Accessibility links

logo-print

პრეზიდენტისა და ოპოზიციის ლიდერთა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა


მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება

11 მაისს არასაპარლამენტო ოპოზიციისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. განსხვავებული მოსაზრებების გამო შეთანხმება ვერ მოხერხდა. ოპოზიციის ნაწილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დიალოგი დაასრულა, ნაწილს კი ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ გარკვეულ საკითხებზე მოლაპარაკების გაგრძელება შესაძლებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში დღის 2 საათისთვის დაგეგმილი შეხვედრა ნახევარსაათიანი დაგვიანებით დაიწყო და დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციის ოთხივე ლიდერი - ირაკლი ალასანია, ლევან გაჩეჩილაძე, სალომე ზურაბიშვილი და კახა შარტავა - აცხადებდნენ, რომ დიამეტრულად განსხვავებული მოსაზრებების გამო შეთანხმება ვერ მოხერხდა. როგორც გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს უთხრა, ქვეყანაში შექმნილ კრიზისს პრეზიდენტი სხვაგვარად აღიქვამს და ოპოზიცია - სხვაგვარად: "მას მიაჩნია, რომ ქვეყანაში ყველაფერი არის ძალიან კარგად, ხოლო ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი არის ძალიან ცუდად. ეს არის ამ შეხევდრის შედეგი”, გვითხრა ლევან გაჩეჩილაძემ.
ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა


მოგვიანებით, საღამოს 6 საათზე, რუსთაველზე გამართულ საინფორმაციო მიტინგზე, ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს და პოლიტიკური შეფასებებიც გამოთქვეს, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო განცხადება ოდნავ უფრო ადრე, ტელევიზიით გამოსვლისას გააკეთა. შეხვედრის დადებით მომენტად სააკაშვილმა თავად შეხვედრა დაასახელა და თქვა, რომ მხარეები დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. პრეზიდენტის თქმით, გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნები განხილვის საგანი არ ყოფილა: "მე მინდა გამოვხატო კმაყოფილება, რომ ეს შეხვედრა შედგა, მიუხედავად მისი შინაარსისა, მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე ქართული დემოკრატიის გამარჯვების დღეა. ამდენი რადიკალიზაციის, მძიმე გამონათქვამების შემდეგ მოხერხდა უფრო კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს”, ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ილუზია იმისა, რომ პრეზიდენტისა და მისი ოპონენტების პოზიციები ერთმანეთს დაემთხვეოდა, არც ეროვნული ფორუმის ლიდერს კახა შარტავას ჰქონია. შეხვედრიდან გამოსულმა შარტავამ ჟურნალისტებს გვითხრა: "ჩვენი ხედვები, როგორც მოსალოდნელი იყო, ერთმანეთს არ ემთხვევა იმაზეც კი, არის თუ არა კრიზისი ის, რაც ქვეყანაში ხდება”.

უფრო დაწვრილებით ოპოზიციისა და ხელისუფლების ორსაათიანი საუბრის შესახებ ლიდერებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხს მოუთხრეს. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს და იმასაც კი არ აღიარებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია: "ის ხედავს ამ სიტუაციას სულ სხვანაირად, ის ამბობს, ყველაფერი კარგად არის, რა არჩევნებზეა საუბარიო. ეს მხოლოდ რუსეთის სქემაოო. იყო ძალიან არეულ-დარეული საუბარი. მე ვეცადე მეთქვა, რომ ის ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს, ამ ვირტუალური სივრცის მაჩვენებელია შენობა, სადაც დაგვიძახა, ვითომ გამჭვირვალე, მაგრამ ეს არის პოლიციის შენობა და ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ პოლიციურ სისტემაში. ჩემი და მათი დიალოგი ალბათ დღეს დამთავრდა".
ირაკლი ალასანია, ლევან გაჩეჩილაძე, კახა შარტავა და სალომე ზურაბიშვილი შეხვედრის მოლოდინში


ირაკლი ალასანიამ შეკრებილთ მოუწოდა, რომ გადადგომაზე სააკაშვილის მოსალოდნელი უარი იმედგაცრუების საბაბი არ გახდეს. ალასანიას აზრით, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, და თუ საჭირო იქნა, დიალოგიც - ისეთ საკითხებზე , როგორიცაა მედიის გათავისუფლება: "იყო საკითხები, რომელთა გამო უნდა განვაგრძოთ ყოველდღიური ბრძოლა. უნდა ვიბრძოლოთ მედიის გასათავისუფლებლად და საზოგადოების სამსახურში ჩასაყენებლად, ვიბრძოლოთ იმ ადამიანების უფლებებისათვის, რომელთაც ამ დღეებში უმძიმესი ფიზიკური ტრავმა მიაყენეს", თქვა მიტინგზე გამოსვლისას ირაკლი ალასანიამ.

ხოლო ლევან გაჩეჩილაძის თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრამ აჩვენა, რომ ოპოზიციას დიახაც აქვს უფლება, არა მარტო გააგრძელოს აქციები, არამედ მათ კიდევ უფრო მასშტაბური და მწვავე ხასიათი მისცენ: ვაპირებთ, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ მსოფლიოს, რამდენი ვართო, აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.

თბილისში აქციები გრძელდება. როგორც 11 მაისის მიტინგზე ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, მეორე დიდი ქალაქი, სადაც დემონსტრაციები მასშტაბურ ხასიათს მიიღებს, ბათუმი იქნება.
XS
SM
MD
LG