Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფორმალისტები და კრეატივისტები, ანუ რატომ არ არის ცვლილებების დრო საქართველოში


ხელისუფლება და ოპოზიცია, თითქოს, შეთანხმებული არიან, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეთა რაოდენობა კონფლიქტის განმუხტვისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ფაქტორი არ არის; ხელისუფლება აცხადებს, რომ პატივს სცემს მომიტინგეებს, თუნდაც მათი რიცხვი რამდენიმე ასეულს არ აღემატებოდეს. და მაინც, ოპოზიციონერები და მათი მხარდამჭერები მოსახლეობას ყოველდღე დაბეჯითებით მოუწოდებენ, საპროტესტო მიტინგს შეუერთდნენ. ვინ და რატომ დგას გარეთ და ვინ და რატომ რჩება სახლში?

დანამდვილებით არავინ იცის, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, 9 აპრილს ქუჩაში ათჯერ მეტი ხალხი რომ გამოსულიყო. ოღონდ, ის კი ნამდვილად ცნობილია, რომ მოპროტესტეების ამჟამინდელი რაოდენობა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან დათმობების ზღვარს საკმაოდ დაბალ თამასაზე აყენებს. ხელისუფლების წარმომადგენლები სიტყვით ამბობენ, აქციის მონაწილეებს არ ვითვლითო, მაგრამ საქმით ნამდვილად ჩანს, რომ ითვლიან. როდესაც საბოლოოდ გაირკვევა, რა დათმო პრეზიდენტმა, ეს ჩამონათვალი თავიდან ბოლომდე მომიტინგეების ღვაწლად უნდა შევაფასოთ; ხოლო ყველაფერი, რასაც მიხეილ სააკაშვილი შეინარჩუნებს, იმ ადამიანების დამსახურება იქნება, ვისაც საკუთარი თავი „ოპოზიციის ოპოზიციად“ მიაჩნია.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაირკვა, რომ თბილისში საკმაოდ ბევრ ადამიანს კატეგორიულად არ მოსწონს ოპოზიცია. ისინი არც პრეზიდენტის ღია მხარდამჭერები არიან, მაგრამ, როგორც თავად ამბობენ, ვერც რაიმე არსებით მიზეზს ხედავენ, რის გამოც მათთვის გამართლებული იქნებოდა საკონსტიტუციო ვადების დარღვევა. ამ კატეგორიის ადამიანები ხშირად სვამენ შეკითხვებს: „ვინ მოვა მიხეილ სააკაშვილის შემდეგ?“ „რითი სჯობია ბურჯანაძე მიშას?“ „საიდან ვიცით, რომ ალასანია მიშა 2 არ აღმოჩნდება?“ „რად გვინდა, ეკა ხერხეულიძე ეკა ბესელიამ ჩაანაცვლოს?“

რამდენადაც თბილისის მოსახლეობაში ცოტაა ადამიანი, რომელიც პირდაპირ დაიცავს მიხეილ სააკაშვილს და თამამად იტყვის, რომ ის კარგი პრეზიდენტია, იმდენად ბევრი აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ამჟამინდელი „ჭრელი“ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლას ისევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობას ამჯობინებს 2013 წლამდე. მოსახლეობის ეს ნაწილი პასიური მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს, სინამდვილეში, მათი სახლში ყოფნა მათივე აქტიური პოლიტიკური არჩევანია.

ფაქტობრივად, დღეს თბილისის მოსახლეობა იმის მიხედვით არის გაყოფილი, ვინ დადის და ვინ არ დადის საპროტესტო მიტინგებზე. იმ ადამიანებს შორისაც კი, ვინც ჯერ კიდევ 9 აპრილს პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვიდა, ბოლო ერთი თვის მანძილზე არაერთი გადაიქცა „ოპოზიციის ოპოზიციად“ და კონსტიტუციური ვადების დამცველად. თავის მხრივ, ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ან პერიოდულად მიტინგზე დგანან, საკუთარ გონებაში თხზავენ იმ საქართველოს, რომელიც თუნდაც ჭრელი ოპოზიციის პირობებში ჩამოყალიბდება სააკაშვილის წასვლის შემდეგ. მათთვის მთავარია, ძალადობრივი რეჟიმი დაემხოს და განვითარების პროცესი დაიძრას მრავალპარტიული პარლამენტის პირობებში. მათ სამომავლო ცვლილებების არ ეშინიათ, ეშინიათ მხოლოდ ამჟამინდელი პრეზიდენტის შენარჩუნების 2013 წლამდე.

ასე გაიყო საზოგადოება ფორმალისტებად და კრეატივისტებად. ფორმალისტები მყარად დადგნენ პრეზიდენტის ირგვლივ და თავი საპრეზიდენტო მმართველობის კონსტიტუციური ვადით შემოიზღუდეს. თავის მხრივ, კრეატივისტებმა მზერა პროცესის სიღრმეში გადაიტანეს და გამოთქვეს შიში, რომ ოთხი წლის განმავლობაში სააკაშვილი ისეთი შეცდომებს დაუშვებს, რომელთა გამოსწორება შეუძლებელი იქნება.

ერთი მხრივ, ხელისუფლებამ თავისი ქცევით აიძულა მისი ღია თუ ფარული მომხრეები, რომ მხარდაჭერა მთლიანად ფორმალურ ფაქტორზე დაეყვანათ და ეთქვათ – პრეზიდენტი ცუდია, მაგრამ ვადა უნდა დავამთავრებინოთო; მეორე მხრივ, ოპოზიციამ აიძულა თავისი მომხრეები, სააკაშვილის შემდგომი საქართველოს შინაარსი მთლიანად საკუთარ ფანტაზიებზე აეგოთ და ეთქვათ: კი არ ვიცით, ოპოზიცია რას აპირებს, მაგრამ რასაც უნდა აპირებდეს, ამიერიდან ჩვენ გავაკონტროლებთ და შეცდომებს აღარ დავაშვებინებთო.

ერთთვიანი დაძაბული პოლიტიკური პროცესის შედეგად, ფორმალისტები მაინც უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდნენ, ვიდრე კრეატივისტები. ცხადია, პირველების მხარეს კანონია, მეორეების მხარეს კი – განახლების წყურვილი; პირველები აქცენტს ფორმაზე აკეთებენ, მეორეები – შინაარსზე; პირველები არსებულის შენარჩუნებაზე არიან ორიენტირებულნი, მეორეები – ცვლილებებზე. და სანამ ფორმალისტები კრეატივისტებს რაოდენობით საკმაოდ ჯაბნიან, სავარაუდოდ, საქართველოში არც არაფერი შეიცვლება.
XS
SM
MD
LG