Accessibility links

logo-print
ერთ ამოცანაზე ძლიერი კონცენტრაცია ზოგჯერ იმას იწვევს, რომ ადამიანი ვერ ამჩნევს, გარშემო რა ხდება. ზოგჯერ ეს ვრცელდება ძალიან იოლად შესამჩნევ მოვლენებზეც. მაგალითად, ვერ ამჩნევენ, როგორ ჩაივლის გორილად გადაცმული ადამიანი. მაგრამ ეს ყველას არ ეხება, ზოგი ადამიანი მაინც ამჩნევს სხვებისთვის შეუმჩნეველს. თუ რატომ ხდება ეს, აქამდე გაუგებარი იყო ფსიქოლოგებისთვის. როგორც ჩანს, ცნობილი ფსიქოლოგიური გამოცანა ახლა ამოხსნილია.

ამერიკელ მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული ახალი გამოკვლევები ცხადყოფს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კარგ სამუშაო მეხსიერებას: ასეთ ადამიანებს მეტი შანსი აქვთ, შეამჩნიონ გორილა, ვიდრე იმათ, ვისაც უარესი სამუშაო მეხსიერება აქვს. გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნებულია სამეცნიერო გამოცემაში "Journal of Experimental Psychology: Learning, Memory and Cognition".

უჩინარი გორილით ცდა ათწლეულების განმავლობაში კლასიკურ მაგალითად ითვლება ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში. ამ ექსპერიმენტის დროს საცდელ პირებს აჩვენებენ ვიდეოკლიპს, რომელშიც სამი ადამიანი ერთმანეთს ბურთს აწვდის. საცდელმა პირებმა უნდა დაითვალონ, რამდენჯერ გადასცემენ მოთამაშეები ერთმანეთს ბურთს. ვიდეოკლიპის ყურებისას ეკრანზე რამდენიმე წამით გაიელვებს გორილად გადაცმული ადამიანი. ცდის ბოლოს საცდელ პირებს ეკითხებიან, შეამჩნიეს თუ არა რამე უჩვეულო. ამ ცდებისას მუდამ აღმოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც გორილას ამჩნევენ, დანარჩენები კი ბურთით მოთამაშეთა გარდა ვერაფერს ხედავენ. ასეთ ცდებზე დაყრნდნობით ფსიქოლოგები საუბრობენ ე.წ. „უყურადღებობის სიბრმავეზე“. მაგრამ რატომ არიან ზოგნი უფრო ყურადღებიანები, ვიდრე სხვები, ამის ახსნა აქამდე არ ხერხდებოდა.

ამერიკელმა მეცნიერებმა, ჯანელ სიგმილერმა და მისმა კოლეგებმა იუტის უნივერსიტეტიდან ხელახლა გაიმეორეს ზემოთ აღწერილი ექსპერიმენტი. მაგრამ ამავე დროს ცდის ყველა მონაწილეს შეუმოწმეს სამუშაო მეხსიერება. სამუშაო მეხსიერება - ზოგჯერ მას ხანმოკლე მეხსიერებასაც უწოდებენ - შესაძლებელს ხდის რამდენიმე რამის ერთდროულად დამახსოვრებას, ოღონდ მხოლოდ ძალზე მოკლე დროის მანძილზე. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს უნარი ყველას სხვადასხვანაირად აქვს განვითარებული.

ექსპერიმენტის შეფასებისას აღმოჩნდა, რომ კარგი სამუშაო მეხსიერების პატრონთა 67 პროცენტი ვიდეოკლიპში გორილას ამჩნევდა. იმ პირებიდან, ვისაც სამუშაო მეხსიერება არ ჰქონდა კარგად განვითარებული, გორილას მხოლოდ 36 პროცენტი ამჩნევდა. რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ამ ექსპერიმენტს? „წარმოიდგინეთ, მანქანით მგზავრობთ რთულ, მოულოდნელობებით აღსავსე გარემოში,“ ამბობს სიგმილერი. „ის, პირები, რომლებსაც უკეთესი სამუშაო მეხსიერება აქვთ, ასეთ მოულოდნელობებს უკეთ შენიშნავენ სხვების დახმარების გარეშე.“
XS
SM
MD
LG