Accessibility links

logo-print

პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოს ეკონომიკას აზარალებს


საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „ფიჩმა“ საქართველოს „ბი პლუს“ რეიტინგი კლების მომლოდინეთა სიაში გადაიტანა.

სააგენტოს აზრით, მზარდი პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოს მიმართ ინვესტორების ნდობის შენარჩუნებას გაართულებს, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც რთულ ეკონომიკურ ვითარებას.

გასულ თვეში, უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე პირველად, ვერ შესრულდა საქართველოს ბიუჯეტის ერთი თვის მაჩვენებელი, რომელსაც ნახევარი მილიონი ლარი დააკლდა. კერძო კომპანიები კი აღნიშნავენ კლებას გაყიდვების და სხვა ბიზნესაქტივობისა, რომელიც ისედაც შემცირებული იყო რუსეთ–საქართველოს ომისა და მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის შედეგად.

დაუსრულებელი საპროტესტო აქციები რომ ბიზნესს და, საბოლოო ჯამში, რიგით მოქალაქეს აზარალებს, ეს აქციების დაწყებამდეც და მის შემდეგაც არაერთმა მეწარმემ განაცხადა, მათ შორის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრმა, ბიზნესმენმა გიორგი ისაკაძემ:

„ჩემდა სამწუხაროდ, მე მოვისმინე რამდენიმე უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც ოპოზიციამ ბიზნესის მისამართით გააკეთა. ბიზნესი არის ნეიტრალური, ჩვენ არ ვერევით პოლიტიკაში და გვინდა, რომ ყველას დავანახვოთ, თუ რა შედეგი მოჰყვება რადიკალურ მოქმედებებს.“

საერთაშორისო სავაჭრო პალატამ საპროტესტო აქციების დაწყებიდან უმალვე გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც ოპოზიციის ლიდერებს ის მოსალოდნელი შედეგები აუხსნა, რაც თან სდევს გაჭიანურებულ არასტაბილურობას. საქართველო ახლა უკვე ამ პოლიტიკური არასტაბილურობის შედეგებს იმკის.

ამ მიზეზით პოლიტიკური საპროტესტო მოძრაობის შეჩერების წინააღმდეგია ეკონომიკის ექსპერტი დავით ებრალიძე, თუმცა კი აღიარებს, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელიც საპროტესტო აქციებმა გამოიწვია, ეკონომიკას სერიოზულ ზიანს აყენებს:

„თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს და სხვას არაფერს არ ვიტყვით, მაშინ გამოდის, რომ არ უნდა მოხდეს ასეთი ტიპის პოლიტიკური დაპირისპირება. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ჩვენ ვიტყვით, რომ პოლიტიკური მმართველობის ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და დემოკრატიული უნდა გახდეს და უნდა განიმუხტოს სიტუაცია, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტ ეკონომიკურ ეფექტს მოგვცემს.“

პოლიტიკური აქციების გრძელვადიანი ეკონომიკური შედეგი რომ იმაზე უკეთესი იქნება, რასაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია, ამის მხოლოდ თეორიული არგუმენტები არსებობს.

ეკონომიკის ექსპერტის ნიკო მჭედლიშვილის აზრით კი, ხანგრძლივი პოლიტიკური დაძაბულობა ნებისმიერ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას იწვევს:

„საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ განაცხადა, რომ თუ კიდევ გაგრძელდება დაძაბულობა საქართველოში, მაშინ რეიტინგს დასწევს. ეს ნიშნავს, რომ თუკი რამე ფინანსური რესურსის მოზიდვა დასჭირდება საქართველოს ან ქართულ ბანკებს, ეს რესურსი კიდევ უფრო გაძვირდება ისედაც გაძვირებულ ფონზე.“

სარეიტინგო სააგენტოს მონაცემების გარდა, ინვესტორები თვალყურს ადევნებენ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც. არასტაბილური გარემო მათ უბიძგებს დროებით გადადონ ან შეაჩერონ კაპიტალდაბანდებები. ეს კი საწარმოებისა თუ მომსახურების სფეროს თანდათან შემცირებას და გაჩერებას იწვევს, ანუ რიგითი მოქალაქენი სამუშაო ადგილებს და შემოსავლის წყაროს კარგავენ.
XS
SM
MD
LG