Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბინ ლადენის სიკვდილის სიმბოლური არსი


ოსამა ბინ ლადენის სიკვდილმა სიმბოლური დატვირთვა შეიძინა ტერორიზმის წინააღმდეგ ომში, რომელიც პირველად პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს დაიწყო. თუმცა ეს მოვლენა, პრაქტიკული თვალსაზრისით, შესაძლოა უფრო ნაკლებმნიშვნელოვანი იყოს. იგულისხმება ის გარემოება, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში „ალ ყაიდა“ დაქსაქსული ჯგუფებიდან ფართოდ გავრცელებულ გაერთიანებად იქცა, რომელშიც ბინ ლადენის როლი დღითი დღე მცირდებოდა.

თავის დროზე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ისეთი მკაცრი მოთხოვნით გამოვიდა, იფიქრებდით, რომ ბინ ლადენს აუცილებლად მოუღებდნენ ბოლოს:

“მე მინდა სამართლიანობა. როგორც ვთქვი, უწინ ჩვენი ქვეყნის დასავლეთში ასეთ განცხადებებს გამოაკრავდნენ ხოლმე: „შევიპყროთ ან ცოცხალი, ან მკვდარი.“
როგორც ქვეყანა, ჩვენ ვერასოდეს შევეგუებით იმას, რომ ხიფათი შეექმნას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. გულხელდაკრეფილნი ვერ ვიქნებით, როდესაც ჩვენს ხალხს ხოცავენ...

ათი წლის შემდეგ ბუშის ეს სიტყვები რეალობად აქცია მისმა მემკვიდრემ, ბარაკ ობამამ. შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ უმჯობესი იყო, ბინ ლადენი ცოცხალი დარჩენილიყო და პასუხი ეგო კანონის წინაშე, თუმცა უეჭველად საგულისხმოა ის ძალისხმევა, რაც ამერიკის სადაზვერვო ჯგუფმა გასწია, რათა ხელთ ეგდო პაკისტანის ახლოს მდებარე ქალაქ აბოტაბადში, საგანგებოდ აშენებულ რეზიდენციაში მყოფი ბინ ლადენი.

სწორედ სამართლის აღსრულებაზე გაამახვილა ყურადღება ბარაკ ობამამ, რომელმაც 1 მაისს, შუაღამისას, მსოფლიოს ბინ ლადენის მოკვლის ამბავი აცნობა:

„როგორც ქვეყანა, ჩვენ ვერასოდეს შევეგუებით იმას, რომ ხიფათი შეექმნას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. გულხელდაკრეფილნი ვერ ვიქნებით, როდესაც ჩვენს ხალხს ხოცავენ. ვიქნებით დაუნდობელნი, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები. მართლები ვიქნებით იმ ფასეულობების წინაშე, რომლებმაც ჩვენ გვაქცია იმად, რანიც ვიყავით და რანიც ვართ დღეს. ამ საღამოს შეგვიძლია ვუთხრათ მათ, ვისი ახლობლების სიცოცხლეც იმსხვერპლა „ალ ყაიდის“ ტერორმა: სამართალი აღსრულდა.“
ამას, უეჭველია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, სადაც ამის გამო შთამბეჭდავი ზეიმი იქნება...

ბინ ლადენის მოკვლას, პრაქტიკულის გარდა, უფრო მეტად სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან, როგორც ზემოთ ითქვა, „ალ-ყაიდის“ მოძრაობა ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაფართოვდა და ისეთ ქვეყნებსაც მისწვდა, როგორიც იემენი, ალჟირი და ერაყია. ამ ქვეყნებში „ალ ყაიდის“ ექსტრემისტი მიმდევრები ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელობისაგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, ბინ ლადენი კი მარგინალიზებულ, „გადადგომის ფაზაში“ მყოფ ლიდერად ითვლებოდა, რომელსაც „ალ ყაიდის“ ოპერაციებში არავითარი როლი აღარ ჰქონდა. როგორც დიდ ბრიტანეთში არსებული მშვიდობის შემსწავლელი ბრედფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლ როჯერსი მიიჩნევს, ბინ ლადენის სიკვდილს არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა:

„შესაძლოა ეს არ იყოს გადამწყვეტი მომენტი ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიან ომში. მაგრამ ამას, უეჭველია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, სადაც ამის გამო შთამბეჭდავი ზეიმი იქნება, განსაკუთრებით ნიუ-იორკში. თუმცა რეალობა ისაა, რომ ბინ ლადენი იყო ფიგურა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, არა დიდი გავლენის მქონე იმ მოძრაობაში, რომელიც მნიშვნელოვნად გაფართოვდა.“

შესაბამისად, როგორც როჯერსი ვარაუდობს, „ბინ ლადენის სიკვდილი ვერ მოაგვარებს სამომავლო ტერორისტული თავდასხმების პრობლემას.“

თუმცა იმ 3000-მდე მსხვერპლის ნათესავთათვის, რომელთა ახლობლები ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში დაიღუპნენ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის დროს, ბინ ლადენის სიკვდილი არის, როგორც ჯორჯ ბუში იტყოდა, სამართლის აღსრულება.

„ეს უმნიშვნელოვანესი ინფორმაციაა ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსათვის,“ - ასე გამოხატა თავისი დამოკიდებულება გორდონ ფელტმა. იგი იმ თვითმფრინავში დაღუპულ ადამიანთა ოჯახების პრეზიდენტია, რომელიც პენსილვანიის თავზე ჩამოვარდა. „ამას არ შეუძლია ჩვენი ტკივილების განელება და არც ჩვენს საყვარელ ადამიანებს დაგვიბრუნებს უკან. მაგრამ დამშვიდების საშუალებას იძლევა, რომ ის ადამიანი, ვინც 11 სექტემბრის ტრაგედიას ხელმძღვანელობდა და ვინც გლობალური ტერორის სახე იყო, ვეღარ შეძლებს თავისი ბოროტების გავრცელებას.“
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG