Accessibility links

2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებიდან თითქმის ათი წლის შემდეგ ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელს მიაგნეს და „ალ ყაიდის“ დამაარსებელი და მეთაური მოკლეს.

აშშ-ში მოწყობილი 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ოსამა ბინ ლადენის სახელი მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი. მასთან დაკავშირებული ისლამისტური „წმინდა ომი“ 21-ე საკუნის დღის წესრიგის მთავარი პუნქტი იყო მსოფლიო პოლიტიკაში. პირველ მაისს, გვიან საღამოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოაცხადა, რომ „ალ ყაიდის“ დამაარსებლისა და სულისჩამდგმელის ადგილსამყოფელს პაკისტანში, დედაქალაქ ისლამაბადიდან 60 კილომეტრში მიაგნეს. ის გაანადგურეს, მის გვამზე კი აშშ-ის ხელისუფლებამ იკისრა პასუხისმგებლობა: „დღეს საღამოს მე შემიძლია ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს ვამცნო, რომ აშშ-მა ჩაატარა ოპერაცია, რომლის დროსაც მოკლული იქნა ოსამა ბინ ლადენი, „ალ ყაიდის“ მეთაური და ტერორისტი, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა ათასობით უდანაშაულო კაცის, ქალისა და ბავშვის მკვლელობისთვის.“

ოსამა ბინ ლადენის გვამი, გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ზღვას მიაბარეს. ბარაკ ობამამ განაცხადა, პაკისტანის უშიშროების ოფიცრებმა მიგვიყვანეს ბინ ლადენამდეო და მადლობა უთხრა პრეზიდენტ „ალი ზარდარის“ თანამშრომლობისთვის. აქვე გეტყვით, რომ ქალაქი აბოტაბადი მშვიდობიანი სამთო აგარაკია, სადაც შეიარაღებული ისლამისტები არასოდეს შეუმჩნევიათ. ქალაქი მე-19 საუკუნეშია დაარსებული ბრიტანეთის საოკუპაციო ჯარის ოფიცრის, მაიორ ჯონ აბოტის მიერ.

ამ ქალაქში მიკვლეული მსოფლიოს ნომერი პირველი ტერორისტი, აშშ-ის საგანგებო ნაწილსა და მის დაცვას შორის გამართული სროლის შედეგად მოკლეს. ოსამა დასავლეთში ბევრისთვის ბოროტების განსახიერება იყო. ისლამურ სამყაროშიც ბინ ლადენის მიმართ კრიტიკულნი იყვნენ ისინი, ვინც არ ეთანხმებოდა უდანაშულო ადამიანების - მათ შორის, მაჰმადიანების - დახოცვას. მუსლიმებივე თვლიდნენ, რომ ის ხშირად ეპატრონებოდა მშვიდობიან არეალებს, სადაც თავისი ძალადობრივი გეგმების პროპაგანდას ეწეოდა.
მას თაყვანისმცემელიც ბევრი ჰყავდა - ისინი, ვინც აშშ-ისა და ზოგიერთი, მისი აზრით, ურწმუნო მმართველობის ქვეშ მყოფი არაბული სახელმწიფოს მიმართ მარადიული „ჯიჰადის“ - წმინდა ომის - იდეას ემხრობოდა.

ოსამა ბინ ლადენი 1957 წელს დაიბადა საუდის არაბეთში, რიადში, შეძლებულ ოჯახში. ის მამამისის, მუჰამად ბინ ლადენის მეოთხე ცოლის, ჰამიდა ალ-ატას ერთადერთი ვაჟი იყო. მშობლები მისი გაჩენის შემდეგ ერთმანეთს დაშორდენენ. მამა, მუჰამადი, ავიაკატასტროფაში დაიღუპა, როცა ოსამა ათი წლისა იყო. სულ ოსამა ბინ ლადენს 50 და-ძმა ჰყავდა.

ის მორწმუნე მაჰმადიანი, ვაჰაბიტი იყო. ელიტარულ, საერო „ალ თაგარის“ სკოლაში დადიოდა, მერე კი, პირველი ქორწინების შემდეგ, მეფა აბდულაზიზის უნივერსიტეტში ეკონომიკას და ბიზნესის მართვას სწავლობდა. იქ გაეცნო ბინ ლადენი რადიკალურ ისლამისტურ გაერთიანება „მუსლიმთა საძმოს“.

