Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ისინი დღეში ათასჯერ კვდებიან"


სიკვდილით დასჯილი ირანელი ახალგაზრდის დედა
სიკვდილით დასჯილი ირანელი ახალგაზრდის დედა
“ისინი დღეში ათასჯერ კვდებიან” - ასე ეწოდება ვიდეოფილმს, რომელიც ირანის არასრულწლოვან სიკვდილმისჯილებზე გვიამბობს. ირანში ასეა: არასრულწლოვანს, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, ციხეში ამყოფებენ, ვიდრე 18 წელი შეუსრულდება. ამის შემდეგ კი განაჩენი სისრულეში მოჰყავთ. გადარჩენის ერთადერთი გზაა მსხვერპლის ოჯახის დაყოლიება მიტევებაზე, რასაც ბოლო მომენტამდე სასოწარკვეთილი ცდილობენ სიკვდილმისჯილის ახლობლები.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს მიაწოდეს ვიდეოფილმი, რომლის მოკლე ვერსიასაც ჩვენს ვებსაიტზე გთავაზობთ.
"ისინი დღეში ათასჯერ კვდებიან"
please wait

No media source currently available

0:00 0:05:03 0:00

როგორ ელოდება სიკვდილმისჯილი საბედისწერო მომენტს, არაერთ ლიტერატარულ ნაწარმოებში თუ ფილმში აუსახავთ. თუმცა, ფილმი “ისინი დღეში ათასჯერ კვდებიან” ალბათ მაინც განსაკუთრებულად დამთრგუნველია - მსჯავრდებულების ასაკის გამო.

ჰოსეინ ტორანჯის 17 წლის ასაკში ჩადენილი დანაშაულისთვის მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა.

“მე, ჰოსეინ ტორანჯი, ჩემი ცხოვრების 8396 დღიდან 1825 დღე ვარ ციხეში. დამიჯერეთ, 1825-ჯერ ვარ სიკვდილით დასჯილი”, ამბობს ფილმში ჰოსეინი, რომელიც ირწმუნება, რომ მკვლელობა, რომლისთვისაც გაასამართლეს, შემთხვევით მოხდა, რომ ის თავს იცავდა. ჰოსეინი პატიებას თხოვს მოკლული მორთეზა მეჰრაბანის ოჯახს, პატიებას სთხოვს ყველა მოსამართლეს, საზოგადოებას და საკუთარ ოჯახს. “სიცოცხლე მინდა. ნუ მომკლავთ იმ ინციდენტის გამო. გთხოვთ, დამეხმარეთო”...

ირანის რთული სამართლებრივი სისტემით, პროკურორი, ან სხვა ორგანო სამოქალაქო სამართლის მიხედვით წყვეტს, მოხდა თუ არა დანაშაული. ამის შემდეგ უკვე სხვა იურიდიული ორგანო ადგენს განაჩენს სისხლის სამართლის ისლამური კოდექსის შესაბამისად. და თუ განაჩენი სიკვდილით დასჯაა, მსჯავრდებულის გადარჩენის ერთადერთ გზად რჩება პატიება: მას მსხვერპლის ოჯახმა უნდა მიუტევოს...

ჰოსეინს ბედმა გაუღიმა: მას მიუტევეს, ციხიდანაც გაუშვეს. მაგრამ 100-ზე მეტი არასრულწლოვანი დღემდე ელოდება სიკვდილს ისლამური რესპუბლიკის ციხეებში. ამ დროს, არასრულწლოვანებისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანით ირანი არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც თუნდაც ბავშვის უფლებათა კონვენციასთან მიერთებით აქვს ნაკისრი.

არსებობს გაეროს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც 18 წლამდე ასაკის ადამიანი ბავშვად ითვლება და არსებობს საერთაშორისო კონსენსუსი, რომ ბავშვს არ უნდა მიესაჯოს ზრდასრულის სასჯელი, რადგან მას არ შესწევს უნარი, სრულად გაიაზროს საკუთარი ქმედების შედეგები.

ამ ნორმების მიუხედავად, ირანში ხშირია არასრულწლოვანებისთვის სიკვდილის მისჯის შემთხვევები, რასაც განაჩენის სისრულეში მოსაყვანად 18 წლის ასაკამდე ლოდინი ახლავს: როგორც წეღან, ჰოსეინის სიტყვებში გაიჟღერა, სიკვდილმისჯილისთვის საზარელი პერიოდი...

სულ უფრო მეტი იურისტი, უფლებადამცველი, ხელოვანი მოითხოვს, შეიცვალოს კანონმდებლობა, რომელიც, მათი რწმენით, დიდ ზიანს აყენებს ირანის იმიჯს. ასე ფიქრობს, მაგალითად, ვიდეოფილმის “ისინი დღეში ათასჯერ კვდებიან” ერთ-ერთი პროდუსერი, 35 წლის ადვოკატი მოჰამად მოსტაფაეი. ის იმედოვნებს, რომ ფილმი ბევრს გააცნობიერებინებს პრობლემის სიმძიმეს: მათ თვალებს აუხელს, დაანახებს, როგორ იტანჯებიან ბავშვები სიკვდილის მოლოდინში.

