭდავს.

გურამ გირგვლიანი “ასავალ-დასავლისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს: “ირინას ბრძოლამ და თავგანწირვამ მოიტანა ის, რომ ევროპულმა სასამართლომ სამართლიანი განაჩენი გამოიტანა და მე ჩემს ადვოკატებთან და თანამებრძოლებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს განაჩენი რაც შეიძლება მალე აღსრულდეს.”

“ასავალ-დასავალს” მოგვიანებით მივუბრუნდებით, მანამდე კი საპატიმროში კიდევ ერთი პატიმრის გარდაცვალების შესახებ პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას გაგაცნობთ. “მთელი კვირა” წერს: “რუსთავის #6 საპყრობილეში ორი დღის წინათ გარდაცვლილი პატიმრის, კახაბერ თედლიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები ფიქრობენ, რომ ის მოკლულია. ადვოკატებს ამის საფუძველს აძლევს ის ფაქტი, რომ პატიმარმა არაერთხელ მიმართა შესაბამის უწყებებს და ციხის ადმინისტრაციისგან დაცვა სთხოვა, რომელიც მასზე ზეწოლას ახორციელებდა.”

“კვირის ქრონიკაში”, ადვოკატ მანანა კობახიძესთან ინტერვიუში, წაიკითხავთ კახაბერ თედლიაშვილის პატიმრობის პერიოდის დეტალებზე, რომელთაგან ერთ-ერთი ასეთია: “ადრე ადმინისტრაციამ სცემა ამ პატიმარს და ფეხიც კი მოსტეხეს, მაგრამ ოჯახმა ფაქტი არ გაახმაურა იმიტომ, რომ ეშინოდათ, რამე უარესი არ მოხდესო”.
“ახალ თაობაში”, სათაურით “პატიმარი სანამ სიკვდილის პირას არ მიდის, საავადმყოფოში არ გადაჰყავთ”, ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ციხეებში არსებულ პრობლემებზე ლაპარაკობს და უწყების ხელმძღვანელის, ხათუნა კალმახელიძის შეცვლის საჭიროებაზე ამბობს: “კალმახელიძის შეცვლა ნიშნავს იმას, რომ სხვა ადამიანი, რომელიც მინისტრად მოვა, ეცოდინება, რატომ შეიცვალა კალმახელიძე.”

“კვირის ქრონიკაში” წაიკითხავთ ვრცელ ინტერვიუს, სათაურით “რა ინტერესები აქვს სანდრა რულოვსს ჯანდაცვაში?” - ავტორი შესავალში რესპონდენტზე ამბობს, რომ ის “ჯანდაცვის სისტემის ცნობილი წარმომადგენელია” და რომ მისი ვინაობის დასახელებისგან მისივე უსაფრთხოების მიზნით იკავებს თავს. რესპონდენტი კი ამბობს: “რაც უნდა გენიალური აზრი ან ინიციატივა გქონდეს ჯანდაცვაში, გამორიცხულია გრანტი მიიღო, თუ იგი სანდრას ინტერესებშიც არ შედის.”

რამდენიმე გაზეთი აანონსებდა დღეს “სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს ბრიფინგს. კრების მიზნებზე რამდენიმე ინტერვიუც ქვეყნდება. “24 საათი” ირაკლი ბათიაშვილთან ინტერვიუს ბეჭდავს, “ასავალ-დასავალი” კი - ნინო ბურჯანაძესთან ინტერვიუს. ბურჯანაძე ამბობს: “პირდაპირ გეტყვით, ეს ზაფხული ნამდვილად იქნება სააკაშვილის რეჟიმის უკანასკნელი ზაფხული. დღეს ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ „სახალხო კრების“ ლიდერები აბსოლუტურად მზად არიან იბრძოლონ ბოლომდე, მიიყვანონ ეს ბრძოლა გამარჯვებამდე და არავითარ შემთხვევაში უკან არ დაიხიონ!”.
“მთელი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ამბობს: “დღეს ჩვენ ყველას შეგვეძლო გვესურვა, რომ დღევანდელი ოპოზიციის ორ პოლუსს გადაკვეთის წერტილები მოეძებნა და ხელისუფლებასთან ხისტად დაპირისპირებულები ერთმანეთსაც ასეთივე სიხისტით არ დაპირისპირებოდნენ. ალბათ, არ იქნება ცუდი, შევახსენოთ, რომ მათი მარცხი საფრთხეა არა მხოლოდ მათთვის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის.”

“24 საათში” წაიკითხავთ: “საქართველოს ომის ვეტერანთა ფედერაცია (ომის ვეტერანთა ორგანიზაციების გაერთიანებული საბჭო) განცხადებას ავრცელებს, რომლითაც სრულად ემიჯნება პოლიტიკას და კიდევ ერთხელ აფიქსირებს ვეტერანთა ფედერაციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას. საქართველოს ომის ვეტერანთა ფედერაციის თავმჯდომარე ალექსი ნაკანი ”24 საათთან" საუბარში აცხადებს, რომ წესდების თანახმად, ვეტერანთა ფედერაცია აპოლიტიკური ორგანიზაციაა და მათ მიმართვაში სწორედ ესაა ხაზგასმული.

”უბრალოდ, ჩვენ არ გვინდა, რომ ვეტერანები კიდევ ერთხელ ჩაითრიონ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში. ვეტერანები ბევრჯერ გამოიყენეს მუშტად და შემდეგ მთელი პასუხისმგებლობა მომხდარზე დააკისრეს მათ”, - ეუბნება ვეტერანთა ფედერაციის თავმჯდომარე “24 საათს”.
XS
SM
MD
LG