1979 წელს ბინ ლადენი შეუკავშირდა პალესტინელ სუნიტ ისლამის სწავლულს აბულა აზამს ავღანეთში საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ საბრძოლველად და პაკისტანში, ფეშავარში გადასახლდა. 1984 წლისთვის აზამმა და ბინ ლადენმა შექმნეს გაერთიანება „აკბათ ალ ხადამატი“, რომელიც ავღანეთის ომისთვის სახსრებს, იარაღს და ხალხს აგროვებდა მთელ მსოფლიოში. 1988 წელს ის გამოეყო „აკბათ ალ ხადამატის“ და „ალ ყაიდა“ დააფუძნა. როცა ერაყის პრეზიდენტი, სადამ ჰუსეინი, კუვეიტში შეიჭრა 1990 წელს და საფრთხე შეუქმნა საუდის არაბეთს, ოსამა ბინ ლადენმა დახმარება შესთავაზა რიადს, რაზეც უარი მიიღო. როცა აშშ ჩაერთო კუვეიტისა და ერაყის დაპირისპირებაში, ოსამა ბინ ლადენმა საჯაროდ დაგმო აშშ-ის არმიაზე საუდის არაბეთის დამოკიდებულება და ამერიკის ჯარის მის ტერიტორიაზე განთავსება. მალევე ოსამა ბინ ლადენმა მთელი ყურადღება გადაიტანა ტერორისტული აქტების მოწყობაზე დასავლეთისა და საუდის არაბეთის წინააღმდეგ. მის სახელს უკავშირდება ნიუ- იორკში რაბინ მარტინ დავიდ კაჰანეზე, შემდეგ, 1992 წელს, ადენში სასტუმრო „გოლდ მიჰორზე“ თავდასხმა, ასევე წარუმატებელი მცდელობა ტერაქტისა ვაჭრობის მსოფლიო ცენტრზე 1993 წელს. იმის გამო, რომ ის საჯაროდ გმობდა საუდის არაბეთში აშშ-ის ჯარის ყოფნას, საუდის არაბეთის მმართველებმა ის ქვეყნიდან გააძევეს. 1992 წლიდან ბინ ლადენი სუდანში დასახლდა, სადაც განავითარა „ალ ყაიდა“, როგორც ტერორისტული ქსელი. მაგრამ აშშ-ის, ეგვიპტის, იმავე საუდის არაბეთის მოთხოვნით, სუდანიდანაც გააძევეს, რის შემდეგაც ის ავღანეთში თალიბებს დაუკავშირდა.
.ავღანეთში „თალიბანის“ რეჟიმის სტუმრობის დროს მოხდა სისხლიანი თავდასხმა ეგვიპტეში, ლუქსორში, რასაც 62 ადამიანი ემსხვერპლა. ავღანეთში ის შეუკავშირდა „თალიბანის“ ლიდერს, მოლა მუჰამად ომარს, და ისლამის მკაცრი ვერსიის გაბატონებას უწყობდა ხელს კვლავაც სახსრებისა და კადრების შეგროვებით. სამაგიეროდ, „თალიბანი“ მას საშუალებას აძლევდა ემოქმედებინა ტერორისტების მოსამზადებელი ბანაკი ტარნაკში, ყანდაარის სამხრეთში. ოსამა ბინ ლადენს ბრალდება 90-იანი წლების ბოლოს თავდასხმები კენიასა და ტანზანიაში, აშშ-ის საელჩოზე, რამაც 224 ადამიანი შეიწირა - მათ შორის უმეტესობა აფრიკელები და მაჰმადიანები იყვნენ. „ალ ყაიდამ“ იკისრა პასუხისმგებლობა 2000 წელს აშშ-ის სამხედრო საზღვაო ხომალდ „კოულზე“ თავდასხმისთვის, როცა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი.

2004 წელს, თავდაპირველი უარყოფის შემდეგ, ბინ ლადენმა იკისრა პასუხისმგებლობა 11 სექტემბრის იმ თავდასხმებისთვის, როცა ტერორისტებმა სამგზავრო თვითმფრინავები მიმართეს ნიუ- იორკში ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის შენობებისკენ, ასევე პენტაგონისკენ. ამ სამ აქტს (მესამე თვითმფრინავი ველზე ჩამოვარდა პენსილვანიაში), 3000 ადამიანი ემსხვერპლა.

2004 წელს გავრცელდა ბინ ლადენის ჩანაწერი, სადაც ის ამერიკელ ხალხს მიმართავდა და ბუშის პოლიტიკას აკრიტიკებდა. შემდგომი მანჰეტენის თავიდან აცილების საუკეთესო გზა რომ გიჩვენოთ, ამიტომ მოგმართავთო... უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა ადამიანისთვის და თავისუფალი ადამიანები მასზე უარს არასოდეს ამბობენო... ბუშისგან განსხვავებით, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თავისუფლების წიმააღმდეგი არ ვართ, მაშ რად ვერ აუხსნია მას, რატომ არ ვესხმით თავს, მაგალითად, შვედეთსო?

ბინ ლადენი ყოველთვის ოსტატურად ახერხებდა მიმალული ყოფილიყო და კვალი არ დაეტოვებინა, მიუხედავად ხმებისა, რომ თირკმელები აწუხებდა.

11 სექტემბრით ოსამა ბინ ლადენმა მიაღწია თავისი ცხოვრების მიზანს, წაექეზებინა მაჰმადიანი შეიარაღებული პირები და გაეღრმავებინა დაძაბულობა მსოფლიოში მაჰმადიანებსა და არამაჰმადიანებს შორის, რასაც ზოგიერთი „ცივილიზაციათა შეტაკებას“ უწოდებს.

აშშ-მა თალიბანს მოსთხოვა ოსამა ბინ ლადენის გადაცემა და მიიღო უარი, რასაც მოჰყა ავღანეთის ომი, რომელიც უკვე ათი წელია გრძელდება. დღემდე ოსამა ბინ ლადენის მიკვლევა ვერ ხერხდებოდა, თუმცა მისი თავისთვის დაწესებული იყო 25 მილიონიანი ჯილდო.
დაბოლოს, უნდა ითქვას, რომ ორივე ომი, ავღანეთსა და ერაყში, რომელსაც აშშ-ის მეთაურობით წარმართავს ნატო, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის დროს წამოწყებული იქნა ტერორიზმთან გლობალურ ომთან კავშირში.

თუმცა, როგორც ირკვევა, ბინ ლადენისა და მისი „ალ ყაიდის“ ერაყში ყოფნის შესახებ ცნობები 2003 წლის აპრილამდე, ანუ ჰუსეინის ჩამოგდებამდე, არ დადასტურებულა. ბინ ლადენი მოკვდა, მაგრამ „ალ ყაიდა“ მასთან ერთად არ მომკვდარა. ის, საფიქრებელია, გააგრძელებს „წმინდა ომს“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG