Accessibility links

რაზე ისაუბრეს პრეზიდენტმა და საპარლამენტო ოპოზიცის ლიდერებმა?


გიორგი თარგამაძე, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი

გიორგი თარგამაძე, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ შენობაში პრეზიდენტი სააკაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებსაც შეხვდა, თუმცა, საპროტესტო მოძრაობის ორგანიზატორებისგან განსხვავებით, ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტთან ერთი, შეთანხმებული, მოთხოვნით არ მისულან. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსავალს კონსტიტუციის შეცვლაში ხედავს, ნაწილს კი გამოსავლად ვადამდელი არჩევნების ჩატარება მიაჩნია. პასუხად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა ოპოზიციასთან თანამშრომლობით მასშტაბური საკონსტიტუციო და ინსტიტუციონალური ცვლილებები განახორციელოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი შენობიდან გამოსულმა ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევამ ვეფხვაძემ, განაცხადა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრას რამე განსაკუთრებული ემოცია არ გამოუწვევია.

„რთულია ასეთი შეხვედრებით კმაყოფილება გამოხატო. კმაყოფილება ემოციის ნაწილია და, როცა პოლიტიკაზეა საუბარი, ემოციები არ უნდა ჭარბობდეს“, - განაცხადა ვეფხვაძემ, რომლის თქმითაც, არ გამართლდა ბევრის მოლოდინი, რომ სააკაშვილი თანამდებობას დატოვებდა, თუმცა ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ შეხვედრა, იმის გამო, რომ ხელისუფლება მზადაა კონსტიტუციაში ძირეული ცვლილებები შეიტანოს, უნაყოფო არ ყოფილა.

უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე ხელისუფლებასთან ერთად საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობის სურვილს პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციაც გამოთქვამდა. ამ მხრივ, პრეზიდენტთან მისული საპარლამენტო ოპოზიცია ორ პირობით ნაწილად შეიძლება დაიყოს. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ კრიზისის დაძლევის უმოკლესი გზა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასა და არჩევნების ჩატარებაზე გადის, მაშინ როცა მეორე ნაწილი და, მათ შორის, ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის შეცვლა გარკვეულ ხიფათს შეიცავს:

„ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. თუ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავალთ, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის პრეზიდენტი და რომელსაც აქვს პრეზიდენტობის ზღვრული ვადა დადგენილი, შეიძლება მოგვევლინოს პრემიერ-მინისტრად, რომელსაც აღარ ექნება ვადა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ასეთი ცვლილებები არის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული.“

ჯონდი ბაღათურიამ პრეზიდენტთან შეხვედრის წინ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს უნდა მისცეს საშუალება არჩევნების გზით შეცვალოს ხელისუფლება, ანუ დათანხმდეს ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე. პრეზიდენტთან შეხვედრის მნიშვნელობის კომენტირებისას მეტად მოზომილი იყო ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე, რომელიც მიესალმა ხელისუფლებასა და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყებას და იმედი გამოთქვა, რომ გადაიდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც ქვეყანას მძიმე ვითარებიდან გამოყვანის შესაძლებლობას მისცემს:

„ჩვენი წინადადებები არ არის ახალი და ისინი უკავშირდება სისტემურ ცვლილებებს, უკავშირდება არა ავადმყოფობის სიმპტომების მკურნალობას, არამედ მიზეზების განკურნებას. ძირი ამ ავადმყოფობისა არის არაჯანსაღი პოლიტიკური სისტემა... მოლაპარაკების შედეგად უნდა დავიწყოთ პროცესი, რომელიც ქვეყანას დაამსგავსებს ევროპული ყაიდის თანამედროვე სახელმწიფოს. ამას სჭირდება რთული, უფრო გრძელი გზის გავლა, მაგრამ ჯობია გრძელი გზა გავიაროთ და შინ მშვიდობით მივიდეთ.“

გიორგი თარგამაძის თქმით, ქრისტიან-დემოკრატები ხელისუფლებას სთავაზობენ კონსტიტუციის ცვლილების პროექტს, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს საქართველოს ტრანსფორმაცია საპარლამენტო რესპუბლიკად. გარდა ამისა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის დახვეწა, რათა საზოგადოებას დაუბრუნდეს პოლიტიკური პროცესისადმი ნდობა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ საპარლამენტო ოპოზიციისა და ხელისუფლების ძალისხმევას უნდობლობით ეკიდება არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომლის ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ბესელია, მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებულ მართულ ოპოზიციასთან შეხვედრა შეგნებულად დაამთხვია არასაპარლამენტო ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებას, რათა ინტერპრეტირების საშუალება მიეცეს და ავანტიურისტული მეთოდებით მართოს პროცესები.

საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის ითანამშრომლოს უკლებლივ ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ერთობლივი ძალისხმევით შეცვალონ როგორც საარჩევნო კოდექსი, ასევე კონსტიტუცია.

„პარიტეტულ საწყისებზე შევქმნათ საკონსტიტუციო კომისია, რომელიც შეიმუშავებს დაბალანსებულ საკონსტიტუციო მოდელს, სადაც იქნება ადგილი როგორც ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლებისთვის, ასევე ძლიერი პარლამენტისთვის, ასევე დამოუკიდებელი სასამართლოსთვის, სადაც საქართველოს მოქალაქეების უფლებები კარგად იქნება დაცული და თანამედროვე ევროპული ქვეყნის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მასთან გამართული შეხვედრის მონაწილე საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე კი ამბობს, რომ ხელისუფლება მზადაა სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც განახორციელოს. კერძოდ, საუბარია საარჩევნო კოდექსის შეცვლაზე, სასამართლო რეფორმაზე, მედიის თავისუფლებაზე.

„ამ კონკრეტულ საკითხებზე უნდა მივაწოდოთ გეგმა, ჩვენი ხედვა და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მიერ წამოჭრილ თემებს პერსპექტივა ექნებათ“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ქრისტიან-დემოკრატები იმედოვნებენ, რომ შეთავაზებას, რომელიც საკონსტიტუციო ჯგუფის შექმნასა და მის ხელმძღვანელად ოპოზიციის წარმომადგენლის დანიშვნას ითვალისწინებს, სხვა პარტიებიც მიიღებენ.
XS
SM
MD
LG