Accessibility links

logo-print
მზიანი ღამე და თვითმკვლელობა

გრენლანდიაში თვითმკვლელობების რიცხვი ძალზე დიდია. შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს წლის მანძილზე სინათლის ინტენსივობის დიდი რყევა. თვითმკვლელობების საფრთხე პიკს აღწევს ზაფხულობით. რისკი განსაკუთრებით დიდია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილების მოსახლობაში - იქ, სადაც მზე თვეების მანძილზე საერთოდ არ ჩადის. როგორც ჩანს, მუდმივი სინათლე ჰორმონების წარმოებას არღვევს, რასაც უძილობა და გაღიზიანებისკენ განსაკუთრებული მიდრეკილება მოჰყვება, წერენ გამოკვლევის ავტორები ჟურნალ "BioMed Central Psychiatry"-ში.

„მართალია, სინათლე მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია თვითმკვლელობის კომპლექსურ ტრაგედიაში,“ ამბობს კარინ ბიორკვტენი სტოკჰოლმის კაროლინსკას ინსტიტუტიდან. „მაგრამ ჩვენი გამოკვლევა აჩვენებს, რომ ამ ორ მოვლენას შორის კავშირი არსებობს.“ აპრილის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე გრენლანდიის ჩრდილოეთში მზე საერთოდ აღარ ჩადის ჰორიზონტს მიღმა. ზამთრის პერიოდში კი პირიკით - ხანგრძლივი სიბნელე სუფევს. ეს ასუსტებს ადამიანის ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, რომლებიც დღის რიტმთან არის დაკავშირებული და შინაგანი საათის მიერ რეგულირდება.

ჩვეულებრივ დღისა და ღამის რიტმული მონაცვლეობა ხელს უწყობს გარემოსთან ორგანიზმის სინქრონიზაციას. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ როცა ღამით კვირების მანძილზე აღარ ბნელდება, ირღვევა სეროტონინისა და მელატონინის წარმოება, რაც სინათლეზეა დამოკიდებული. შედეგი შეიძლება იყოს ძილის მოშლა და გაღიზიანებისკენ მიდრეკილება.

მეცნიერებმა შეაფასეს თვითმკვლელობების სტატისტიკა 1968-დან 2002 წლამდე პერიოდში. 1351 შემთხვევიდან უმეტესობა ივნისში მოხდა. ძირითადად საქმე ეხებოდა ახალგაზრდა მამაკაცებს, რომელთა უმრავლესობას არ აწუხებდა დეპრესია. რაც შეეხება მკვლელობათა განხილულ 308 შემთხვევას, აქ ვერ დადგინდა წელიწადის დროსთან რაიმე კავშირი. ყველაზე მეტი თვითმკვლელობა მოხდა ქვეყნის იმ ნაწილებში, რომლებიც პოლარული წრის ჩრდილოეთით მდებარეობს. გრენლანდიის ჩრდილოეთში თვითმკვლელობათა 82% მოხდა წელიწადის იმ დროს, როცა საერთოდ არ ბნელდება. თვითმკვლელთა 95%-მა ცეცხსასროლი იარაღი გამოიყენა, თავი ჩამოიხრჩო ანდა დიდი სიმაღლიდან გადახტა. ყველა ამ შემთხვევაში მცირე იყო დეპრესიის როლი ძალზე.


როდის სწავლობენ ბავშვები დიალექტების გარჩევას?

სხვადასხვა დიალექტზე მოლაპარაკე ადამიანების მიერ წარმოთქმული ერთი და იგივე სიტყვა აბნევს პატარა ბავშვებს. მხოლოდ დაახლოებით წლინახევრის შემდეგ ხვდებიან ისინი, რომ ეს ერთი და იგივე სიტყვაა.

მოზრდილებს, როგორც წესი, არ უჭირთ იმის დადგენა, რომ, მიუხედავად სხვადასხვა დიალექტისა, საქმე ერთსა და იმავე ენას ეხება. წლინახევრის ასაკამდე კი ბავშვებს მხოლოდ იმ ჟღერადობით წარმოთქმული სიტყვის აღქმა შეუძლიათ, რომელსაც ისინი მიჩვეული არიან. როგორც ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, დაახლოებით 19 თვის ასაკიდან ახერხებენ ბავშვები იმის მიხვედრას, რომ საქმე გვაქვს სხვადასხვაგვარად წარმოთქმულ ერთსა და იმავე სიტყვასთან. ჟურნალ "Psychological Sciense"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ, მაგალითად, 15 თვის ბავშვი ამას ჯერ ვერ ახერხებს.

ექსპერიმენტში მონაწილე 15 და 19 თვის ამერიკელ ბავშვებს ასმენინებდნენ სხვადასხვა გამოთქმით წარმოთქმულ იოლ სიტყვებს. სიტყვებს ნაწილობრივ ამერიკული, ნაწილობრივ კი იამაიკური ინგლისურით კითხულობდნენ. დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის თანამშრომლის, კეტრინ ბესტის გუნდმა იმის მიხედვით, თუ რამდენად ყურადღებით უსმენდნენ ბავშვები, დაადგინა, რომელი გამოთქმა უფრო იოლად ესმოდათ მათ.

აღმოჩნდა, რომ 15 თვის ბავშვები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ იამაიკურად წარმოთქმულ სიტყვებს. როგორც ჩანს, ისინი მათ ვერ აკავშირებდნენ ამერიკულად წარმოთქმულ იმავე სიტყვებთან. სრულიად სხვა სურათი მოგვცა ცდამ სულ რაღაც ოთხი თვით უფროს ბავშვებთან. მართალია, ისინი უპირატესობას ამერიკულ დიალექტს ანიჭებდნენ, მაგრამ იამაიკურად წარმოთქმულ სიტყვებსაც ყურადღებით უსმენდნენ.
მეცნიერები ერთი სიტყვის სხვადასხვა დიალექტში ამოცნობის ამ უნარს "ფონოლოგიურ კონსტანტურობას" უწოდებენ.

ფონემა არის ენაში მნიშვნელობის განმასხვავებელი უმცირესი ერთეული. მაგრამ ისინი მოიცავს გამოთქმების მრავალრიცხოვან ვარიანტებს, რომლებიც არ არის მნიშვნელობის განმასხვავებელი. მაგარი "ლ" და რბილი "ლ", - როგორც, მაგალითად, სიტყვებში "ლომი" და "ლჲომი", - ორივე ერთ ფონემას - "ლ"-ს მიეკუთვნება და ამ სიტყვას მნიშვნელობას არ უცვლის. როგორც ჩანს, ბავშვი წლინახევრის ასაკში იწყებს ამის გააზრებას.
XS
SM
MD
LG