“მათ ყოველ დღე გონიათ, რომ თავს ყულფში გაყოფენ... ყოველ ჯერზე, როცა ვინმე დაუძახებს მათთან პაემანზე მისულთან შესახვედრად ან კიდევ სხვა რამის გამო, გონიათ, რომ სიკვდილით დასასჯელად ეძახიან. ერთხელ სამი საათი ლოდინი მომიწია შირაზის ციხეში სამ მსჯავრდებულ ბავშვთან შესახვედრად. სასამართლოში მათი ინტერესების დაცვას ვაპირებდი. როცა ბოლოსდაბოლოს მოვიდნენ, ვკითხე, რატომ დაიგვიანეთ-მეთქი. მითხრეს, რომ ეგონათ, სიკვდილით დასასჯელად მიჰყავდათ”, იხსენებს მოსტაფაეი, რომელიც ამჟამად 20 არასრულწლოვანი დამნაშავის ინტერესებს იცავს. მისი კლიენტებიდან ორისთვის გამოტანილი განაჩენი იქნა სისრულეში მოყვანილი. ერთ-ერთი იყო ბეჰნამ ზარეჰი, რომელიც 2008 წელს ჩამოახრჩეს. ფილმი “ისინი დღეში ათასჯერ კვდებიან” მისი სიტყვებით იწყება - მისი თხოვნით, გადამარჩინეთო.

ბეჰნამ ზარეჰი 15 წლის იყო, როცა მკვლელობა ჩაიდინა. “ვინანიებ ჩემს დანაშაულს! გთხოვთ, გადამარჩინეთ. მინდა, ვიცოცხლო!” - ბეჰნამის ეს სიტყვები ვიდეოფილმის დასაწყისშივე გვესმის. მაგრამ მას ვერავინ უშველა: ბეჰნამ ზარეჰი ჩამოახრჩეს, თან ისე, რომ არ შეუტყობინებიათ მისი მშობლოებისა და ადვოკატისთვის.

იგივე მოხდა დელერა დარაბის შემთხვევაშიც, რომელიც 1 მაისს გამოასალმეს სიცოცხლეს. არადა, წესით, ორი თვით შეჩერებული იყო განაჩენის სისრულეში მოყვანა. ჩამოხრჩობამდე ცოტა ხნით ადრე გოგონამ დედასთან დარეკვა შეძლო, მას დახმარება სთხოვა. მშობლებმაც მაშინვე მიაშურეს ციხეს, მაგრამ შვილთან შეხვედრის უფლება არ მიეცათ. რამდენიმე საათში დელერა დარაბი ცოცხალი აღარ იყო.

მისმა ამბავმა თავზარი დასცა ყველას, ვინც არასრულწლოვანთა გადარჩენას ცდილობს. ახლა შიშობენ, რომ განაჩენები ნებისმიერ დროს შეიძლება იქნეს სისრულეში მოყვანილი. ეს საშინელი საფრთხე ემუქრება, მაგალითად, მოსტაფაეის ორ კლიენტს, ამირ ხალეღისა და საფარ ანგუტის. ორივე 18 წლისაა, ორივე 6 მაისს უნდა ჩამოეხრჩოთ, მაგრამ თარიღი, საბედნიეროდ, გადაიდო, რათა მათს ადვოკატს დრო მიეცეს მსხვერპლთა ოჯახების დასაყოლიებლად, მიუტევონ მსჯავრდებულებს.

ვიდეოფილმი ასახავს, როგორ სთხოვს მსხვერპლთა ოჯახებს ცნობილი ირანელი მსახიობი ეზატოლაი ენტეზამი, დაინდონ სასიკვდილოდ განწირულები:
“მოხდა უბედური შემთხვევა - ანუ ვიღაც იქნა მოკლული უბედური შემთვხევის შედეგად, ეს წინასწარი განზრახვით არ მომხდარა. არის მსხვერპლი. მაგრამ ახლა შეგვიძლია დავინახოთ, რას ვაკეთებთ. ვიცით, რომ ან შეგვიძლია გავცეთ განკარგულება ადამიანის მოსაკლავად, ან კიდევ უარი ვთქვათ ამაზე”.

ირანის კანონებით, მკვლელობის მსხვერპლის ოჯახს აქვს უფლება, ან განაჩენის სისრულეში მოყვანა მოითხოვოს, ან კიდევ მიუტევოს მკვლელს და ფინანსური კომპენსაცია მიიღოს. სტატისტიკა დამთრგუნველია: ადვოკატ მოსტაფაეის ინფორმაციით, მსხვერპლთა ოჯახების 3 პროცენტიც კი არ არის მზად, დაინდოს სიკვდილმისჯილთა სიცოცხლე.
XS
SM
MD
LG